“150 გენდერის გარეშე, მშობელი 1 და მშობელი 2-ის, მეუღლე 1 და მეუღლე 2-ის გარეშე...” - ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვას მოსკოვის ცნობილი მესიჯებით უპასუხა მოლდოვის „სოციალისტური პარტიის“ წევრმა, ბოგდან ცირდეამ - თბილისში ჩამოსული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა.
საქართველოში, საიდანაც მოლდოვის მისამართით "უპატივცემულობის გამომხატველი განცხადებები" ესმით - ჩამოსვლაზე უარი თქვეს მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის (PAS) პარტიის" წარმომადგენლებმა. პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსმა, 2 აპრილს, კიშინიოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "საქართველო ამჟამად იმართება, უფრო სწორად, სამწუხაროდ, საქართველო მიტაცებულია ოლიგარქის, როგორც დღეს ამბობენ, ერთგვარი „ეშმაკუნას“ მიერ, რომლის მსგავსი ჩვენც გვყავდა 2019 წლამდეო".
აშშ-ის მიერ სანქცირებული და 2025 წლიდან კორუფციის საქმეზე დაკავებული ოლიგარქი, ვლად პლაჰოტნიუკი, 2019 წლამდე მოლდოვის პარლამენტის ვიცე-სპიკერიც იყო.
"იქ [საქართველოში] არის ასეთი პერსონაჟი სახელად ივანიშვილი", - თქვა მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ.
დედა, მამა, ქმარი, ცოლი, კაცი, ქალი და ეროვნული ინტერესები
2 აპრილს, შეხვედრებს შორის, მოლდოველმა სტუმრებმა Radisson RED-ში ისადილეს. სწორედ იქ შევხვდით ბოგდან ცირდეას, რომელმაც რადიო თავისუფლების რამდენიმე შეკითხვას რუსულ ენაზე უპასუხა. ინგლისური არ ვიციო, - გვითხრა მან საუბრის დასაწყისში, თუმცა ინგლისურად გვკითხა, შევძლებდით თუ ვერა რუსულად საუბარს.
2025 წლის 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მაჩვენებელი 50,2%-ს უტოლდება, რითაც 101-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატს ჰყავს. პრორუსი პოლიტიკოსის, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტი იგორ დოდონის „პატრიოტულმა ბლოკმა“ მხოლოდ 24,17%-ის [26 მანდატი] მიღება შეძლო.
პრორუსული ორიენტაციის პარტიის დეპუტატმა ბოგდან ცირდეამ გვითხრა, რომ ქართველ კოლეგებთან შეხვედრის ინიციატივა პირადად მას გაუჩნდა, რადგან ლამის 10 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის მეგობართა ჯგუფების დეპუტატები ერთმანეთს არ შეხვედრიან; უნდოდათ, ჯერ ქართველები კიშინიოვში მიეწვიათ, მაგრამ ქართულმა მხარემ აქეთ დაპატიჟა.
“ინიციატივა ჩვენი იყო, მაგრამ მათ [ქართველმა კოლეგებმა] დაგვპატიჟეს… შევთავაზეთ, რომ ჯერ ჩვენ მიგვეწვია, მაგრამ მათ თქვეს [ქართულმა მხარემ] არა, არა, არაო, მოდით - ჩვენო. მოგვიწია დათანხმება… მთავარი მიზანია - იცით, ჩვენ გვინდა გავეცნოთ გამოცდილებას და გადავდგათ პირველი ნაბიჯი დიდი მეგობრობისკენ. რაღაც ასე და დანარჩენი გამოჩნდება”, - ცირდეა განმარტავს, რომ ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს 8-9%-იანი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და მასთან ახლოსაც ვერ მივა მოლდოვა - სადაც "2024 წელს, 0,1%-იან ზრდას ზეიმით აღნიშნავდნენ".
2025 წელს მოლდოვის ეკონომიკურმა ზრდამ 2,4% შეადგინა; ხოლო 2026 წელს - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2,5%-ს მოელიან. რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარე მოლდოვა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან დნესტრისპირეთის მოუგვარებელი კონფლიქტი მძიმე ტვირთად აწევს, წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყნად ითვლებოდა აღმოსავლეთ ევროპაში. მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატია და გაწევრიანების მოლაპარაკებების გზაზე დგას.
დეპუტატმა ცირდეამ დაგვიდასტურა, რომ მოლდოვის საპარლამენტო დელეგაციაში, სოციალისტების 3 წარმომადგენლის გარდა, კიდევ ორი პარტიის წარმომადგენლები შედიან: „დემოკრატია სახლში“ [ვასილე კოსტიუკი] და “ეროვნული ალტერნატიული მოძრაობა” [MAN], იგივე ბლოკი „ალტერნატივა“ [ოლგა ურსუ]. მისი განმარტებით, დელეგაციაში შემავალი ეს ორი პოლიტიკური ძალა მკაცრად და უპირობოდ ევროპული ინტეგრაციის მომხრეა და “თუკი თხოვნა იქნება, ამისთვის შიშვლებმა გაიარეთო, გაივლიან”; ხოლო თავად სოციალისტების პარტიის პოზიციიდან ამბობს, რომ “საჭიროა ევროპულ ინტეგრაციაზე საუბარი, მაგრამ ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით”:
“… მოკლედ, იქ [ევროპაში ინტეგრაცია] 150 გენდერის გარეშე; მეუღლე 1 და მეუღლე 2-ის გარეშე; მშობელი 1 და მშობელი 2-ის გარეშე… არის - დედა, მამა, ქმარი, ცოლი; არის კაცი და ქალი. რაღაც ასე - თუკი მარტივად [ავხსნით]”.
მსგავსი განცხადებები საქართველოს მოქალაქეებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა თუ მისი მოკავშირეებისგან სმენიათ.
როდესაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, “ოცნების” წარმომადგენლებმა მსგავსი ტერმინების გამოყენება დაიწყეს, საქართველოში ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ „ოცნების“ მესიჯები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და კრემლის პროპაგანდისტებისგან ეცნობოდათ. მშობელი #1 - მშობელი #2 თუ ბავშვებისთვის სქესის გადაკეთება - მანამდე ამ სპეციფიკურ ტერმინებს საქართველოში მხოლოდ პრორუსული ძალები იყენებდნენ და ყველაფერს დასავლეთს აბრალებდნენ.
ორგანიზაცია watchdog.md-ის თავმჯდომარემ, ვალერიუ პაშამ ფეისბუკზე დაწერა, რომ თბილისში ჩამოსული დელეგაციის წევრთა უმრავლესობა "ღიად პრორუსი სოციალისტია, ხოლო დანარჩენები - კრემლის „კონსერვატორები“, რომლებიც თავს პროევროპელებად ასაღებენ“.
რატომ არ არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები დელეგაციაში?
ბოგდან ცირდეას პასუხია, რომ მმართველმა „მოქმედების და სოლიდარობის“ (PAS) პარტიამ" თავად არ მოინდომა, უარი ბოლო წუთას განაცხადა და პარლამენტში სხვა ოპოზიციონერების, მაგალითად - კომუნისტების, დაბლოკვასაც ცდილობდა.
“თავიდან დანიშნეს თავისი წარმომადგენელი დელეგაციის შემადგენლობაში. ეს იყო მმართველი პარტიის დეპუტატი [იონ] გროზა. შემდეგ მათ გვთხოვეს, დელეგაციაში ჩაგვერთო პარლამენტის ვიცე-სპიკერი დოინა გერმანი. ბოლოს წინა წუთს, ქალბატონმა გერმანმა უარი თქვა; ხოლო ბოლო დღეს, უფრო სწორად - გამოფრენის წინა დღეს, პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსმა, უარი თქვა ხელი მოეწერა, ასე ვთქვათ, პარლამენტის დადგენილებაზე იმის შესახებ, რომ პარლამენტი ფარავდა დელეგაციის სატრანსპორტო ხარჯებს... ჩვენ ამან შოკში ჩაგვაგდო... თუკი თქვენ არ გინდათ საქართველოსთან მეგობრობა, რას ეძებთ მეგობრობის ჯგუფის შემადგენლობაში?!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას დეპუტატმა.
"ოლიგარქიული რეჟიმები მათთვის მიმზიდველია"
მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსმა, ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თბილისში გამგზავრებაზე შეგნებულად თქვეს უარი.
„ჩვენ დაგვპატიჟეს, თუმცა ვერ მივიღებდით ამ მიწვევას ქვეყნიდან, რომლის პარლამენტმაც, პარლამენტის ლიდერებმაც და პრემიერ-მინისტრმაც კი მეტად უპატივცემულობის გამომხატველი განცხადებები გააკეთეს მოლდოვის რესპუბლიკისა და მისი ხალხის მისამართით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მიწვევა არ განგვეხილა…
სინანულით აღვნიშნავ ერთგვარ სინერგიას „ქართულ ოცნებასა“ და მოლდოვურ კოშმარს შორის. ნათლად ვხედავ, რომ ეს ასევე იზიდავს სოციალისტებს, „დემოკრატიას სახლში“ და კიდევ ვინ არის იქ - „ალტერნატივას“?! ჩანს, ოლიგარქიული რეჟიმები მათთვის მიმზიდველია. ოლიგარქიული რეჟიმებისადმი ლტოლვა მეგობრობის ჯგუფებსაც სცილდება [დეპუტატი ვასილ კოსტიუკი, რომელიც დელეგაციაშია, არ არის მეგობრობის ჯგუფის წევრი - რ.თ.]... ეს მეტყველებს მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებზე - იმ რეჟიმის სასარგებლოდ, რომელიც გვერდს უვლის ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსაც კი. ვფიქრობ, უკრაინის ომზე ფულის გაკეთება უკიდურესად ცინიკურია“, - იგორ გროსი საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას მოლდოვაში 2019 წლამდე არსებულს ადარებს.
იგორ დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი იყო 2016-2020 წლებში.
მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა 2 აპრილს ჟურნალისტებთან ასევე დააზუსტა, რომ ქვეყნის ბიუჯეტს არ უღირდა 8 000 ევროს დახარჯვა საქართველოში გამგზავრებული დეპუტატების “ტურიზმისთვის“.
დაფარა თუ არა ვიზიტის მთელი ხარჯი ქართულმა მხარემ? - ამ საკითხების გარკვევას რადიო თავისუფლება “ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატთან, ისკო დასენთან ცდილობდა - რომელიც საქართველო-მოლდოვის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია. ამ ჯგუფში ექვსი დეპუტატია, ყველა “ქართული ოცნების” სიით გასული.
ისკო დასენმა საღამოს რადიო თავისუფლების ზარს აღარ უპასუხა; დილის დაპირების მიუხედავად, რომ მოლდოვის დელეგაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეულ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვაწვდიდა.
"ფასეული გამოცდილება"
დღის მეორე ნახევარში, პარლამენტმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მოლდოველ კოლეგებს შეხვდნენ მეგობრობის ჯგუფის წევრები - ისკო დასენი [ხელმძღვანელი ] და ჯგუფის წევრები მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი.
“მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოსა და მოლდოვას პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს”, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში. აქვე მოყვანილია დასენის ციტატა, რომ შეხვედრა “ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას“.
"ქართული ოცნების" დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, იგორ დოდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ განიხილეს საქართველოს "ფასეული გამოცდილება" - ნაციონალური ინტერესებისა თუ ტრადიციული ღირებულებების დაცვის კუთხით და რომ ეს არის "სუვერენიტეტის დაცვასა და სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკის მაგალითი".
ისაუბრეს თუ არა ნეიტრალიტეტის შესახებ - უცნობია. დოდონმა ტელეკომპანია “პირველს” პარლამენტში უთხრა, რომ “მოლდოვა ვერ გადარჩება ნეიტრალიტეტის გარეშე”. ევროკავშირის შესახებ კი მან, მათ შორის - აღნიშნა, რომ ურთიერთობები უნდა განისაზღვროს “ეკონომიკური სუვერენიტეტის” ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს, “ვისთან ივაჭრებს”.
თბილისში ჩამოსვლამდე, იგორ დოდონი რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების საჭიროებაზე ლაპარაკობდა მოსკოვში, რუსეთის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც.
თბილისსა და კიშინიოვს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაძაბულია. “ქართული ოცნების” მწვავე რიტორიკის სამიზნე ხშირად ხდება პირადად პრეზიდენტი მაია სანდუც.
2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის პროდასავლური მმართველი პარტიის დამაჯერებელ გამარჯვებას საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მარცხად განიხილავდა. აღნიშნავდნენ, რომ რუსეთმა მოლდოვის არჩევნებში ჩარევის სხვადასხვა ფორმა გამოიყენა, ბევრი რამ სცადა, თუმცა პროევროპული ძალების გამარჯვება ვერ შეაჩერა.
ფორუმი