Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეები, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ - რა ვიცით მათზე


წერილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 12 სექტემბერს გადაიგზავნა.
წერილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 12 სექტემბერს გადაიგზავნა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია პრემიერის თანხმობის გარეშე ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრებით. 

საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი წერილი იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად მმართველმა პარტიამ სასამართლოში 12 სექტემბერს შეიტანა. სასამართლოს საკითხის განსახილველად ზუსტად ერთთვიანი ვადა აქვს.

იმპიჩმენტის საკითხზე, ისევე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სხვა საკონსტიტუციო დავებზე, გადაწყვეტილება სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - პლენუმმა უნდა მიიღოს.

როგორ იღებს პლენუმი დასკვნას?

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრაზე დასაყენებლად აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით, "დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრი".

პლენუმი 9 მოსამართლისგან შედგება.

ვინ ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს?

საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან სამს ნიშნავს უზენაესი სასამართლო, სამს - პარლამენტი (მინიმუმ 90 ხმით) და სამს კი - პრეზიდენტი. მოსამართლეს ამ თანამდებობაზე მუშაობა შეუძლია მხოლოდ ერთი ვადით და მხოლოდ 10 წლის განმავლობაში - საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისგან განსხვავებით, უვადოდ არავინ ინიშნება.

ვინ არიან მოსამართლეები?

პარლამენტის არჩეული წევრები

მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლე მერაბ ტურავა. მას 10-წლიანი სამუშაო ვადა 2025 წლის მარტში ეწურება.

მერაბ ტურავა
მერაბ ტურავა

ტურავა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, 2000-2005 წლებში კი - პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

2005 წლის ზაფხულში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ იუსტიციის საბჭოს მეშვეობით 15 მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყო. ამ მოსამართლეთაგან ოთხი (ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი), "მეამბოხე მოსამართლეების" სახელით იყვნენ ცნობილი. მოსამართლეთა ნაწილი საბჭომ გაამართლა, ნაწილს შენიშვნა მისცა. ყველაზე მკაცრი სასჯელი - თანამდებობიდან გათავისუფლება კი გამოიყენეს ამ, ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების წინააღმდეგ "კანონის თავისებური ინტერპრეტაციის ბრალდებით".

ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერებს შორის იყვნენ უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და მისი მოადგილე ლევან მურუსიძე, რომელიც ახლა უვადო მოსამართლეა. მისი სახელი "სასამართლო კლანს" უკავშირდება.

ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებიდან თამარ ლალიაშვილმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღო და 2019 წელს მოიგო.

ევა გოცირიძე

2017 წელს 10-წლიანი ვადით პარლამენტმა მოსამართლე ევა გოცირიძე აირჩია. არჩევამდე მას სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ორი ვადით 2007 წელსა და 2013 წელს მუშაობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.

ევა გოცირიძე
ევა გოცირიძე

წლების წინ, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის ევა გოცირიძეც წარადგინა. მისი კანდიდატურა მიუღებელი იყო არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვის, არამედ მაშინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვისაც.

ევროპულმა სასამართლომ მიწოდებული კანდიდატებიდან მოსამართლედ არავინ დაამტკიცა. მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობდა, რომ მოქალაქეებმა და ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის სახალხო დამცველმა იმუშავეს, რომ სია ქვეყანას უკან დაბრუნებოდა. რამდენიმე თვეში, 2017 წლის ნოემბერში გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.

გოცირიძეს დაწერილი აქვს ათეულობთ სტატია და გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, მათ შორის ერთი აშშ-ში იმპიჩმენტს შეეხება - "იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონსტიტუციური დილემები".

მანანა კობახიძე

პარლამენტის შერჩეული მესამე მოსამართლე მანანა კობახიძეა. ის 2021 წლიდან არის თავმჯდომარის მოადგილე და მეორე კოლეგიის თავმჯდომარე.

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

2012 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. წლების განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", მათ შორის ეკავა თავმჯდომარისა და დირექტორის თანამდებობებიც.

2012 წლის აპრილიდან, "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან 10 თვის განმავლობაში, კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარე იყო. საქართველოს პარლამენტში 2012-2016 წლებში ის საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით მოხვდა. მმართველი პარტიიდან ის ასევე აირჩიეს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრადაც 2016 წელს, რამდენიმე თვეში კი ყოფილმა კოლეგებმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში გაამწესეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ე.წ. სუსის ფაილებში პრეზერვატივ "აიისას" საქმესთან კომუნიკაციის ეპიზოდით მოხვდა. ამ ფაილებში მოხვედრის გამო კობახიძემ პროკურატურას მიმართა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ე. წ. სუსის ფაილების საქმეზე დაზარალებულად ათეულობით ადამიანი, ძირითადად ჟურნალისტებია ცნობილი.

უზენაესი სასამართლოს დანიშნული მოსამართლეები

ვასილ როინიშვილი

ვასილ როინიშვილი თავმჯდომარის მოადგილე და პირველი კოლეგიის თავმჯდომარეა. 46 წლის მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა 2030 წელს ეწურება.

ვასილ როინიშვილი
ვასილ როინიშვილი

2009-2020 წლებში როინიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, 2020 წლის მაისში უზენაესმა სასამართლომ ის საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.

როინიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა:

  • 2004-2006 წლებში - გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად;
  • 2006-2008 წლებში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად;
  • 2008-2009 წლებში - საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ის 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარდგინებით პარლამენტში (“ნაციონალური მოძრაობის” უმრავლესობამ) დაამტკიცა.

2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში როინიშვილის გამწესება გააპროტესტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა. ის აცხადებდა, რომ მისი არჩევით საკონსტიტუციო სასამართლოში "მოსამართლეთა კლანის" გავლენები გაიზრდებოდა.

"არანაირი კლანი, დამიჯერეთ რა. რას ჰქვია კლანი? რატო არ არის, მაგალითად, ჩემი კლანი? ეგება, მე ვარ საერთოდ თავმჯდომარე ამ კლანის, რა იცით?!" - თქვა როინიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევის შემდეგ.

ხვიჩა კიკილაშვილი

სამი წელია საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობს უზენაესი სასამართლოდან იქ გამწესებული ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი

ის 1994 წლიდან 2006 წლამდე პროკურატურის სისტემაში მუშაობდა გამომძიებლად, პროკურორის თანაშემწედ, პროკურორის მოადგილედ. 2006 წლიდან იწყება კიკილაშვილის სამოსამართლეო გამოცდილება - სიღნაღის, ხელვაჩაურის, ბათუმის სასამართლოებში. შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლში, სადაც უვადო მოსამართლედაც დაინიშნა, იქიდან კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა.

2020 წელს მისი დაწინაურება "საკონსტიტუციო სასამართლოს აბუჩად აგდებად" შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა და კიკილაშვილის კარიერული წარმატება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს დაუკავშირა. მიქაუტაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. სასამართლო კლანის წევრად მოიხსენიებენ.

​კიკილაშვილმა განიხილა საქმე, რომელშიც მიქაუტაძეს არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები 2016 წელს მომხდარი ინციდენტისას მათი შვილის ცემაში ადანაშაულებდნენ. ​ბავშვის ცემის საქმეზე დაწყებული გამოძიება რამდენიმე საათში მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმედ გადაიქცა. მოსამართლე კიკილაშვილმა კი ბავშვის მშობლების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

თეიმურაზ ტუღუში

უზენაესი სასამართლოს დამტკიცებული კანდიდატებიდან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს თეიმურაზ ტუღუშს. მისი სამოსამართლეო კარიერა 2016 წელს იწყება საკონსტიტუციო სასამართლოში, მანამდე კი იყო ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.

თეიმურაზ ტუღუში
თეიმურაზ ტუღუში

“როგორც კი საკუთარ თავში შემეპარება ოდნავ ეჭვი, რომ მე არ შემიძლია, გპირდებით, რომ არ ვიქნები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, მაგრამ, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და ეს არ არის ის სიტყვები, რომ რაღაც მეჩვენებოდეს. მიმუშავია, ვიცი, რა მიკეთებია და რა უნდა ვაკეთო მომავალში. ვიცი, რა მიღწევები აქვს სასამართლოს, რა გამოწვევები აქვს და წარმომიდგენია, მომავალში რა შეიძლება იყოს კიდევ”, - თქვა მან მოსამართლედ განწესების შემდეგ.

პრეზიდენტის დანიშნული მოსამართლეები

გიორგი თევდორაშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე, გიორგი თევდორაშვილი სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 2021 წლის დეკემბერში დანიშნა.

გიორგი თევდორაშვილი
გიორგი თევდორაშვილი

მანამდე თევდორაშვილს სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონია - თითქმის 15 წელი მუშაობდა "საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში".

მოსამართლეობასთან ერთად ის ითავსებს სასამართლოს მდივნის ფუნქციასაც. საკონსტიტუციოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თევდორაშვილს გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე.

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დანიშნულია გიორგი კვერენჩხილაძე, მას უფლებამოსილების ნახევარზე მეტი უკვე ამოწურული აქვს.

გიორგი კვერენჩხილაძე
გიორგი კვერენჩხილაძე

ორი წლის განმავლობაში იყო ამავე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს (2004 - 2006 წლები) კი მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის თანაშემწედ.

1996 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საკონსტიტუციო სამართლისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების საკითხებზე.

ირინე იმერლიშვილი

გიორგი მარგველაშვილის დანიშნულია (2016 წელს) მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც. მანამდე მასაც არ ჰქონია სამოსამართლეო გამოცდილება.

ირინე იმერლიშვილი
ირინე იმერლიშვილი

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს (2000-2003 წლებში) იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წელი იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, შემდეგ კი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ეროვნულ უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.

იმპიჩმენტი - როგორ განმარტავს კონსტიტუცია პროცედურას?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს „პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედს პრეზიდენტის მიერ „კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით”.

კონსტიტუციის 52-ე მუხლი პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას, საერთაშორისო შეხვედრები პრემიერის თანხმობის გარეშე გამართოს.

სალომე ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც აგვისტოში პრემიერის უარი მიიღო რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტზე, მაინც შეხვდა გერმანიის, საფრანგეთისა და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს და საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ესაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იყო საკუთარი ხარჯითა და პირადი კონტაქტებით გამართული შეხვედრები.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ, თუ მოსამართლეები კონსტიტუციის დარღვევას დაადგენენ, პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც 100 დეპუტატის ხმაა საჭირო პრეზიდენტის გადასაყენებლად.

საპარლამენტო უმრავლესობას სრული მობილიზების შემთხვევაშიც კი მხოლოდ 84 ხმა ექნება, ამიტომ მას ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა დასჭირდება პრეზიდენტის გადასაყენებლად.

XS
SM
MD
LG