კლინიკაში დღის ოთხი საათითვის გადაიყვანეს პირველი მათგანი, მირზა ლოლაძე, საღამოს შვიდი საათისთვის კი მეორე, ტარიელ მიქაცაძე.
მათი მდგომარეობა ბოლო ორი დღის განმავლობაში გართულდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს შეუძლოდ გრძნობენ, უჭირთ საუბარი, თვალების გახელა და წვანან, საჭირო მედიკამენტების მიღებაზე, მათ შორის, შაქრიანი წყლის დალევაზე ექიმს უარს ეუბნებიან.
ეს ლოლაძისთვის „მშრალი შიმშილობის“ მესამე დღეა, მიქაცაძისთვის კი - მეორე.
შიმშილობა, - განსაკუთრებით კი უწყლოდ შიმშილობა, - სერიოზულ სასიკვდილო რისკებს შეიცავს ადამიანისათვის.
სულ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლობამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. ადამიანი მოკვდეს.
შიმშილობა აქვს გამოცხადებულ კიდევ ხუთ მაღაროელს.
ნაწილს პირი აქვს ამოკერილი.
4 ივლისს შიმშილობის მე-16 დღე შესრულდა. მოშიმშილეები არიან:
- მირზა ლოლაძე
- ტარიელ მიქაცაძე
- სიმონ მიქაცაძე
- გოგა აბესაძე
- შავლეგ გოგსაძე
- ჯანო ლაბაძე
- მერაბ სარალიძე, - რომელიც პოლიციამ სამ მაღაროელთან ერთად 29 აპრილს დააკავა. მათ გამოძიება შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას ედავება.
ისინი ითხოვენ:
- ოთხი დაკავებული მაღაროელის გათავისუფლებას;
- ღირსეულ მუშა პროცესს;
- სახელფასო დავალიანების დაფარვას;
- "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.
ფორუმი