Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა დირექტორმა. დევნის მსხვერპლი გავხდით პროფკავშირის წევრობის ნიშნით, კრიტიკული აზრის ნიშნით"


„ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადარჩენას და გვენანება ამ შანსის დაკარგვა. გვენანება, რომ, რა პროგრესსაც ამ დროის განმავლობაში მივაღწიეთ, გვეკარგება“, - ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში მალხაზ რეხვიაშვილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელი, გადაცემა "ჰეშთეგი"-ს ყოფილი წამყვანი. ის ორი დღის წინ თანამშრომლის მხარდამჭერი ფეისბუკ-პოსტის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან.

„რაც შეგვეხება იმ თანამშრომლებს, რომლების მიმართაც, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა დირექტორმა და დევნის მსხვერპლი გავხდით პროფკავშირის წევრობის ნიშნით, კრიტიკული აზრის ნიშნით, საზოგადოებრივი საქმიანობის ნიშნით.

ჩვენს საქმეებს სასამართლოში წავიღებთ როგორც შრომით დავას (ჩემი საქმეა დარჩენილი, პრინციპში), ასევე წავალთ პროკურატურის გზით, რადგან ვცდილობ ყოველთვის ავხსნა, რომ მთავარი, რის გამოც გიორგი კოხრეიძე ამას ბედავს, არის დაუსჯელობის სინდრომი. მან ძალიან კარგად იცის, რომ არის ხელისუფლების პაიკი. უბრალოდ, მას აქვს გამოცდილება, რომ სხვა პაიკები გადარჩნენ, ისინი არ დასჯილან და ხელისუფლებამ შეძლო მათთვის ხელი დაეფარებინა. არ დასჯილა ვასიკო მაღლაფერიძე იმისთვის, რაც პირველ არხზე გააკეთა, არ დასჯილან ადამიანები, რომლებმაც „რუსთავი2“ წაართვეს ეროსის, არ დასჯილა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შევარდა „იმედის“ ტელევიზიაში.

გიორგი კოხრეიძეს აქვს ეს განცდა, რომ თუ არავინ დასჯილა, არ დავისჯები მეცო. ჩვენი ბრძოლის მიზანია, რომ სადღაც წერტილი დავსვათ და ვიღაცებს გავაგებინოთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ბიძინა ივანიშვილს ამ საქმეზე არავინ დაიჭერს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეცედენტი შეიქმნას და შემსრულებელი მაინც დაისაჯოს.

შევიკრიბეთ ადამიანები, ვისაც ერთმანეთის იმედი გვაქვს. ჩვენს გვერდით არის ორგანიზაცია EMC, რომელიც იურიდიულ დახმარება გვიწევს, რომლის იმედიც გვაქვს, სრულად ვენდობით და ევროსასამართლომდე მივყვებით ამ საქმეს.

გვაქვს რწმენა, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შედგეს. მზად ვართ, რომ ჩვენი ცხოვრების რაღაც ნაწილი მივუძღვნათ ამ იდეას. ეს პირველ რიგში არის ჩვენს საკუთარ თავთან ვალდებულება და ჩვენს მეგობრებთან, თანაქალაქელებთან, მომავალ თაობასთან, რომ, თუ მაუწყებელს დავახვედრებთ, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი. თუ არ გამოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის აშენება, რაში ვაძლევთ 11 მილიონს? გვჯერა, რომ არ არის ეს განუხორციელებელი იდეა“.

მალხაზ რეხვიაშვილი ლაპარაკობს იმის შესახებ, რა ტიპის დაპირისპირებაა ახლა და რა ინტერესებია ჩართული პროცესში, რომელმაც ერთი იდეის გარშემო გააერთიანა ადამიანები:

„ჩვენც - პროფკავშირმა უამრავი შეცდომა დავუშვით ამ ბრძოლაში და რაღაცები ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც ვისურვებდი. როცა ეს ბრძოლა მორჩება, უამრავ ადამიანთან ბოდიშიც გვექნება მოსახდელი, რადგან ვიღაცების რაღაც საჭიროებები ვერ გავითვალისწინეთ. უამრავი შეცდომა დაუშვა ნათია კაპანნაძემაც, მაგალითად, როცა ის დირექტორი იყო. უამრავი შეცდომა დაუშვა ნათია ზოიძემაც, როცა ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მაგრამ, არის შეცდომები და არის მიზანმიმართული ბოროტება, რომელსაც ახლა სჩადის არხის მენეჯმენტი.

სუს-ის ხელწერაა, რომ ნებისმიერ აქციასთან გამოიყვანოს კონტრაქცია და შექმნას მეორე, მოდელირებული ალტერნატივა, რომელსაც აძლევს არსებობის ლეგიტიმაციას. მაგალითად, თუ ვიღაც დგას და აპროტესტებს იმას, რომ კლუბებში ახალგაზრდებს არ უნდა შეუვარდე და არ უნდა ცემო, გამოუყვანს მეორე დღეს ადამიანებს, რომლებიც არ ვიცი როგორ მოვიხსენიო, დაუყენებს გვერდზე და იტყვის, რომ აი, ორი მხარე არსებობს და ასეთ მოდელირებულ რეალობას გვიქმნიან მაუწყებელშიც, რომ თითქოს ორი მხარე არსებობს.

არ არსებობს ორი მხარე, რადგან ერთ მხარეს ვართ ადამიანები, მიუხედავად იმისა, ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს. ჩვენს პროფკავშირში, მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტსაც უჭერდნენ მხარს თავის დროზე, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ იყო. მაგრამ ახლა იმდენად ცხადია ყველაფერი, რასაც ვუყურებთ, რომ შეუძლებელია აქ არ დაინახო პოლიტიკური ინტერესები. ერთ მხარეს ვართ ადამიანები, რომლებმაც ვთქვით, რომ დავანებოთ თავი ყველაფერს და ვთქვათ, რომ დღეს არის გადასარჩენი მაუწყებელი. აქ გავავლეთ ზღვარი, რადგან მაუწყებლის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას“.

მალხაზ რეხვიაშვილს სჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადარჩენა საზოგადოების აქტიურობაშია:

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება საზოგადოების აქტიურობა. ჩემი აზრით, მოქალაქეების სოლიდარობა არის საკმაოდ მაღალი. უბრალოდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ ამის ორგანიზება და ჩვენება, რომ ადამიანები დგანან მაუწყებლის გვერდით და დაიცავენ მას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა აჭარის რეგიონშიც და თბილისშიც არის ძალიან დიდი.

მარტო „ჰეშთეგის“ საქმიანობას რომ გადავხედოთ, ასზე მეტ სოფელში ვართ ნამყოფი ჩვენი გადაცემის ფარგლებში და პირადად გვაქვს მოძებნილი და გაშუქებული ადამიანების პრობლემები. უამრავი საკითხი აჭარის მაუწყებელმა იპოვნა რეგიონში და გახადა აქტუალური. შეიძლება ბევრმა მაყურებელმა იცოდეს ეს საკითხები სხვა ეროვნული მაუწყებლებისგან, რადგან იქიდან უფრო პოპულარული გახდა, მაგრამ ჩვენი მოძებნილია. ამისთვის არსებობს ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ოჯახ-ოჯახ იაროს, ყველას პრობლემა ნახოს და გამოიტანოს დღის სინათლეზე. ყველა ადამიანს მისცეს საეთერო სივრცე.

მოქალაქეების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული საბოლოო ჯამში რას გადავარჩენთ ამ მაუწყებლისგან - სრულად თუ რაღაც ნაწილს. საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება საერთოდ უნდა თუ არა ასეთი მაუწყებელი, რომელიც ახლა კითხულობს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მიერ გამოგზავნილ პრესრელიზებს სიტყვასიტყვით, ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე და აჭარის ტელევიზიის ეთერში გასული ნიუსის ტექსტი ემთხვევა „პოსტივის“ ეთერში გასულ ტექსტს“.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG