Accessibility links

მთავარი პროკურორის მოლოდინში


მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოსტზე ამ დროისათვის ოფიციალურად ოთხი კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის ჯერჯერობით არ არის არც იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რჩეული, რომლებიც პროკურორის შესარჩევ პროცესს გაემიჯნენ, და არც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი შალვა შავგულიძე.

მთავარი პროკურორობის კანდიდატები

მთავარი პროკურორის პოსტზე დღეს ოთხი კანდიდატია წარდგენილი. მათი სახელების ნახვა შესაძლებელია საპროკურორო საბჭოს ვებსაიტზე:

  • პაატა შავაძე, რომელიც დაასახელა საქართველოს ანტიკორუფციულმა პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნულმა ცენტრმა და სხვებმა;
  • ზურაბ ჯორბენაძე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველო“;
  • გია ბერძენიძე - „მებრძოლ პატრიოტთა კავშირი“, გენერალთა კლუბი, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების „საერთაშორისო ფონდი“ და სხვა;
  • ნანა რევაზიშვილი - „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი“, „საქართველოს იურისტთა გილდია“ და სხვა.

ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის პოსტს - ხელისუფლებისათვის მისაღები კანდიდატი თუ ოპოზიციის ან სამოქალაქო სექტორის რჩეული ფიგურა, ამ დრომდე უცნობია.

მთავარი პროკურორის პოსტზე დღეს ოთხი კანდიდატია წარდგენილი. მათი სახელების ნახვა შესაძლებელია საპროკურორო საბჭოს ვებსაიტზე: პაატა შავაძე, რომელიც დაასახელა საქართველოს ანტიკორუფციულმა პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნულმა ცენტრმა... სულ 18-მა ორგანიზაციამ და კერძო პირმა. მეორე კანდიდატი ზურაბ ჯორბენაძეა. მისი წარმდგენი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოა“. შემდეგ მოდისგია ბერძენიძე, „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“, გენერალთა კლუბის,ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების „საერთაშორისო ფონდისა“ და სხვათა მიერ წარდგენილი კანდიდატი; დაბოლოს - „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის“, „საქართველოს იურისტთა გილდიისა“ და სხვათა მიერ დსახელებული ნანა რევაზიშვილი.

ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის ჯერჯერობით არ ჩანს ადვოკატ შალვა შავგულიძის სახელი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატია. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს მთავარია, რომ პროკურორობის კანდიდატი არ იყოს ხელისუფლების გუნდიდან გამოსული პირი:

„ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ზეწოლა, რომ როგორმე მოვახერხოთ და ხელისუფლებას ჩამოვართვათ ეს ბერკეტი - მათ დაქვემდებარეში მყოფი პროკურატურა. ჩვენი კანდიდატურა არის შალვა შავგულიძე და კანონით დადგენილ ვადებში ჩვენ ოფიციალურად წარვადგენთ მას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროკურორი არ იყოს ივანიშვილის მორიგი მორჩილი პროკურორი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე ემიჯნებიან მთავარი პროკურორის შესარჩევი კონსულტაციების პროცესს. მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომა, რადგან, მათივე განცხადების ტექსტს თუ დავიმოწმებთ, პროკურატურაში შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებელი, ირაკლი შოთაძესთან ერთად, წულუკიანიც იყო. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თავმჯდომარე ალეკო ცქიტიშვილი კანონის ცვლილების საჭიროებაზეც ლაპარაკობს:

„ადრეც ვამბობდით და ახლაც ამავე აზრზე ვართ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი კვლავ არ არის დეპოლიტიზებული, ისევ მმართველი პარტიის ხელშია ბერკეტები, ისევ იუსტიციის მინისტრი წარმართავს პროცესს, ის არის საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელიც და პირდაპირ ერევა პროკურორის საქმიანობაში. ასე რომ, პარლამენტმა, ჯობს, სწორედ ეს ხარვეზიანი კანონმდებლობა შეცვალოს, რაც უფრო გააჩენს შანსს, რომ გვყავდეს კარგი მთავარი პროკურორი“.

​საქართველოს კანონმდებლობით,მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება. ის უნდა იყოს სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი, უნდა ჰქონდეს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძეც აცხადებს, რომ მომავალი მთავარი პროკურორი დისტანცირებული უნდა იყოს მმართველის პარტიისგან, ის არ უნდა იყოს სისტემის შიგნით ნამუშევარი ადამიანი, სხვანაირად მას ვერ ექნება საზოგადოების ნდობა:

„თუ წინა ოთხმა პროკურორმა არ გაამართლა და არც ერთი არ დარჩენილა პოსტზე მათი ვადის ამოწურვამდე, რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა უკეთესი სიტუაცია გვექნება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს არ უნდა ხელმძღვანელობდეს მოქმედი იუსტიციის მინისტრი, მით უმეტეს, რომ ყველა ეტაპზე შერჩევისა მისი მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა 4 ივნისს დაეგზავნათ, რომლის საფუძველზეც მათ შეუძლიათ პროკურორობის კანდიდატების წარდგენა. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. კანონით, ახალი მთავარი პროკურორი ერთი თვის ვადაში უნდა შეირჩეს და დაინიშნოს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG