Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი კოლექტიური შურისძიება კადიროვის ჩეჩნეთში?


ჯარისკაცი რამზან კადიროვის რეზიდენციის ტერიტორიაზე. 2022 წლის მარტი

მთელი ჩეჩნეთი შეძრა გროზნოს ცენტრში, ერთ-ერთ მეჩეთში 21 ნოემბერს მომხდარმა სისხლისღვრამ. ოფიციალური ვერსიით, 19 წლის მოვსარ ზაკრიევმა, ნამაზის დროს ჯერ საგზაო პოლიციის ინსპექტორი, ჯაბრაილ ჯამალოვი მოკლა, შემდეგ მსხვერპლის იარაღს დაავლო ხელი, ქუჩაში გავიდა და ცეცხლი გაუხსნა ორ სამართალდამცველს.

როგორც „კავკაზ.რეალიი“ წერს, ამ შოკისმომგვრელ ინციდენტს ჰქონდა ისეთი გაგრძელება, რაც ჩვეულებრივ ამბად იქცა კადიროვის ჩეჩნეთში: ზაკრიევი, რომელიც მიმალვას ცდილობდა, საპასუხო ცეცხლით მოკლეს, იგი უმალვე გამოაცხადეს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თანამგრძნობად, ხოლო სამართალდამცველებმა მასშტაბური რეიდი განახორციელეს ზაკრიევის მშობლიურ სოფელ ალდიში და მასობრივად დააკავეს თავდამსხმელის ნათესავები.

მთავარი სიტყვა რამზან კადიროვს ეკუთვნის

21 ნოემბერს გროზნოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ერთადერთ წყაროდ დღემდე რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი რჩება, რომელმაც ტელეგრამის არხში ასე აღწერა მეჩეთში მომხდარი ინციდენტი:

„ინსპექტორი ფეხის განბანისათვის ნამაზის შესასრულებელ ოთახში გავიდა, სადაც შაითანმა (ავსულმა რ.თ.) მას მალულად მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. ტაბელური იარაღით მიმალვის მცდელობისას დამნაშავე მოკლეს“, - წერს ტელეგრამის არხში რამზან კადიროვი, რომელიც თანაგრძნობას უცხადებს „სამსახურებრივი მოვალეობის“ დროს დაღუპული ინსპექტორის ნათესავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თავდასხმიდან ორი დღე გავიდა, გამოძიებას დანაშაულის მოტივზე ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

მაგრამ არსებობს არაოფიციალური ვერსია. კერძოდ, ტელეგრამის არხ „ბაზის“ ცნობით, მოვსარ ზაკრიევის მიერ პოლიციის ინსპექტორის მკვლელობის დღეს ერთ-ერთი ტელეგრამის არხით გავრცელდა სავარაუდოდ ზაკრიევის ხმით ჩაწერილი მიმართვა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი ჩეჩნურ ენაზე მურტადების (სჯულის მგმობელთა რ.თ.) წინააღმდეგ „წმინდა ომში“ ჩაბმის გეგმებზე საუბრობს.

გარდა ამისა, ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულია ასევე ზაკრიევის სავარაუდო ფოტო. მასზე გამოსახულ კაცს ტანს და სახეს უფარავს შავი სამოსი და „ბალაკლავა“, ხოლო ხელში უკავია დანა და რუსეთში აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა.

მაგრამ FotoForensics-ისა და InVID-ის სპეციალური სერვისების გამოყენებით ჩატარებული გამოსახულების ანალიზით დადგინდა ფოტოზე არსებული ანომალიები, რომლებიც შესაძლოა ადასტურებდეს ვერსიას, რომ დანა და დროშა ფოტოზე ხელოვნურად არის დამატებული.

გარდა ამისა, ზაკრიევის სავარაუდო აუდიოჩანაწერი ცნობილმა ოპოზიციურმა მოძრაობა 1ADAT-მა გამოაქვეყნა. მასზე ჩეჩნურ ენაზე მოსაუბრე მამაკაცის ხმა ამბობს, რომ იგი არ ეთანხმება ჩეჩნეთის ხელისუფლებას და მზად არის ჩაატაროს ოპერაცია „მათ წინააღმდეგ“. იგი იმასაც ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები მხარს უჭერენ კადიროველებს, მაგრამ თავად ამ ნათესავებს მუსლიმანური სჯულის გამყიდველებად მიიჩნევს.

ტელეგრამის არხ Niyso-ს ცნობით, 21 ნოემბერს გროზნოს ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ჩეჩნეთის პოლიციის წარმომადგენლებმა გაიტაცეს სოფელ ალდიში მცხოვრები თავდამსხმელის ნათესავები. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, კადიროველებმა იმავე დღეს დააკავეს დაახლოებით 20 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც გროზნოს ზავოდსკის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დევნიან, ასახლებენ, ამცირებენ

უსაფრთხოების ძალები ჩრდილოეთ კავკასიაში თვლიან, რომ სავარაუდო ექსტრემისტების ნათესავების გატაცების პრაქტიკა ეფექტურია, - ამბობს იგორ კალიაპინი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს ყოფილი წევრი, რომელიც არაერთხელ არის მივლინებით ნამყოფი ჩეჩნეთში და არაერთხელ პირადად განიცადა იქ ზეწოლა.

„მთლიანობაში კანონიერებასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენს ქვეყანაში არავის აინტერესებს. თუ ეს ეფექტს იძლევა, თუ ხელმძღვანელობის თავში არსებობს რწმენა იმისა, რომ ეს [გატაცება] შედეგიანია, - მაშინ კანონს სრულიად აშკარად გათელავენ ფეხქვეშ. ამაზე ერთი წუთითაც კი არ დაფიქრდებიან“, - ამბობს უფლებადამცველი.

დამნაშავედ მიჩნეული კონკრეტული პირის ოჯახის წევრთა რეპრესიები - რამზან კადიროვის პრაქტიკაა, ხოლო რუსეთის ფედერალური ხელისუფლება, როგორც კალიაპინი ამბობს, ამ რეპრესიებზე თვალს ხუჭავს.

ასე მაგალითად, 2016 წელს გროზნოში პოლიციელებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ჩაატარა მიტინგი, რომლის ინიციატორები, თითქოს, თავად ტერორისტების მშობლები იყვნენ.

ჩეჩნეთში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერთა სამმართველომ სწორედ ასე აღწერა ეს ფაქტი: „ეს იყო მასობრივი თავყრილობა ტერორისტების ნათესავებისა, რომლებმაც თავიანთი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა გადაწყვიტეს“. მანამდე, როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა გამართეს მათთან შესაბამისი საუბარი.

2017 წლის იანვარში შალისა და ცოცინ-იურტში გამართულ „მასობრივ შეკრებებზე“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არა მხოლოდ ამ დასახლებული პუნქტებიდან, არამედ მთელი ჩეჩნეთიდან გაესახლებინათ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ოჯახების წევრები.

რამდენიმე კვირაში შალიში ახალი თავდასხმა მოხდა პოლიციელებზე. შეტაკების შედეგად დაიღუპა ორი სამართალდამცველი და სამი თავდამსხმელი, სროლის შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიჭრა. მაშინაც ჩეჩნეთის ხელისუფლებამ „თავდამსხმელთა ოჯახის წევრების“ მასობრივი დევნის გავრცელებულ პრაქტიკას მიმართა.

2017 წლის მარტში პოლიციამ ძმებ მუროდოვების მამა დააკავა მას შემდეგ, რაც უკანონო ფორმირების წევრები გროზნოში რუსეთის გვარდიის წევრებს დაესხნენ თავს და 6 გვარდიელი დახოცეს. საპასუხო სროლის შედეგად რამდენიმე თავდამსხმელი, მათ შორის ძმები მუროდოვებიც მოკლეს.

იმავე წელს ოჯახის წევრებზე შურისძიების პრაქტიკა მეზობელ დაღესტანშიც გავრცელდა. 2017 წლის ოქტომბერში სამართალდამცველებმა ააფეთქეს ყიზლარის რაიონში მდებარე სავარაუდო ექსტრემისტების სახლი, ხოლო შენობის მახლობლად მათ მიერ დახოცილთა ფოტოები გამოფინეს.

ახმატ კადიროვი - „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ პრაქტიკის ინიციატორი

სავარაუდო ექსტრემისტების ნათესავების მკაცრი დასჯისა და „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ პრაქტიკა რამზან კადიროვს არ გამოუგონებია, მან იგი უფრო განავითარა.

2004 წელს რამზანის მამამ, ახმატ კადიროვმა ასეთი რამ თქვა: პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ ნათესავებს, არამედ მეზობლებსო. Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, მაშინ ჩეჩენმა სამართალდამცველებმა გადაწვეს იმ ორი ოჯახის კუთვნილი სახლები, რომელთა ოჯახის წევრები სეპარატისტული იჩქერიის სამხედრო რაზმებში იბრძოდნენ.

„კოლექტიური პასუხისმგებლობის“ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჩეჩნეთში 2014 წელს, როდესაც კადიროველებმა, უფლებადამცველების თანახმად, გროზნოზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ტერორისტთა ნათესავების რამდენიმე სახლი დაწვეს.

6 დეკემბერს გუდერმესის განაპირას დაწვეს იუნუს გელხაევის სახლი მას შემდეგ, რაც იუნუსმა მოკლულთა შორის საკუთარი შვილიც ამოიცნო.

დაუსჯელობა - „იდეალური ნიადაგი რადიკალიზაციისთვის“

არ არის ცნობილი, რომ მამა-შვილ კადიროვების მიერ დამკვიდრებულ ამ „კოლექტიური პასუხისმგებლობის“ პრაქტიკას ჩეჩნეთის ომის დროს რუსეთის ფედერალური ხელისუფლებაც იყენებდა, მაგრამ ფედერალური ხელისუფლება მათ ამ უკანონობაში არც ხელს უშლიდა, - ამბობს „მემორიალის“ წარმომადგენელი ოლეგ ორლოვი.

დაახლოებით 2004 წელს ჩეჩნეთში დაიწყეს არა მხოლოდ დახოცილი ექსტრემისტების, არამედ ტყესა და მთებში გამაგრებული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრთა ნათესავების დაკავება და მძევლად აყვანა, რომლებსაც მხოლოდ ექსტრემისტის მიერ იარაღის დაყრის შემთხვევაში ჰპირდებოდნენ გათავისუფლებას.

„ეს მეთოდი ეფექტიანი აღმოჩნდა. ადამიანები გამოდიოდნენ [ტყეებიდან], მათ აიძულებდნენ დაეღვარათ სხვების სისხლი და არ რჩებოდათ სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ კადიროველები გამხდარიყვნენ“, - აღნიშნავს უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი.

ვინაიდან ყველა მსგავსი ფაქტი არ ხმაურდება, უფლებადამცველები ვერ ახერხებენ გატაცების დინამიკის თვალის მიდევნებას, - ამბობს პროექტ „გორიაჩიე ტოჩკის“ ყოფილი კოორდინატორი, იურისტი გალინა ტარასოვა.

„საზედამხედველო ფუნქციების ფედერალური სტრუქტურები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს ჩეჩნეთში. ბევრი ასეთი საკითხი რეაგირებისთვის თავად კადიროვს და მის გარემოცვას ეგზავნება განსახილველად“, - აღნიშნავს იურისტი და დასძენს, რომ უფლებადამცველებს მხოლოდ მაშინ ეძლევათ „ტერორისტულ“ საქმეებზე წვდომის უფლება, როდესაც მათ დახმარებისთვის თავად ბრალდებულთა ადვოკატები ან ნათესავები მიმართავენ.

უფრო ხშირად დაზარალებულები არ არიან მზად იმისთვის, რომ იბრძოლონ თავიანთი უფლებების დასაცავად, რადგან ეს ბევრ საფრთხესთან არის დაკავშირებული. შედეგად კი იქმნება მოჯადოებული წრე, - ამბობს ალბერტ კუზნეცოვი, წარსულში „წამების საწინააღმდეგო კომიტეტში“ ჩრდილოკავკასიური ფილიალის იურისტი.

„რესპუბლიკებში ინფორმაცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, ადამიანებს ხშირად ესმით სამართალდამცველთა მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების თაობაზე, მაგრამ პრაქტიკულად არ არსებობს ცნობები ამ დანაშაულის ჩამდენთა დასჯის შესახებ. ამიტომ მათ ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ კანონი არ მოქმედებს. უფლებადამცველები დაკავებული არიან დახმარებით სამართლებრივი სივრცის ფარგლებში, მაგრამ თუ ადამიანებს იმედი გაუცრუვდებათ თავად კანონითა და მის რეალიზებით, მაშინ ისინი არ წავლენ უფლებადამცველებთან. ასეთი პოზიციის ქონა - ეს მათი უფლებაა“, - ამბობს იურისტი.

მაგალითისათვის მას მოჰყავს სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობის ჩადენისთვის გამოტანილი განაჩენების სტატისტიკა. როგორც ირკვევა, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მუხლით მხოლოდ 8 განაჩენი დადგა და ყველა მათგანი მხოლოდ სამხედრო ნაწილებს შეეხებოდა.

„რატომ ხდება ასე? ჩეჩენი სამართალდამცველები ან დანაშაულს არ სჩადიან, ან ისინი არ ისჯებიან. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ჟონავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე მეორესთან [დაუსჯელობასთან] გვაქვს. ადამიანები ამას ხედავენ და არა აქვთ დიდი სურვილი, რომ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს ან უფლებადამცველებს. ასე რომ, მათ აღარ რჩებათ დაცვის კანონიერი საშუალებები. ასეთი შედეგი კი იდეალური ნიადაგია პიროვნების რადიკალიზაციისთვის“, - დასძენს ალბერტ კუზნეცოვი.

  • 2021 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ სამი წლის განმავლობაში ჩეჩნეთში თითქმის ხუთი ათასი ადამიანი გაუჩინარდა
  • 2022 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ჩეჩნეთში ძებნილთა სიაში ირიცხებოდა 1598 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი.
  • მოსკოვისა (2243) და მოსკოვის ოლქის (1762) შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობის მიხედვით, ჩეჩნეთი რუსეთის რეგიონებს შორის მესამე ადგილზეა.
  • ოპოზიციონერმა ბლოგერმა იბრაჰიმ იანგულბაევმა აღწერა საიდუმლო ციხე, რომელშიც ის თავად ჰყავდათ მოთავსებული და სადაც მის წამებაში პირადად რამზან კადიროვმა მიიღო მონაწილეობა.
  • ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ არანაირი დაკავებულთა საიდუმლო სარდაფები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არ არსებობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG