Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოგვაცილეთ ნაგავი“, „არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს“ - თერჯოლის სოფლების მოსახლეობა პროტესტს აგრძელებს


თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი.

"დღეს მეშვიდედ მოვაწყვეთ აქცია. ხალხი დაიღალა. სოფლიდან მოვდივართ, საგაზაფხულო სამუშაოებია, გასასხლავია, დასაბარია. თოხი დაიკავოს ადამიანმა ხელში თუ პლაკატი? მიწა დაიცვას თუ დაამუშაოს? მოგვცენ საშუალება ვიმუშაოთ. საგაზაფხულო საქმეებს მოსწყდა ხალხი და აქ აქციას ვმართავთ“, - ამბობს ბერდია ცხადაბერიძე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგეა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა ჭოგნარში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი. 2019 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამუშაოები მარტიდან დაიწყებოდა, სოფლების ჭოგნარის, გოდოგნისა და ოდილაურისმოსახლეობამ აქცია დღეს უკვე მეშვიდედ გამართა.ნაგავსაყრელის მოწინააღმდეგეებმა პროტესტი გამოხატეს როგორც მშენებლობისთვის გაკუთვნილ ტერიტორიაზე, ასევე ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ქუთაისში დღეს გამართული აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს,“ „მოგვაცილეთ ნაგავი“ და „ნუ მოგვწამლავთ“. თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი ნაგავსაყრელის მშენებლობას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგებიან:

„ყველას ბუნება უნდა, დასასვენებლად მიდიან და ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, სისუფთავე და წესრიგი გვინდა, მეტს არაფერს ვითხოვთ“;

მოსახლეობამ გააპროტესტა ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი.
მოსახლეობამ გააპროტესტა ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი.

„ქარი ხშირია და მოიწამლება ჰაერი. ნაგავსაყრელის ტერიტორიის მახლობლად კეთდება სასმელი წყლის რეზერვუარი. ეს დაბინძურდება და ამ წყლითუნდა მომარაგდეს ქუთაისის მოსახლეობა, ეს არ იცის ხალხმა“;

„მოსახლეობას არ შეგვეკითხნენ. ქუთაისი, ჭოგნარი, გოდოგანი, კვახჭირი და ოდილაური ახლოს მდებარეობს ტერიტორიასთან, ჩვენი სოფელი რჩება საძოვრის და წყაროების გარეშე. სახლი არ მქონდა ბავშვობიდან და ორსართულიანი სახლი ავაშენე, მინდა იქ იცხოვრონ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა. არ დავთმობ. ასე არის ყველა, შევეწირებით“;

„მოვითხოვთ, რომ გადაიტანონ სხვა ტერიტორიაზე“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისელებს მოუწოდეს, მათთან ერთად გააპროტესტონ 700 ათასი მოსახლის მომსახურებაზე გათვლილი ნაგავსაყრელის მშენებლობა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქუთაისთან რამდენიმე კილომეტრში ნაგავსაყრელის არსებობა პრობლემებს ქალაქის მოსახლეობასაც შეუქმნის.

ქუთაისში გამართული აქციის მონაწილე ზურაბ გორგოძე ამბობს, რომ „თუ ხელისუფლება მათ აზრს არ გაითვალისწინებს და ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიულ ადგილს არ გამოყოფს, მმართველი პარტია მომავალ არჩევნებზე დაკარგავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებთა ხმებს“.

ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართული აქციის მონაწილეების თქმით,თუ რეგიონალური ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ტერიტორია არ გამოიყოფა, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.

სოფელ ჭოგნარში რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის 26 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობით და ფინანსურად მისი მხარდამჭერი გერმანიის განვითარების ბანკია. თერჯოლის სოფლების მცხოვრებნი არ ენდობიან„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ განმარტებას, რომლის მიხედვით, ახალი ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების დაცვით მოეწყობა, რაც გამორიცხავს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG