Accessibility links

მონეტები წუნით - ნადავლი კოლექციონერებისთვის


ლაშა გიორგის უწესო ჭედვის სპილენძის მონეტა. უნიკალური წუნი - ბუში. ცალ მხარეზე ლაშას მონეტის ავერსია, მეორე მხარეს - თამარ მეფის მონეტის ავერსი.

მონეტები წუნით - ასეთი მონეტა ბევრმა შეიძლება მოისროლოს კიდეც, სამაგიეროდ, მათზე კოლექციონერები ნადირობენ.

მონეტას შესაძლოაბევრნაირი ზადი ჰქონდეს, მაგრამ წუნად მიიჩნევა მაშინ, როცა ის უშუალოდ ზარაფხანაში მოჭრისას დაზიანდა, ბრუნვაში კი მაინც აღმოჩნდა. მაგალითად, წუნია, როცა მონეტა სხვა მეტალშია მოჭრილი, აქვს ნაკბეჩი, ნახვრეტი (ნახვრეტიანი მონეტების შემთხვევაში) სხვა ზომის ან, საერთოდ, სხვაგანაა გახვრეტილი, მკრთალია ანაბეჭდი, შეცდომაა წარწერებსა ან ნომრებში და ასე შემდეგ...

წუნიანი მონეტებით ყველაზე ხშირად აუქციონზე ვაჭრობენ, თუმცა მათ კერძო პირებიც ყიდიან. ნუმიზმატმა დავით მიქელაძემ რუსუდანისა და ნარინის მონეტა სწორედ ასე შეიძინა, ან მონეტის ნახევარი ნარინისაა, ნახევარი - რუსუდანის.

ნარინისა და რუსუდანის მონეტა
ნარინისა და რუსუდანის მონეტა

„ყველაზე ხშირად წუნიანი მონეტები აზიაში გვხვდება, მაგალითად, ინდოეთში და ეგვიპტეში. სუდანში თითქმის ყველა მონეტა წუნიანია, იქ ჩვეულებრივი უფრო ფასობს. რუსები ათწლეულების მანძილზე, განსაკუთრებით 90-იან წლებში, განზრახაც აკეთებდნენ წუნიან მონეტებს, რომ შემდეგ გაეყიდათ“, - ამბობს დავით მიქელაძე.

ამერიკასა და ევროპაში, ხარისხიანი ზარაფხანების გამო, მონეტებს წუნი იშვიათად აქვთ. ამ მონეტების ღირებულება 10 დოლარიდან იწყება და ათასს და კიდევ უფრო მეტს აღწევს. თუ ეგზემპლარი იშვიათია, შეიძლება განსაკუთრებით ძვირი ღირდეს.

ლეგენდარული ხუთლარიანი

დავით მიქელაძე ამბობს, რომ ქართულ თეთრებში წუნი ძალიან იშვიათია და თუ არის, ისევ ერთლარიანებში, სხვა მონეტებზე - არა. რაც შეეხება ბანკნოტებს...

დავით მიქელაძე
დავით მიქელაძე

„იყო შემთხვევა, როცა 2002 წლის ათლარიანზე ინგლისურად „თენ ლარის“ ნაცვლად „ფენ ლარი“ ეწერა. t-ს სილამაზისთვის კიდევ ერთი ხაზი დაამატეს და ჩვეულებრივი f გამოვიდა. ეს ფული ახლა ძალიან ძვირი ღირს. აქ ვერც ვიშოვე, გერმანელი დილერისგან ვიყიდე 80 ევროდ“.

უფრო მასშტაბური იყო შეცდომა, რომელსაც დაბეჭდილი ბანკნოტების მთელი ტირაჟის განადგურება მოჰყვა - პირველი ხუთლარიანი! ბანკნოტზე ივანე ჯავახიშვილის პორტრეტის ქვეშ შეცდომით მიხეილ ჯავახიშვილი იყო მიწერილი. ფული ბრუნვაში აღარ გასულა. მიხეილის ხუთლარიანების მცირე ნაწილი ახლა პლასტმასის გამჭვირვალე ფირფიტებშია მოთავსებული და სუვენირებად იყიდება.

ქართლის სამეფო. ნახევარი ბისტი. სიტყვა " თბილისი" წერია სარკისებურად.
ქართლის სამეფო. ნახევარი ბისტი. სიტყვა " თბილისი" წერია სარკისებურად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG