Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ოთინაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ცხინვალის იზოლატორში მყოფი სავარაუდოდ ნაცემია


საოკუპაციო გამყოფი ხაზი
საოკუპაციო გამყოფი ხაზი

5 დღის წინ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაკავებული მაია ოთინაშვილის დედა, გალინა ქელეხსაევა აცხადებს, რომ მისი შვილი ნაცემია და ამის გამო ცხინვალის იზოლატორში დაკავებულის ნახვის საშუალებას არავის აძლევენ. გალინა ქელეხსაევა საერთაშორისო ორგანიზაციებს და წითელ ჯვარს დახმარებას სთხოვს. დაკავებულის დედა ვარაუდობს, რომ მაიას გათავისუფლება სწორედ იმის გამო ჭიანურდება, რომ მასზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი წაიშალოს.

„ეტყობა აქ რომ ეწინააღმდეგებოდა, სცემეს და იმიტომ წელავენ მის გათავისუფლებას, თორემ მეორე, მესამე დღეს უშვებენ ხოლმე. არავის აჩვენებენ იზოლატორში, არავის უნახია. ჩვენი ნათესავებიც მივიდნენ, მაგრამ საერთოდ არავინ შეუშვეს იზოლატორში. ჯერ აქვე ეჭიდავებოდა, რომ არ წაეყვანათ და ჩექმებით სცემდნენ. ჩემი ინფორმაციით, იქაც [ცხინვალში] მაგრად სცემეს. იქნებ, ფეხზე დადგეს “წითელი ჯვარი” და მითხრან, ჩემი შვილი რა მდგომარეობაშია“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავებულის დედამ გალინა ქელეხსაევამ. რადიო თავისუფლებას დაკავებულის მიმართ ფიზიკური ზემოქმედების ფაქტს სხვა წყაროებიც ადასტურებენ.

მთელი პროცედურაა გასავლელი, რომ შესვლის უფლება მოვიპოვოთ. პროცესში ჩართული ვართ, ვაცნობეთ ცხინვალს, მაგრამ ჯერჯერობით პროგრესი არ არის...
მაია ქარდავა

რადიო თავისუფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაუკავშირდა, ორგანიზაციის წარმომადგენელი მაია ქარდავა აცხადებს, რომ დაკავებულის ოჯახიდან მიიღეს ინფორმაცია და შესაბამისად, აცნობეს კოლეგებს, რომლებიც ცხინვალში მუშაობენ, მაგრამ იზოლატორში ვიზიტი ჯერ არ განხორციელებულა.

„ჩვენ რა შეგვიძლია ამ შემთხვევაში გავაკეთოთ? თუ ვიზიტი შედგება [იზოლატორში] ოჯახური კავშირების აღდგენის პროგრამით, შეეძლება მოწეროს ბარათი ოჯახის წევრებს. ეს არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ. მთელი პროცედურაა გასავლელი, რომ შესვლის უფლება მოვიპოვოთ. პროცესში ჩართული ვართ, ვაცნობეთ ცხინვალს, მაგრამ ჯერჯერობით პროგრესი არ არის“, - განაცხადა მაია ქარდავამ.

მაია ოთინაშვილის დაკავების დეტალების შესახებ ოჯახის წევრები და თანასოფლელები რადიო თავისუფლებას უყვებიან. მაია ოთინაშვილი მეუღლესთან ერთად საკუთარ ნაკვეთში იმყოფებოდა, სადაც კაკალი უნდა დაებერტყათ. მოულოდნელად იქვე არსებული ფარდულიდან შეიარაღებული პირები გამოვიდნენ და ქალს ღობეზე გადათრევა დაუწყეს. მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ოთინაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს წინააღმდეგობას უწევდა. საბოლოოდ, იგი მავთულხლართებზე გადაათრიეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ცნობით, ოთინაშვილს ბრალი ედება ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და ამ „საზღვარზე“ მოქალაქეების წინ და უკან გადაყვანაში. ოსური მედიის ცნობით, ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ არა ორთვიანი, არამედ ათდღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.

„ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ ათდღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს სუსში.

2 ოქტომბრის საღამოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ხურვალეთში დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ ბოლო ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო. ციხელაშვილის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს დილით მაია ოთინაშვილის დაკავების ფაქტს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება სწრაფად მოხდეს.

დაკავებულის დედის და რადიო თავისუფლების წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე სახალხო დამცველიც ადასტურებს. ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა: ”საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არცერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს“, - წერს ნინო ლომჯარია.

დაკავებულის ოჯახი საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს ხელისუფლების სასწრაფო რეაქციას ითხოვს.

ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. 2 ოქტომბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „ლენინგორის სასამართლომ“ ოთინაშვილს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ამავე კომიტეტის მტკიცებით, მაია ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა „სამხრეთ ოსეთის“ და საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ყველა ბერკეტია ამოქმედებული უკანონო პატიმრობიდან მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG