Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მატრონა მოსკოველის ხატი სამებაში აღარ დაბრუნდება - ამბობს მღვდელმსახური


2024 წლის 10 იანვარი: მატრონა მოსკოველის ხატი სამების საკათედრო ტაძარში.
2024 წლის 10 იანვარი: მატრონა მოსკოველის ხატი სამების საკათედრო ტაძარში.

მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარში აღარ დააბრუნებენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე დიდი ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "მოგვარებულია პრობლემა".

სამების ტაძარში შობის წინა დღით ხატის აღმოჩენას, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა. აქტივისტმა ნატა ფერაძემ მას ლურჯი საღებავი შეასხა, რის გამოც 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ხატი ეკლესიიდან დაახლოებით 40 დღის წინ, 17 იანვარს გაიტანეს იმ მიზეზით, რომ უნდა შეცვლილიყო მატრონა მოსკოველისა და სტალინის შეხვედრის ფრაგმენტი. საპატრიარქო დაეყრდნო რუსეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მათი შეხვედრის ეპიზოდი მატრონა მოსკოველის ბიოგრაფიაში არ წერია. სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რის გამოც ხატზე სტალინის ამოშლა გადაწყდა.

"პატრიოტთა ალიანსის" გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ მისი და თანაგუნდელის, დავით თარხან-მოურავის ხატს, სამების ტაძარში აღარ დააბრუნებდნენ. მან კითხვას ასე უპასუხა:

"ვერაფერს ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ნახვამდის".

საპატრიარქოში ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის და რომელ ტაძარში მიიტანენ მატრონა მოსკოველის ხატს, შესწორებების გაკეთების შემდეგ. არქიმანდრიტი ამბობს, რომ ჯერ ყველა კანონიკური წესის დასაცავად სხვა ცვლილებებიც არის შესატანი.

XS
SM
MD
LG