Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკეევკა - ახალი წლის აფეთქება 00:01 საათზე - მოსკოვი განტევების ვაცს ეძებს


პროფტექნიკური სასწავლებლის შენობის ნანგრევები დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მეკეევკაში. აფეთქება მოხდა 2023 წლის 1 იანვარს, ღამით. რუსეთის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ის სისტემის რაკეტები ისროლეს.
პროფტექნიკური სასწავლებლის შენობის ნანგრევები დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მეკეევკაში. აფეთქება მოხდა 2023 წლის 1 იანვარს, ღამით. რუსეთის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ის სისტემის რაკეტები ისროლეს.

რუსეთში ჯერ ისევ თავზარდაცემული არიან, დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში, ახალი წლის ღამით მომხდარი მძლავრი აფეთქების გამო, რომელსაც უკრაინული მხარის ინფორმაციით, 400 რუსი სამხედროს სიკვდილი მოჰყვა. მოსკოვი 63 ჯარისკაცის სიკვდილს ადასტურებს. 

ყველაზე სისხლიანი ინციდენტი

დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის, დანილ ბეზსონოვის ინფორმაციით, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებულ ქალაქ მაკეევკაში, 19-ე პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა 1 იანვარს, 00:01 წუთზე აფეთქდა.

მოსკოვიდან დამნაშავეების მოძებნისა და დასჯის მოწოდებები ისმის. შესამჩნევია გადაბრალებაც. დამნაშავეებს ეძებენ კიევში, ნატოში, დონეცკელი სეპარატისტების ე.წ. ხელისუფლებაში და თავად დაღუპულებს შორისაც.

სააგენტო "როიტერსის" შეფასებით, პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში მომხდარი აფეთქება, „ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ინციდენტია რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის მანძილზე“.

რა ვიცით აფეთქების შესახებ?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინამ ქალაქ მაკეევკას დაარტყა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ის 6 რაკეტით.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ, გადაუმოწმებელ ვიდეომასალებში ჩანს, რომ აფეთქების დროს, ადგილობრივები თითქოს უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის საახალწლო გამოსვლას, როცა რაკეტები ახლო ტერიტორიაზე ცვივა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს მობილური ტელეფონი სახალწლოდ გაწყობილ მაგიდაზე და მის ეკრანზე პუტინი ლაპარაკობს. დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლება და ადგილობრვები იუწყებიან, რომ აფეთქება ახალი წლის პირველ წუთზე მოხდა.

დაღუპულები, დაჭრილები

დაღუპულების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. საომარ ვითარებაში ამ ინფორმაციის დაზუსტება უჭირს დამოუკიდებელ მედიას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, თითქმის 40-საათიანი დაგვიანებით, 2 იანვარს განაცხადა, რომ დაიღუპა 63 ადამიანი; დონეცკის უკანონო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა „როიტერსს“ უთხრა, რომ დაიღუპა ათობით ადამიანი.

გავრცელებულ მონაცემებში ეჭვი შეიტანეს თავად რუსეთის მოქალაქეებმა. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ოფიციალური მონცემები მინიმუმ ორზე უნდა გამრავლდეს.

საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის ცხადია, რომ რუსეთი ძირითადად მალავს რეალურ დანაკარგებს და მაგალითად, აპრილში, კრეისერ „მოსკვას“ განადგურებისას, დაღუპულად მხოლოდ ერთი ადამიანი გამოცხადდა.

უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის მიერ მობილიზებული 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ. მსგავსია ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც.

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, ФСБ-ის ყოფილი ოფიცერი, იგორ სტრელკოვი (გირკინი) თავის ტელეგრამარხზე წერს, რომ დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი „რამდენიმე ასეულია“. მისი ინფორმაციით, შენობაში ინახებოდა საბრძოლო მასალები, რამაც უფრო მძლავრი აფეთქება გამოიწვია.

„ვაგნერის“ დაქირავებულ დაჯგუფებასთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი Grey Zone აცხადებს, რომ პროფტექნიკური სასწავლებლის კომპლექსში დაახლოებით 500 ადამიანი იყო შესახლებული. სხვა ინფორმაციით - 600. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში შენობა მთლიანად დანგრეულია.

რუსეთის სამარის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულებს შორის ბევრი ადგილობრივი იყო. BBC იტყობინება, რომ სამარაში დაწყებულია დაღუპული სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, თუმცა ჯერჯერობით სიები არ გამოქვეყნებულა. სასწრაფოდ გროვდება ნივთები იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც აფეთქებას გადაურჩნენ.

მოსკოვი დამნაშავის ძიებაში

რუსეთში აქტიურად ეძებენ დამნაშავეებს, სააგენტო „ტასი“ დონეცკის უკანონო ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინულმა ძალებმა სამიზნის მიგნება რუსი სამხედროების მობილური ტელეფონების დახმარებით შეძლეს. ამ ბრალდებამ რუსი ბლოგერების ერთი ნაწილის დიდი აღშფოთება გამოწვია.

რუსეთში კარგად ცნობილი და პოპულარული სამხედრო კორესპონდენტი, ვლადლენ ტატარსკი, 2 იანვარს ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ დიდი უსამართლობაა მომხდარის გამო ბრალის დაღუპულებზე გადატანა.

„თუკი მიზეზად ტელეფონებს თვლით, რატომ აღმოაჩნდა ეს ტელეფონები პირად შემადგენლობას? რატომ მანამდე არაფერი გააკეთეთ, ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა... რა, თქვენ არ იცოდით, რომ ჯარისკაცები მობილურ ტელეფონებს იყენებენ?! არ გაქვთ თვალები?! არ გყავთ ინფორმატორები?! ზაფხულში მაკეევკაში ანალოგიური ტრაგედია მოხდა და მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. ახლა 2023 წლის იანვარია. რაზე ლაპარაკობს ეს? იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც სამხრეებს ატარებენ და რომლებსაც სახელმწიფო ფულს უხდის, ან კრეტინები არიან ან გამყიდველები“, - ამბობს ტატარსკი. ის მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას და თვლის, რომ ახლა სისტემური რეფორმების დროა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, მაკეევკაში მომხდარის გამო, დანაშაული თავად მობილიზებულებს დააკისრეს. თურმე ისინი ტელეფონების ჩართვის გამო შეამჩნიეს“, - წერს „ვაგნერელებთან“ დაახლოებული Grey Zone და ყველაფერს მეთაურებს აბრალებს, რომლებმაც რუსი სამხედროების ეს ნაწილი საარტილერიო ცეცხლისგან დაუცველ შენობაში შეასახლა.

იგორ სტრელკოვის თქმით, ყველაფერში დამნაშავე „მოუმზადებელი რუსი გენერლები“ არიან.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, რადგან, უკრაინელი სამხედროების დამანგრეველი დარტყმის გამო, რუსეთში მწვავედ აკრიტიკებენ სწორედ სამხედრო ხელმძღვანელობას, თავდაცვის სამინისტრო ცდილობს ბრალი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურებს დააკისროს, ვითომდა უსაფრთხოების ზომების ცუდად დაცვის მიზეზით. ისინი კი, თითს სამხედროებისკენ იშვერენ.

ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვიტალი კისილიოვმა დაადასტურა, რომ სამხედრო სარდლობა მოითხოვს კრემლის მიერ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურად დანიშნული დენის პუშილინის გადადგომას.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი დამნაშავეებს, დონეცკის პრორუსული ხელისუფლების გარდა, ნატოსა და უკრაინის ლიდერებს შორისაც ეძებს.

"დროა, დაიძაბონ ჩვენი სტრუქტურები, რათა გვარების მიხედვით გაირკვეს, ვინ აგებს პასუხს, კიევში მყოფი მეთაურებიდან შემსრულებლებამდე. ასევე მნიშვნელოვანია, ვინ დაგეგმა და შეათანხმა ნატოში, ჩვენი სამშობლოს დამცველების მკვლელობის ეს საზარელი აქტი“, - წერს სენატორი კარასინი თავის ტელეგრამარხზე და მის განცხადებას, მათ შორის - „ტასიც“ ავრცელებს.

კრემლის მიმართ ლოიალური პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა, დუმის დეპუტატმა სერგეი მირონოვმა მოითხოვა გამოძიების ჩატარება იმის გასარკვევად, ხომ არ იდგა ამ აფეთქების უკან „ღალატი ან დანაშაულებრივი გულგრილობა“. ის მოითხოვს, რომ დამნაშავე პირები სასწრაფოდ დაისაჯონ. გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ რუსი სამხედრო კორესპონდენტებიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG