Accessibility links

მოვაჭრეები რუსთავის აგრარული ბაზრის გახსნას ითხოვენ


სოფლის პროდუქტებით ვაჭრობის უფლების მოთხოვნით, დაახლოებით, 30 მოვაჭრე შეიკრიბა რუსთავის მარცხენა სანაპიროზე მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიის წინ. ე. წ. ძველი ბაზარი დაკეტილია. მოვაჭრეები ამჟამად მწვანილეულით ბაზრის გარეთ ვაჭრობენ.

"ველოდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაგვცენ პასუხი", უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ნესტან სამხარაძემ. სხვა მოვაჭრემ განაცხადა, რომ 28 წელია, ამ ბაზარში ვაჭრობს. "თვე-ნახევარია, ჩურჩხელები ბაზრის ტერიტორიაზე მაქვს, მიფუჭდება", თქვა ქალმა, რომელიც ნათელას სახელით გაგვეცნო.

მოგვიანებით ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეები ბაზრის დახურულ ტერიტორიაზე შეუშვა საკუთარი პროდუქციის სანახავად. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თენგიზმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბაზრის დეზინფექცია ჩატარებულია, მაგრამ რადგან სავაჭრო სივრცე დახურულია, მისი გახსნის უფლებას არ აძლევენ. "მოვაჭრეებს უფლება მივეცით საკუთარი პროდუქცია გაეტანათ. რაც ვარგისია, გაიტანონ".

ერთ-ერთმა ქალმა რადიო თავისუფლებას გაფუჭებული კომბოსტო აჩვენა: "ეს უკვე აღარ ვარგა. ვინ ამინაზღაურებს ზარალს?" - იკითხა მან.

დღესვე "სტამბოლის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ღია აგრარული ბაზარი გახსნეს, სადაც 53 დახლია. მანამდე, 30 აპრილს, ამავე ტერიტორიაზე აქცია მოეწყო ბაზრის ამუშავების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG