Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძალადედ მიჩნეულ ქალს 1000-ლარიანი გირაო დაეკისრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო დააკისრა ქალს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ძალადობის გულისთვის უჩივლა ყოფილ ქმარს, თუმცა ქალის საჩივრიდან ოთხი თვის თავზე, 23 ივნისს, პროკურატურამ იქით წაუყენა ქალს ბრალი ძალადობისა და ცრუ დასმენის ფაქტზე, ყოფილი მეუღლე კი დაზარალებულად ცნო. სასამართლო სხდომაზე, რომელიც 28 ივნისს შედგა, მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 2000- ლარიანი გირაოს ნაცვლად თამარ ბეკარაშვილს 1000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა, წინასასამართლო სხდომა კი მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების განსახილველად მოსამართლემ 16 აგვისტოს დანიშნა.

ქალი უდანაშაულოა. პირიქით, ის თავად არის მსხვერპლი. თებერვლის შემთხვევის გამო მისი მეუღლის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი და დამცავი ორდერები. ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს სწორედ ქალის მიმართ...
რევაზ აჭარაძე

როგორც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 2 თებერვალს ქალი მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლთან შვილის წამოსაყვანად. „ვინაიდან ბავშვს წასვლა არ უნდოდა და ტირილი დაიწყო“, სახლის შესასვლელთან ყოფილ მეუღლეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ქალმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ქმარს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, შემდეგ კი ფრჩხილებით მიაყენა დაზიანებები ნაკაწრების, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. „მომხდარით განაწყენებულმა ქალმა ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით პოლიციაში დარეკა და ცრუ დასმენა განახორციელა, თითქოს მას ყოფილმა მეუღლემ სცემა. მან ასევე ადგილზე მისულ პოლიციის მუშაკებს ყოფილ ქმარზე მიუთითა, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, რა დროსაც მამაკაცი ადგილზე იქნა დაკავებული“.

პროკურატურის განცხადებისგან რადიკალურად განსხვავდება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს თამარ ბეკარაშვილის უფლებებს. ერთმანეთს ემთხვევა მხოლოდ ინციდენტის თარიღი. რაც შეეხება დაზარალებულსა და მოძალადეს, ამ შემთხვევაში როლები გაცვლილია:

„2018 წლის თებერვალში თამარ ბეკარაშვილმა მიმართა პოლიციას და აცნობა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე და მის დედაზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიების საწყის ეტაპზე მოხდა თამარ ბეკარაშვილის ყოფილი ქმრის დაკავება და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. 2018 წლის ივნისში პროკურატურამ მოულოდნელად ძალადობაში მხილებული პირი დაზარალებულად ცნო და მსხვერპლს წაუყენა ბრალი ყოფილ ქმარზე ძალადობის და მისი ცრუ დასმენის საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მსხვერპლი ქალისთვის ბრალის წარდგენისას დაეყრდნო მიკერძოებულ მოწმეებს და არ გაითვალისწინა სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდებოდა, რომ თამარ ბეკარაშვილი არის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის არ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამავე ფაქტზე თამარ ბეკარაშვილი ცნობილია ოჯახში ძალადობის მსხვერპლად“.

რევაზ აჭარაძე
რევაზ აჭარაძე

რევაზ აჭარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი და სასამართლოში თამარ ბეკარაშვილის ინტერესების დამცველი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ქალს პროკურატურამ ბრალი დაუსაბუთებლად წაუყენა. ასევე მიუღებელია მათთვის სასამართლოს 28 ივნისის გადაწყვეტილება და ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს დაკისრება:

„ქალი უდანაშაულოა. პირიქით, ის თავად არის მსხვერპლი. თებერვლის შემთხვევის გამო მისი მეუღლის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი და დამცავი ორდერები. ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს სწორედ ქალის მიმართ“.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „პროკურატურის მსგავსი მიდგომა არსებითად ლახავს არა მხოლოდ თამარ ბეკარაშვილის ინტერესებს, არამედ ეს პრაქტიკა უარყოფითად აისახება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მსხვერპლ ქალებს უღრმავებს დაუცველობის განცდას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG