Accessibility links

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს პერსონაჟზე, დონ კიხოტზე. სერვანტესმა ეს გმირი ჩაიფიქრა, როგორც სათავგადასავლო და სარაინდო რომანების გმირების პაროდია, მაგრამ იმოდენა ალტრუიზმით, თავდადებითა და სიკეთით აღჭურვა, რომ ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის, „უბრალო გმირის“ ნაცვლად სულ სხვა არსების პორტრეტი გამოუვიდა. როდესაც კარგი მწერალი განადიდებს თავის პერსონაჟს, გამოსდის გმირი; როდესაც ძალიან კარგი მწერალი აღწერს იდეალურ პერსონაჟს, გამოსდის იდეალური გმირი; მაგრამ როდესაც ღმერთივით მწერალი სიყვარულით დასცინის თავის გმირს, გამოსდის მაცხოვრის პორტრეტი. დონ კიხოტიც დაცინვის ჯვარს აცვეს, მაგრამ მან იხტიბარი არ გაიტეხა, ბოლომდე უერთგულა არარსებულ დულსინეას, ბოლომდე დაიცვა სიკეთე და წიგნის ფურცლებიდან პირდაპირ ზეცაში აიჭრა. რატომ დასცინოდნენ დონ კიხოტს ისინიც კი, ვისაც იგი უყვარდა, რატომ სჯეროდა მისი სანჩო პანსას, რატომ მოკვდა ალონსო კიხანა კეთილი „არარაინდულად“, რატომ წარმოშვა დონ კიხოტმა დოსტოევსკის თავადი მიშკინიცა და კამიუს მერსოც, რატომ დაიწერა „დონ კიხოტის“ მეორე წიგნი, რომელშიც პირველი ტომის შეშლილი გმირი ნელ-ნელა დაბრძენდა და ღვთაებრივი ირონიით აღიჭურვა, რატომ გახდა „დონ კიხოტი“ კაცობრიობის მარადიული თანამგზავრი – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG