Accessibility links

"რეალურად შეუძლებელია მთელი მოსახლეობის სკრინინგი მოახდინო. ვფიქრობ, ძალიან სწორი მიდგომაა - მოხდეს მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება"


მამუკა კოტეტიშვილი, მეცნიერი, მოლეკულური გენეტიკის ექსპერტი

მეცნიერი, მოლეკულური გენეტიკის ექსპერტი, მამუკა კოტეტიშვილი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში, მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტში, მოგვიანებით კი ბიოლოგიური სტანდარტის მსოფლიოში ლიდერ ორგანიზაციაში - ATCC მონაწილეობდა კვლევით პროცესებში. დღეს ის გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა და სამეცნიერო ნაწილს უძღვება.

მამუკა კოტეტიშვილი რადიო თავისუფლების აუდიტორიას უზიარებს ცოდნას კორონავირუსების, საკუთრივ COVID-19-ის შესახებ. „დილის საუბრების“ სტუმარი სამეცნიერო გამოკვლევების უახლეს შედეგებზე ყვება, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო იყოს ვირუსის გავრცელების ფონზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის:

„ადრე იყო ცნობილი, რომ კორონავირუსი 4-5 დღე ძლებდა გარემოში. ბოლო გამოკვლევებიდან ირკვევა, რომ ვირუსი ზოგ შემთხვევაში უფრო დიდხანს ძლებს გარემოში, ორ კვირაზე მეტსაც კი - 17 დღეს. ეს გვეხმარება იმის გააზრებაში, რამდენად ეფექტიანი იქნება ესა თუ ის პრევენციული მეთოდი.

ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ეს არის ჰაერ-წვეთოვანი ინფექცია და დავუშვათ, ნათქვამი იყო ერთმეტრიანი დისტანციის დაცვაზე. როგორც მეცნიერი, ვიტყოდი, რომ ეს აეროზოლები თავისთავად ჰაერში არსებულ მტვერთანაც კი ზავდება. თუ განვიხილავთ იმას, რომ ეს ვირუსი მაღალი მდგრადობით გამოირჩევა, ჩემი აზრით, ის სულ თავისუფლად შეიძლება იყოს გადატანილი მტვრის საშუალებით, განსაკუთრებით, როცა ქარი უბერავს. მეცნიერება და პრაქტიკა იყოფა ხოლმე - მეცნიერება წინასწარ ჭვრეტს რა შეიძლება იყოს ტრანსმისიის ერთ-ერთი ალტერნატიული გზა.

ასევე თავისუფლად შეგვიძლია დავუშვათ სურსათისმიერი ტრანსმისიის შესაძლებლობა. რასაკვირველია, ძირითადი გზა არის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის მეც, არ გამოვრიცხავ, რომ, რასაკვირველია, რისკი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ სურსათისმიერი ტრანსმისიაც შეიძლება მოხდეს“.

მამუკა კოტეტიშვილი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში ვირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის დღემდე გატარებულ ღონისძიებებს:

„ბრწყინვალედ იმუშავა მთავრობამ. მოახდინა შეზღუდვა ინფექციის შემოდინების ქვეყანაში. იმ ეტაპზე მაქსიმუმი გაკეთდა და ახლა გადავედით მეორე ფაზაში - შიდა გავრცელება. აი, შიდა გავრცელების ეტაპზე სხვა პრევენციის ზომებია საჭირო.

პირველ ეტაპზე ჩვენ მოვახდინეთ კონტაქტების პროგნოზირება. ახლა ისეთ ფაზაში ვართ, რომ პროგნოზირება კონტაქტების გაძნელდა და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეუძლებელიც იყოს. მითუმეტეს, თუ მტარებელია ადამიანი და მას პირველადი სიმპტომები არ ახასიათებს, ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ვფიქრობ, ძალიან სწორი, ყველაზე ეფექტიანი გზა, როცა არ არსებობს ეფექტური სამკურნალო საშუალება, როცა ჯერ არ არის ვაქცინა მისაწვდომი და 2021 წლამდე არ იქნება, სახლში დარჩენა, იზოლაცია არის ძალიან კრიტიკული. კომენდანტის საათსაც დადებითად ვეხმაურები, რადგან ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული პრევენციისთვის“.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია მომავალში მეცნიერები დაინტერესდნენ აშშ-სა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში COVID-19-ით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლების მიზეზებით, კერძოდ იმით, თუ რამდენად იყო წამყვანი ფაქტორი ახალი კორონავირუსი:

“ამ კუთხით თვალი არ მიმიდევნებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ში და ევროპაშიც, როცა ხდება თითოეული შემთხვევის გამოკვლევა, იქ აღირიცხება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და თუ აქვს რაიმე თანმხლები დაავადება. შემდეგ ეს მონაცემები აუცილებლად ექვემდებარება ეპიდემიოლოგიურ ანალიზებს, სტატისტიკურ კვლევებს და თუ ტრენდი გამოისახა, რომ რაღაც კონკრეტულ დაავადებასთან მიმართებით პაციენტებში არის ხშირი სიკვდილიანობა, ანუ გარკვეული სენსიტიური ჯგუფი გამოიხატა, რასაკვირველია, ამაზე აუცილებლად გაკეთდება რეაქცია, პუბლიკაციაც იქნება და ეს ჩვენ გვეცოდინება. მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია და მოითხოვს ძალიან გლობალურ შესწავლას და დიდ ინფორმაციას, რომ მტკიცებულება შეიქმნას“.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებით განსაკუთრებული შეზღუდვები დაუწესდათ 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს და ამ შეზღუდვის მთავარი მიზანია მათი სახლებში ყოფნა, მინიმალური შეხება საჯარო სივრცეებთან. ეს ძალიან ართულებს ასაკოვანი მოქალაქეების ყოველდღიურობას. მამუკა კოტეტიშვილი ერთი მხრივ ემხრობა ამ შეზღუდვებს, მეორე მხრივ კი კარგად ესმის ის დისკომფორტი, რაც ადამიანს სახლში გამოკეტვითა და უმოძრაობით ექმნება:

„ძალიან მიჭირს ჩავერიო იმ კანონებსა და წესებში, რაც შემოღებულია, მაგრამ ადამიანისთვის აუცილებელი პირობაა იყოს დაკავებული აქტიური საქმიანობით. ადამიანი როცა ჯდება სახლში პერმანენტულად და არ მოძრაობს, შეიძლება ბევრად რთული პრობლემების წინაშე დადგეს, შორს რომ გავიხედოთ, ვიდრე მარტო კორონაინფექციებია.

ვფიქრობ, თუ არის საშუალება, რომ ადამიანი ავტომანქანით გავიდეს ძალიან შორს, სადაც არ იქნება იმის ალბათობა, რომ ვინმესთან კონტაქტში შევა, ჰაერზე გაისეირნებს, ამაზე უკეთესს ვერაფერს წარმოვიდგენდი ასაკიანი ადამიანებისთვისაც. თუ არ არის ამის საშუალება, ნამდვილად უნდა ერიდონ ქუჩაში სიარულს, რადგან ალბათობა იმის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს და განუვითარდეს მწვავე რესპირატორული სინდრომი, არის მაღალი. ჯობია გააანიავონ სახლი, გააღონ ფანჯრები და სახლში იმოძრაონ, რაც შეიძლება მეტი, რომ მოხდეს სისხლის ცირკულირება. ადამიანის ჯანმრთელობა არის ფაქტორების მთელი კომპლექსი. აქტიური ორგანიზმი ყოველთვის უფრო ძლიერია“.

„დილის საუბრების“ სტუმარი დეტალურად ხსნის ქუჩაში, მაღაზიასა თუ სახლში ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობას. ამასთან, განმარტავს, რომ ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად ქიმიური სარეცხი საშუალებების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს ნივთიერებები აღწევს ბიოლოგიური ორგანიზმის ფორებში და მოგვიანებით იდეალურად არ სცილდება მას, რის შემდეგაც ხვდება ადამიანის ორგანიზმში და შესაძლოა ალერგიის ან რაიმე სხვა დაავადების მიზეზიც გახდეს. მამუკა კოტეტიშვილის თქმით, მისსავე აზრს იზიარებს მისი არაერთი ამერიკელი კოლეგა.

ერთ-ერთი იმედი, რომელიც COVID-19-ის გავრცელების დასასრულს უკავშირდება, არის ზაფხულის მოახლოება და მაღალი ტემპერატურა. მამუკა კოტეტიშვილი ჩამოთვლის რა ტემპერატურაზე რამდენი ხანი სჭირდება ვირუსის განადგურებას, თუმცა, ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია:

„ტემპერატურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ვირუსზე. 56 გრადუსზე 15 წუთიანი ექსპოზიციის შემთხვევაში ათიათასობით ერთეული ინაქტივირდება. 70 გრადუსზე 5 წუთის განმავლობაში ვირუსი სრულად ინაქტივირდება. თუ გავითვალისწინებთ ამ პარამეტრებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რასაკვირველია, ტემპერატურა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს და ხელს შეუწყობს იმას, რომ შემცირდეს ტრანსმისია, მაგრამ არ ვიცით რამდენად“.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა უსარგებლოდ თვლის ჯანმრთელი ადამიანის მიერ დამცავი პირბადის ტარებას და მიუხედავად ამ პროდუქტის დეფიციტურობისა, საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას. „დილის საუბრების“ სტუმარი მეცნიერი თავის მხრივ განმარტავს:

„ჩემმა ერთმა მეგობარმა და კოლეგამ აშშ-ში, პროფესორმა ელაი პერენსევიჩმა გამოაქვეყნა სტატია ორი-სამი დღის წინ, სადაც ის წერს, რომ ეს ნიღბები საშუალო ჯანმრთელობის ადამიანისთვის საერთოდ არ არის საჭირო. თუ დაავადებულია ადამიანი, რასაკვირველია, რეკომენდებულია ატაროს ნიღაბი. მაგრამ საშუალო ჯანმრთელობის ადამიანისთვის შეიძლება ცუდიც კი იყოს, რადგან ნიღაბი ჰერმეტული არ არის - ჰაერიც ცირკულირებს, მტვერიც ცირკულირებს და შეიძლება სუნთქვის პროცესში ჯდებოდეს პირდაპირ ცხვირის ან პირის ღრუში და ის შეიძლება იქცეს რეზერვუარად ადამიანის დაინფიცირებისთვის. მეც ვეთანხმები ჩემს ამერიკელ მეგობარს და კოლეგას, რომ არ არის რეკომენდებული ჯანმრთელმა ადამიანმა ატაროს ნიღაბი“.

ტესტირების საკითხი - საჭიროა, თუ არა მოსახლეობის მაქსიმალურად მოცვა ტესტირებით?

„თუკი არის ამის შესაძლებლობა, კი. მაგრამ რეალურად შეუძლებელია მთელი მოსახლეობის სკრინინგი მოახდინო. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან სწორი მიდგომაა - მოხდეს იდენტიფიცირება მოწყვლადი ჯგუფების. სწრაფი ტესტირება მოხდეს, თუ ჩვეულებრივი მეთოდი იყოს გამოყენებული, აქაც მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების პრიორიტიზაცია. ეპიდემიოლოგები ამ ინფორმაციას აგროვებენ, იღებენ რეკომენდაციებს WHO-სგან, CDC-სგან და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე იდგებიან. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, ძალიან სწორ გზაზე დგანან, მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილოებიც არიან. ყოველთვის არის ვიღაც უკმაყოფილო, მაგრამ მე რასაც ვხედავ, ძალიან ძლიერად მუშაობენ, დღეს რასაც აკეთებენ“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG