Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება 7 უბანზე შუალედური არჩევნების ჩატარებაზე

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა ერთ საარჩევნო უბანზე 159,6 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ერთ ამომრჩეველზე - 507,5 ლარს.
სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა ერთ საარჩევნო უბანზე 159,6 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ერთ ამომრჩეველზე - 507,5 ლარს.

2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნების ჩასატარებლად 1 117 000 ლარი დაიხარჯება.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულებას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

არჩევნები ახმეტის, დმანისის, წალკისა და ვანის შვიდ საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც ამომრჩევლები ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ:

  • ახმეტა - საარჩევნო უბანი №9, სოფელი კასრისწყალი;
  • დმანისი - უბანი №35, სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის;
  • წალკა - უბანი №12, სოფელი იმერა;
  • წალკა - უბანი №13, სოფელი ბარეთი;
  • წალკა - უბანი №14, სოფელი საბეჭისი;
  • წალკა - უბანი №15, სოფელი ლივადი;
  • ვანი - უბანი №17, სოფელი ფერეთა.

ამომრჩეველთა რაოდენობა უბნებზე, სადაც არჩევნები ჩატარდება:

  • ახმეტა - 279;
  • დმანისი - 256;
  • წალკა - 996;
  • ვანი - 670;
  • სულ - 2201.

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა ერთ საარჩევნო უბანზე 159,6 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ერთ ამომრჩეველზე - 507,5 ლარს.

ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის ოთხ საარჩევნო უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები იქნება გამოყენებული.

კანდიდატები

შუალედურ არჩევნებში ორი პარტია მონაწილეობს:

  • №9 - „ძლიერი საქართველო - ლელო“;
  • №41 - „ქართული ოცნება“.

ორივე პარტიამ კანდიდატები უკვე წარადგინა.

  • ვანში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ვაჟა ხელაძე, „ლელომ“ კი ბექა კოპალაძე წარადგინა;
  • წალკაში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ნანული ხინიკაძე, „ლელოსი“ - ზაზა შანთაძე;
  • დმანისში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ირაკლი სარსევანიძე, ხოლო „ლელოსი“ - ვაჟა ნონიაშვილი;
  • ახმეტაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ითიურიძე მონაწილეობს.

რას ამბობენ პარტიები?

„ქართულ ოცნებაში“ კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადეს, რომ შეხვედრებზე „მთავარი ყურადღება დაეთმო რეგიონებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს“.

„კანდიდატებმა ამომრჩევლებს კონკრეტული ხედვა წარუდგინეს, რაც მუნიციპალიტეტების განვითარებასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. [...] ხაზი გაესვა საგზაო ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობას“, - აღნიშნეს მმართველ პარტიაში.

„ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, პარტია „არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს მარტო და არც ერთი ადამიანის ინტერესს არ დათმობს“:

„სადაც მოქალაქეა, იქ უნდა იყოს მისი პოლიტიკური წარმომადგენელიც, ჩვენი მთავარი ვალდებულება ადამიანების ინტერესების დაცვაა. ავტორიტარული რეჟიმი არაფერს თმობს ბრძოლის გარეშე, ეს ბრძოლა ყველა პოლიტიკურ სივრცეში უნდა გაგრძელდეს. ამიტომ „ლელო“ არ ტოვებს ბრძოლის არც ერთ ველს. ჩვენ ერთდროულად ვაგრძელებთ ბრძოლას საერთაშორისო მიმართულებით, საზოგადოებრივ პროტესტში, ინსტიტუციურ სივრცეში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და, რა თქმა უნდა, არჩევნებში!“

ვინ არ მონაწილეობს?

შუალედურ არჩევნებში არ მონაწილეობენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაღალი შედეგების მქონე ოპოზიციური პარტიები:

  • „კოალიცია ცვლილებისთვის“;
  • „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „გახარია საქართველოსთვის“;
  • „გირჩი“.

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ოთხი დიდი ოპოზიციური პარტიიდან ორმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - ბოიკოტი გამოუცხადა, 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი აირჩიეს. საკრებულოს მაჟორიტარულ ოლქებში კი ოპოზიციამ მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვა: მათგან ერთში, მარტვილში, უპარტიო პოლიტიკოსმა, ხოლო ცაგერში - „ლელოს“ წარმომადგენელმა.

ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (№4, №5, №9 და №25) გაყალბებულად მიიჩნია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებითაც პარლამენტში უმრავლესობა - 89 მანდატი - „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG