ეს უკვე მეორე ქადაგებაა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, როცა მთავარეპისკოპოსმა არჩევნებში ჩარევის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ამას გარდა, ხელისუფლებას მოუწოდა „პაპზე უფრო კათოლიკეები ნუ აღმოჩნდებიან“.
„ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ... პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
მისი თქმით, ეკლესიას „ძალიან ძლიერი გუნდი“ დარჩა და იგი დამოუკიდებლად გააგრძელებს მართვას. „ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ,“ – აღნიშნა მან.
მთავარეპისკოპოსმა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.
„ქუჩის და სახელმწიფოს კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსას საერთოდ ნუ შეეხებით, ან მოდით და გვკითხეთ. დაგარიგებთ, რომ ჭკვიანად მოიქცეთ.“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ეკლესია მზად არის დაიცვას ყველა მოქალაქე, ვინც ტაძარში მისვლას გადაწყვეტს, და გააფრთხილა ისინი, ვინც ეკლესიის საქმეებში ჩარევას გეგმავს.
„დღეს რა ხდება, მოინდომეს მოსვლა ნაწილმა, ერთმა ქალბატონმა რომ თქვა ის გამიკვირდა, მერე რომ აჰყვნენ. ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. შეიძლება როცა მთავრობაში ხარ აკრძალო, რა არ შეიძლება ქუჩაში, თუნდაც ტროტუარზეც არ დამაყენო, ძალა თუ გააქვს გააკეთებ, მაგრამ ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა. მე ერთი რამ მინდა ვთქვა - თუ ისინი ეკლესიურები არიან, მორწმუნენი ხომ ჰყავთ მათ, დაუძახონ და დაარიგონ, ვიღაც მრჩეველი ხომ უნდა ჰყავდეთ.
ჩვენ კი არ დავძაბუნებულვართ, ეკლესიაში ყველას დავიცავთ, მერე შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ [მხარდაჭერა] დამაბრალონ, მე ქრისტიანად ვუყურებ ნებისმიერ ადამიანს, ჩემზე ძალიან ვინ ებრძოდა მათ? 2013 წლის 17 მაისს ვინ იყო იქ? დღევანდელზე ვიძახი პარლამენტში ვინც არიან, ან როდის იყო, ქვეყანას უჭირდა და იქ არ ვიყავი და ისინი იქ იყვნენ. ბოლო წლებში ეკლესია გვერდზე გადავიდა? რაც თქვენი საქმე არ არის, იმას ნუ აკეთებთ, ყველამ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ.
უწმინდესი შეიძლება ამ ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვტოვა. მე ცოცხალი ვარ, სხვებიც ისე არიან და ამიტომ ერთად უნდა ვიაროთ წინ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობს არ დაუკონკრეტებია, ვის განცხადებას გულისხმობდა ის. თუმცა რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ოპოზიციას ერთიანი მესიჯბოქსის პრობლემა აქვს და მათ უნდა დაანახონ საზოგადოებას, რომ უღმერთოები არ არიან. პოლიტიკოსის ამ განცხადებას კრიტიკით უპასუხეს "ქართულ ოცნებაში".
მან პანდემიის პერიოდიც გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ ეკლესიების დახურვის მოწოდებები არსებობდა. „მაშინ ეკლესიების დაკეტვას გვეუბნებოდნენ... ბოროტები კი არ იყვნენ, ეგონათ, რომ სიკეთეს აკეთებდნენ,“ – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „გახარიას ნუ დააბრალებენ მარტო, იქ ვიყავი ხოლმე პატრიარქთან, როგორ მოდიოდნენ...“
მეუფე იაკობმა ასევე გააფრთხილა ის პირები, რომლებიც, მისი თქმით, ეკლესიის საქმეებში ჩარევას ცდილობს. „აქეთ გიკარნახებთ რა გააკეთოთ და რა არა, ვინც ჩარევას დააპირებთ,“ – განაცხადა მან.
მან გაიხსენა პატრიარქის დაკრძალვა და ყურადღება გაამახვილა ერთიანობის იდეაზე განსხვავებით პარტიული კუთვნილებისა.
„კი ცდილობდნენ ერთად არ მდგარიყვნენ, მაგრამ ჩვენთან მაინც ყველა მოდიოდა. დღეს თუ შერიგების და ერთად ცხოვრების შანსია, საქართველო ხომ უფრო გაძლიერდება. ღმერთთან ყველას ადგილია. შეიძლება პარლამენტში ჰქონდეთ 150 ადგილი, თორემ ეკლესიაში ძალიან დიდი ადგილია. ცხონების გზაზე ერთმანეთს ხელს ნუ შევუშლით. რასაც ვამბობ, სიყვარულით ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეგობრები არ მყავდეს ამ მთავრობაში და პარლამენტში, უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდე, ჩემი ქვეყნის მთავრობაა, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მათი წარმატება ქვეყნის წარმატებაა“.
მისივე თქმით, ეკლესია სახელმწიფოს წინააღმდეგ არ მოქმედებს და ქვეყნის წარმატებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა შიდა საკითხებში დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.
„ჩვენ სახელმწიფოს საქმეში არ ვერევით, არც სახელმწიფო ერევა, სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ, უვიცობის გამოა,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა და პარალელი წინა ხელისუფლებასთან გაავლო:
„კიდევ კარგი კათოლიკეები არ არიან, თორემ რომის პაპზე კათოლიკეები იქნებოდნენ ან შეიძლება ინკვიზიცია ჩაეტარებინათ. ძველად „ნაცები“ იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან და არ შეიძლება, ცოტა დავფიქრდეთ. ქრისტეს ქვეყანაა, ღვთისმშობლის წილხვედრი და შესაბამისად ვიცხოვროთ. დღევანდელი ჩემი ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ კრიტიკოსი ვარ. უბრალოდ, ვეუბნები, რომ ასეთი რაღაცები არ გააკეთონ. ჩვენს მხარდაჭერას დაკარგავთ და შეხედეთ ვინ დაგრჩებათ მერე. ეკლესიაში ჩვენს განწყობას გეუბნებით. კარგა ხანია ვუყურებთ და თუ ვდუმდით, აღარ ვიქნებით გაჩერებულები. ვინც არ უნდა ავირჩიოთ [პატრიარქად], შეიძლება ჩვენთვისაც მისაღები იყოს და გარეთაც ყველასთვის, მაგრამ იცოდეთ, არის საკითხები, რომელსაც ჩვენს გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიტანს, ესეც კარგად იცოდეთ. ვისაც მხარს დავუჭერთ, ის გახდება პატრიარქი, ესეც კარგად იცოდეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
სინოდის მორიგი სხდომის თარიღი, სადაც პატრიარქობის კანდიდატების ვინაობა გახდება ცნობილი, რამდენიმე დღეში გაირკვევა. სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში არავის ჩარევენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი თავის მხრივ, კრიტიკულ მედიას უყენებენ პატრიარქის არჩევნებში ჩარევის მცდელობის ბრალდებებს.
- კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა სინოდი ირჩევს, მღვდელმთავართა ერთობა, რომელიც დღეს 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. მომავალი კათოლიკოსი ერთ-ერთი მათგანი იქნება.
- პატრიარქის არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი ეპისკოპოსი ირჩევა.
- პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა - ამ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.
- პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება.
- ამ დროისათვის, ყველაზე გამოკვეთილი კანდიდატია შიო მუჯირი, ილია მეორის სიცოცხლეშივე მისი მოსაყდრე. არჩევნებზე მას ორი კონკურენტი ეყოლება.
- ახალი პატრიარქი სამი კანდიდატურიდან ირჩევა. გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა.
ფორუმი