Accessibility links

მიეცემა თუ არა პასუხისგებაში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული ჩვილის მამა?


„არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული შვიდი თვის ჩვილის მამის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა“, - ასე უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ში.

მოკლული ჩვილის მამის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ხუთი თვის წინ, მაისში აღიძრა. გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

გამოძიებით დგინდება, რომ შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული 16 წლის დედა, ორსულობის დროს 15 წლის იყო, მისი ქმარი კი სრულწლოვანი.

ცნობისთვის, ქორწინებას, როგორც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის „გამართლებას“ კანონი არ ცნობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი გაუქმდა ის წესიც, რომლის თანახმადაც, 16 წელს მიღწეულ პირთან ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტები არასრულწლოვანი დედის ინტერესებს იცავენ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს ეხება. ანა თავხელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ იურისტებმა ხელი მოაწერეს გაუთქმელობის ოქმს, რადიო თავისუფლებასთან გამოძიების დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ, თუმცა, ამბობს, რომ გამოძიებასთან, რომელიც ხუთი თვეა მიმდინარეობს, შეკითხვები აქვთ:

„ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავად მოვითხოვეთ გაუთქმელობის ოქმზე ხელის მოწერა. ამ თემაზე, მათ შორის, გაშუქების კუთხითაც, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის სახელმწიფო უწყებებსაც, უზრუნველყონ ბავშვის შესახებ ინფორმაციის დაცვა. რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება ჩვილის მამის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, კითხვები გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია გვაქვს და ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. გვინდა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის დამყარება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის, ნებაყოფლობითი ურთიერთობაც“.

26 სექტემბერს, გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი დედა დამნაშავედ ცნო შვილის მკვლელობაში და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც პროკურატურაში განმარტეს, "დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ თავის 7 თვის შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.შ. არასრულწლოვან დედას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მოკლული ჩვილის მამა და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოსგან უფრო მკაცრ სასჯელს ელოდნენ.

ის, რომ არასრულწლოვანი გოგო "დაქორწინდა", ამის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ინფორმირებული შსს და სკოლა. ჩვილის სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რადიო თავისუფლებას უთხრა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა, რომ სკოლის დირექტორის თქმით, როგორც კი გოგონას ძმამ სკოლაში მოიტანა ამბავი მისი დაქორწინების შესახებ, სკოლამ ეს ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდა. მათ კი დირექტორს უთხრეს, რომ მშობლები ჩვენთან არიან და საქმის კურსში ვართო.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის შესახებ, შსს-მ არასათანადო რეაგირებისათვის ერთ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG