Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ლუგარის ლაბორატორიის ბაზებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად კიბერთავდასხმა განხორციელდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ, რომლის შედეგადაც თავდამსხმელებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შსს-ის განცხადებით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.

“კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით."

შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG