Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიხუანის პარადოქსი: მოიხმარე, თუ მოახერხებ


რა მოვუხერხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას? - დაახლოებით ასეთი იყო შინაარსი იმ საკომიტეტო განხილვისა, რომელზეც შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

„ჩვენ ახლა ვცდილობთ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შედეგად ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის გამოსწორებას“, - ასე შეაფასა მოსალოდნელი ცვლილებები დეპუტატმა მირიან წიკლაურმა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე.

მანამდე განუსაზღვრელი ვადით გადაიდო კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით მსჯელობა იმ მიზეზით, რომ ეს თემა საზოგადოებასთან უფრო ინტენსიურ განხილვას საჭიროებს.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ტუღუში ამბობს: „კანაფის კულტივაციის შესახებ მსჯელობა ჯერჯერობით შეაჩერეს და არ ვიცი, საით მიდის ეს საკითხი, მაგრამ აქ ჩანს ერთი რამ: საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანებს მისცა უფლება, მარიხუანა ლეგალურად მოიხმარონ, მაგრამ კანონმდებლების მხრიდან არის მცდელობა, მომხმარებელს მისი შეძენის ყველანაირი საშუალება გაუქრონ“.

თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, სასამართლოს ეძლევა უფლება მას მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა რა სივრცეში, 21-წლამდე პირებისთვის მარიხუანის მოხმარება იქნება პასუხისმგებლობის საგანი.
გიორგი გახარია

გიორგი ტუღუშის თქმით, კანონმდებლობით ისევ არის გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის მარიხუანის მოხმარებაზეც, ოღონდ კერძო სივრცეში. ტუღუში ამბობს, რომ სანქციები საკმაოდ მკაცრია და ზოგ შემთხვევაში აზრს მოკლებულიც.

უფრო დეტალურად: მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა, ასევე გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ერთი წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდება და დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 160 საათამდე. ჯარიმის ოდენობა 1500 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სოფიო კილაძეც აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ უგულებელყოფენ, მაგრამ ეცდებიან მარიხუანის მოხმარებისაგან გამოწვეული ზიანი მინიმუმამდე დაიყვანონ: „შსს-მ წარმოადგინა ძალიან მკაცრი რეგულაციები, რითაც შეიძლება ზიანი შემცირდეს... ამავდროულად, ვაგრძელებთ პრევენციულ პროექტებზე მუშაობასაც“.

მარიხუანის მოხმარებაზე ისაუბრა შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც და განაცხადა, რომ: „თუ ადამიანი იქნება კლინიკური ზემოქმედების ქვეშ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, სასამართლოს ეძლევა უფლება მას მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შეუზღუდოს. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა რა სივრცეში, 21-წლამდე პირებისთვის მარიხუანის მოხმარება იქნება პასუხისმგებლობის საგანი“.

კომიტეტის სხდომაზე მირიან წიკლაურმა ასეთი აზრიც გამოთქვა: პირადი სივრცეც შეიძლება გახდეს გარყვნილების ბუდე, თუ იქ ბევრნი შეიკრიბებიანო, რაზეც გიორგი ტუღუში ამბობს: „იყო რამდენიმე „ნათელი“ იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რამდენიმე ადამიანი ჯგუფურად მოიხმარს მარიხუანას, თუნდაც პირად სივრცეში, ესეც დასჯადი უნდა იყოს. იმედია, ახალ მწვერვალებს არ დაიპყრობს საპარლამენტო უმრავლესობა“.

კითხვაზე, რამდენად დაცულია ალბათობა იმისა, რომ საჯარო და კერძო სივრცე არ გადაიკვეთება (მაგალითად, შესაძლოა მარიხუანის მომხმარებელს სახლი საოჯახო სასტუმროდ ჰქონდეს მოწყობილი), ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტში შესაბამისი ჩანაწერი არსებობს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG