Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიუდმილა ალექსეევა: 68-ის დასაწყისში დავკარგე შიშის გრძნობა


მშვიდობის დარგში ნობელის პრემია 2018 წელს წილად ხვდა ორ უფლებადამცველს: ექიმ დენის მუკუეგეს და იეზიდ აქტივისტ ნადია მურადს - 10 დეკემბერს ოსლოში გამართულ ცერემონიაზე გადასცეს პრესტიჟული ჯილდო. სიმბოლურია, რომ სწორედ იმ დღეებში რუსეთში ეთხოვებოდნენ ლიუდმილა ალექსეევას. ცნობილი რუსი უფლებადამცველი და დისიდენტი 8 დეკემბერს გარდაიცვალა 91 წლის ასაკში. მისი ოცნება იყო მოსწრებოდა რუსეთის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, რასაც ერთ-ერთ ინტერვიუში "ბებია ლიუდას" წინასწარმეტყველება უწოდა.

ლიუდმილა ალექსეევა: 68-ის დასაწყისში დავკარგე შიშის გრძნობა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:17 0:00

რადიო თავისუფლების თანამშრომელი

„მე მართლაც ვიმუშავე მასთან 10 წელი და ეს იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი წლები. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ლიუდმილა მიხაილოვნა ალექსეევასთან მუშაობა იყო ბედნიერება, არამედ იმიტომაც, რომ ეს დაემთხვა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გაფურჩქვნის პერიოდს. ეს იყო 1990-იანების შუა და ბოლო წლები და სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში იზრდებოდა“.

ირინა ლაგუნინა, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის რედაქტორი, იხსენებს იმ დროს, როდესაც ლიუდმილა ალექსეევას ჩვენს რადიოში გადაცემათა ციკლი მიჰყავდა. მანამდე მას წამყვანის ამპლუაში მუშაობა პირველად მოუხდა ემიგრაციაში წასვლიდან მალევე, 1970-იანი წლების ბოლოს.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანადამფუძნებელი ლიუდმილა ალექსეევა ემიგრაციაში ყოფნის დროს ამზადებდა გადაცემათა ციკლს საბჭოთა ციხეებში მყოფ, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ დისიდენტებსა და ჰელსინკის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე. 1975 წლის ზაფხულში ფინეთის დედაქალაქში ხელმოწერილი ხელშეკრულების 10 დებულებიდან ნაწილი ხელმომწერებს, მათ შორის საბჭოთა კავშირს, ავალდებულებდა საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას.

ალექსეევას კრედო

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი უფლებადამცელი უწოდა ლიუდმილა ალექსეევას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. რუსეთში ვეტერან აქტივისტთან გამოსათხოვარ სამგლოვიარო ღონისძიებებში 11 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო უამრავმა ადამიანმა. მათ შორის იყვნენ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები. მოსკოვის ჟურნალისტის სახლში მივიდა რუსეთის პრეზიდენტიც. მან შენობა უსიტყვოდ დატოვა.

მსოფლიოში ფართო რეზონანსი მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების უარს უფლებადამცველ ლევ პონომარიოვის თხოვნაზე, 11 დეკემბერს მცირე ხნით გაეშვათ საპატიმროდან თანამებრძოლ ლიუდმილა ალექსეევასთან გამოსათხოვებლად. სხვათა შორის, ალექსეევა მრავალი წელი რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრი იყო ადამიანის უფლებათა საკითხში.

ირინა ლაგუნინა
ირინა ლაგუნინა

„მას თავის ამოცანად მიაჩნდა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა ბერკეტი ხალხის დასახმარებლად. და მიაჩნდა, რომ ვიდრე ხელისუფლებასთან საუბარს აზრი აქვს, უნდა ელაპარაკო მას. ეს იყო მისი კრედო“, - ამბობს ირინა ლაგუნინა. - „მაგრამ როდესაც ხელისუფლება კანონს არღვევდა, როდესაც, მაგალითად, არჩევნების შედეგები გაყალბდა, ლიუდმილა მიხიალოვნა, უკვე 80 წლისა, გამოდიოდა დემონსტრაციებზე, აპროტესტებდა, რისთვისაც აპატიმრებდნენ კიდეც... ერთი სიტყვით, ის იყო აბსოლუტურად გაბედული და მტკიცე უფლებადამცველი“.

თუმცა თავის გაბედულებას ლიუდმილა ალექსეევა განსაკუთრებით არასოდეს უსვამდა ხაზს. პირიქით, შეეძლო ეხუმრა კიდეც საკუთარ თავზე - გაეხსენებინა, როგორ ეშინოდა დაკითხვაზე დაბარების:

“პირველად რომ მოვხვდი დაკითხვაზე 1967 წელს, შიშისგან მაკანკალებდა. მერე მივხვდი, რომ როცა შეკითხვებს გისვამენ, ძნელი არაფერია: ნუ გაამხელ, თუ გამხელა არ გინდა. მორჩა. და პირველი დაკითხვის შემდეგ აბსოლუტურად დავმშვიდდი, შიში მომეხსნა. ეს საკმაოდ მალე მოხდა - სადღაც 1967-68 წლებში, 68-ის დასაწყისში დავკარგე შიშის გრძნობა. მას მერე არ მეშინია” (იცინის).

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG