Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუც ბახმანი: ისლამისათვის გერმანიაში ადგილი არ არის


"პეგიდას" აქცია დრეზდენში. 2016 წლის 3 ოქტომბერი
"პეგიდას" აქცია დრეზდენში. 2016 წლის 3 ოქტომბერი

გერმანიაში, ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ სმენია "პეგიდას" არსებობის შესახებ. „პატრიოტი ევროპელები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ“ - “პეგიდა” - დრეზდენში დაარსდა და აქვე რეგულარულად მართავს აქციებს. ჩვენ მის ლიდერს, ლუც ბახმანს, შევეკითხეთ, თუ რა არის „პეგიდას“ მთავარი მიზანი.

ლუც ბახმანი: ჩვენს მთავარ ამოცანას ძირითადად წარმოადგენს ბრძოლა დასავლეთის ქვეყნების ისლამიზაციის წინააღმდეგ, რადგან ისლამი ვრცელდება ყველგან და ეუფლება ეკლესიებს, რომლებიც შემდეგ მეჩეთებად იქცევიან. უამრავი ხალხი დადის „ბურკებით“, რაც, ჩემი აზრით, საშინელებაა, როცა ქალი ატარებს ამ შავ, უცნაურ რაღაცას, რადგან გერმანია ფერადი ქვეყანაა.

ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს, რადგან რუსეთი ჩვენი მეგობარია. სწორედ რუსებმა გააძევეს ნაციონალ-სოციალიზმი, ნაცისტები. გააძევეს ისინი, რუსეთმა გაიმარჯვა და გერმანია კვლავ გახდა თავისუფალი ქვეყანა. ამიტომაც გვიყვარს რუსეთი...
ლუც ბახმანი

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ კანცლერი მერკელი ამბობს, რომ მუსლიმები ასევე არიან გერმანიის ნაწილი, ევროპის კულტურის ნაწილი. თქვენ მას არ ეთანხმებით?

ლუც ბახმანი: ვეთანხმები იმაში, რომ მუსლიმები არიან გერმანიის ნაწილი, მაგრამ არა ისლამი. არიან მუსლიმები, რომლებიც კარგად არიან ინტეგრირებულნი, ისინი საზოგადოებისათვის კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ისლამისთვის, საბოლოო ჯამში, გერმანიაში ადგილი არ არის.

კობა ლიკლიკაძე: რას ეტყოდით თქვენს კრიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ "თქვენ კი არ იცავთ ევროპის კულტურას, არამედ, გარკვეულად, ძირის უთხრით მას?“

ლუც ბახმანი: ო, არა, მე ძირს არ ვუთხრი, ჩვენ მას ვიცავთ, ვიცავთ ჩვენს ძველ კულტურას. გვსურს, რომ სკოლის სახელმძღვანელოებში ისწავლებოდეს, როგორც ძველ დროში... თავიდან დავიწყებ... ძალიან ბევრ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს ისლამზე. ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, თუ რა არის ისლამი, თუ რა წერია ამ სურებში, ყურანში, რომელიც მოუწოდებს კაფირების დახოცვისკენ - კაფირები ჩვენ ვართ, ე. წ. ურწმუნოები. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისლამი მშვიდობის რელიგიაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს უკვე მთელ ევროპას ეხება: ბობოქრობს სამხრეთი საფრანგეთი, ბობოქრობს შვედეთი. და ეს ყველაფერი უკავშირდება მიგრანტებისა და ისლამის პრობლემას, რელიგიას.

კობა ლიკლიკაძე: ევროპაში რამდენიმე პოლიტიკოსი, მათ შორის ბატონი ორბანი და ბატონი პუტინი აცხადებენ, რომ ისინიც ევროპულ, ქრისტიანულ კულტურას იცავენ. თქვენ გაქვთ პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან?

მიგრანტების მოწინააღმდეგეთა აქცია პრაღაში. 2016 წლის 6 თებერვალი
მიგრანტების მოწინააღმდეგეთა აქცია პრაღაში. 2016 წლის 6 თებერვალი

ლუც ბახმანი: არა, არ მაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ მქონდეს - ვისურვებდი, რომ დამიკავშირდეს, რადგან ის არის ერთ-ერთი უძლიერესი პიროვნება, რომელსაც მკაფიო პოზიცია აქვს, პირდაპირ ამბობს, რომ მუსლიმები ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ მათ ასევე უნდა მოახდინონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. თუ ამას არ გააკეთებენ, უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება: მათი ინტეგრაცია, უფრო ზუსტად, მათი ასიმილაცია ჩვენს კულტურაში.

კობა ლიკლიკაძე: „პეგიდას“ ჰყავს თავისი მომხრეები რუსეთში? რადგან ვხედავთ, რომ რუსეთის დროშებიც ფრიალებენ თქვენს დემონსტრაციაზე.

ლუც ბახმანი: რა თქმა უნდა! ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს, რადგან რუსეთი ჩვენი მეგობარია. სწორედ რუსებმა გააძევეს ნაციონალ-სოციალიზმი, ნაცისტები. გააძევეს ისინი, რუსეთმა გაიმარჯვა და გერმანია კვლავ გახდა თავისუფალი ქვეყანა. ამიტომაც გვიყვარს რუსეთი.

კობა ლიკლიკაძე: ბატონო ბახმან, თქვენს მომხრეებს არ უყვართ მედია. მას თქვენც აკრიტიკებთ. რატომ? ჟურნალისტების ნაწილს უკვე ეშინია აქ ყოფნის.

რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია სამომავლოდ და შემოთავაზებებიც მივიღე რამდენიმე მხრიდან. მათ შორის არის შემოთავაზება, მონაწილეობა მივიღო ევროპარლამენტის მომავალი წლის არჩევნებში. მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ და გადაწყვეტილება არ მიმიღია...
ლუც ბახმანი

ლუც ბახმანი: იმიტომ, რომ ბევრს იტყუებიან და არ ამბობენ სიმართლეს. ამიტომაა აქ შეძახილები „ლიუგენპრესსე“, რაც ითარგმნება, როგორც „მატყუარა პრესა“. მე მათ „პრესტიტუტებს“ ვუწოდებ. მედიასაშუალებები იმდენად მჭიდროდ არიან დაკავშირებული მთავრობასთან, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ამბობენ მხოლოდ იმას, რაც მთავრობისთვისაა ხელსაყრელი - არ ეუბნებიან ხალხს სიმართლეს. მაგალითად, გუშინ კვლავ იყო გაუპატიურების შემთხვევა - ისევ ლტოლვილმა გააუპატიურა ქალი აქ, დრეზდენში. დღეს ისევ იყო დანებით თავდასხმა - ორი თავდასხმა: ერთი ქალი დაიღუპა, ერთი მამაკაცი მძიმედ არის დაჭრილი. მედია კი ამაზე არ ლაპარაკობს. უბრალოდ, ჩქმალავს ასეთ ამბებს“.

კობა ლიკლიკაძე: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ამბობთ, რომ არა ხართ პოლიტიკური ორგანიზაცია. გაქვთ თუ არა პოლიტიკური ამბიციები სამომავლოდ, გერმანიაში პოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად?

ლუც ბახმანი: რა თქმა უნდა, მაქვს გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია სამომავლოდ და შემოთავაზებებიც მივიღე რამდენიმე მხრიდან. მათ შორის არის შემოთავაზება, მონაწილეობა მივიღო ევროპარლამენტის მომავალი წლის არჩევნებში. მაგრამ ჯერ კიდევ ვფიქრობ და გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგან... მე ვარ ქუჩის პოლიტიკოსი, კაცი, რომელიც ამ ხალხის შუაგულში დგას. ჩემი ადგილი სახალხო მოძრაობაშია და არა პარტიაში, რადგან ყველა პარტია, მთლიანობაში, კორუმპირებულად მიმაჩნია, რადგან პარტია არის გარკვეული სტრუქტურა.... “

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ დადის ხმები, რომ მხარს უჭერთ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისათვის“

ლუც ბახმანი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ, თუმცა არ მსურს ვიყო მისი წევრი. ამჟამად ეს პარტია არის ჩვენთვის ერთადერთი ალტერნატივა! მერკელის პარტია ... უკვე აღარ შეიძლება აირჩიო, რადგან ის არის პასუხისმგებელი - მემარცხენეებთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად - ყველა იმ საზიზღრობაზე, რაც ხდება აქ და მთელ ევროპაში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG