Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაცია დუმს სენატორის წერილთან დაკავშირებით


მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ გაკეთებულა განცხადება აშშ-ის სენატორ როჯერ ვიკერის იმ წერილთან დაკავშირებით, რომლის შინაარსიც 25 იანვარს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა.

რადიო თავისუფლებას არც ის დაუკონკრეტეს, ადასტურებს თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა დეკემბერში მართლაც მიიღო წერილი აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერებისა და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარისგან, როჯერ ვიკერისგან.

2019 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული წერილის შინაარსი 25 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათს სამადაშვილმა წერილის გამოსაქვეყნებლად ხელისუფლებას ვადა დღის ბოლომდე მისცა და წინასწარ გააფრთხილა, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ტექსტის შინაარსს თავად გამოაქვეყნებდა.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ამ წერილის ასლი. წერილში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მიერ თავისივე დაპირებაზე ნათქვამ უარზე, დაენერგა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ქმნის და „ქართული ოცნების“ მიერ უზენაეს სასამართლოში 14 ისეთი მოსამართლის დანიშვნაზე უვადოდ, რომელთა კვალიფიკაციაზეც სერიოზული კითხვები არსებობდა - რაც, ვიკერის შეფასებით, „კიდევ უფრო მეტად ამცირებს საზოგადოების ნდობას კანონის უზენაესობისადმი“.

როჯერ ვიკერი საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში გაგზავნით ემუქრება, რაც, მისი თქმით, „აღრმავებს შეშფოთებას დროით მონაკვეთსა და გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება სასამართლო საქმეებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურების, მაგალითად, გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG