Accessibility links

site logo site logo

მუსიკა: რევაზ ლაღიძისა


საოცრად ქარიზმატული ადამიანი, ციმციმა, მწვანე თვალებით - ასე ახასიათებენ რევაზ ლაღიძეს, რომელმაც 60 წელი იცოცხლა და თითქმის ამდენივე შედევრი დატოვა.

16 ოქტომბერს რევაზ ლაღიძის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. წელსვე, 10 ივლისს, მისი დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს.

რევაზ ლაღიძე ჭიპლარშემოხვეული დაიბადა, ძლივს გადაარჩინეს. ექიმმა, რომელიც მშობიარეს თავზე ედგა, თქვა, ნუ დარდობთ, ეს ბავშვი არა მხოლოდ ბაღდათს, მთელ ქვეყანას ასახელებსო. მშობლების დასამშვიდებლად ნათქვამი ეს სიტყვები შემდეგ მართლა ახდა.

თავიდან ვიოლინოზე უკრავდა და სამუსიკო სასწავლებელი სწორედ ვიოლინოს განხრით დაამთავრა. უკვე კონსერვატორიაში„საჭიდაო“ დაწერა. მიუტანა ანდრია ბალანჩივაძეს და თავისი ბაჯაჯა თითებით შეასრულა როიალზე. ანდრიას ძალიან მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი შემფასებელი იყო“, - ამბობს მუსიკათმცოდნე გვანცა ღვინჯილია.

ლაღიძემ კონსერვატორია დაამთავრა უკვე როგორც კომპოზიტორმა. მისთვის ყველაზე ახლობელი ჟანრი საესტრადო სიმღერა გახდა, რომელიც გვანცა ღვინჯილიას თქმით, აკადემიურ ხარისხში აიყვანა.

გვანცა ღვინჯილია: „ამბობდა, სიმღერა ნოტებით არასოდეს მისწავლია, ნოტით სიმღერას ვერ ისწავლიო. როცა მუშაობდა, იკარგებოდა ხოლმე, ძალიან უყვარდა ნადირობა, თევზაობა... ბუნებაში გადიოდა და სახლში დაბრუნებული შედევრებს წერდა. დაკეტილ კარებში მუშაობა არ უყვარდა. დაასრულებდა თუ არა ნაწარმოებს ახლობლებს, მეზობლებს მოიწვევდა და წარუდგენდა. თავისი გულღიაობით, იმიჯით ძალიან ჰგავდა იოსებ ნონეშვილს. ორივენი ბავშვებივით გულწრფელები იყვნენ, ყველას უღიმოდნენ, მათში ქედმაღლობის მისხალიც კი არ იყო“.

რევაზ ლაღიძე ნადირობისას
რევაზ ლაღიძე ნადირობისას

რევაზ ლაღიძის მუსიკა ახლოსაა ხალხურ შემოქმედებასთან, ფოლკლორი, ხალხური ინტონაციები ოპერაშიც აქვს გამოყენებული და სიმღერებშიც. თავის მხრივ ლაღიძის მუსიკაც ადვილად ხდებოდა ხალხური. მისმა ძალიან ბევრმა სიმღერამ, რომელიც ხალხმა კინოდან გაიცნო, დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, მაგ: „დარკვეთელო ქალო“ ფილმიდან „განგაში“, „ჩემო კარგო ქვეყანა“ –„გლახის ნაამბობი“, „გულს რად მიკლავ“ – „საბუდარელი ჭაბუკი“ და ბოლოს, „თბილისო“. დღეს უკვე აღარავის ახსოვს, მაგრამ „თბილისო“ რეალურად კინომუსიკაა. ის ფილმისთვის „ყვავილი თოვლზე“ დაიწერა. ზოგადად 1959 წელს გადაღებული ამ ფილმიდან ყველაზე მეტად სწორედ სიმღერები „გადარჩნენ“.

„თბილისო“ და არა მხოლოდ

„თბილისო“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყველა მღეროდა, მერიის საათიც კი.

მარინა ქავთარაძე, მუსიკათმცოდნე: „ეს შემთხვევითი არ არის. ამ სიმღერას აქვს მელოდიურობა, ჰარმონია პლასტიკურობა. გარდა ამისა, მას გამორჩეული შემსრულებლები ჰყავდა. ჯერ მარტო ნანი ბრეგვაძის ფაქტორი რად ღირს და იოვანა (ბერძენი მომღერალი), რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო ეს სიმღერა. სხვათა შორის მის განსაკუთრებულობას მიუთითებს ისიც, რომ ჯერი სკოტის Stay with me მთლინად „თბილისოს“ მიხედვითაა დაწერილი. როდესაც ეს სიმღერა საბჭოთა კავშირში შემოვიდა ქართველები სახტად დავრჩით, აღმოჩნდა, რომ „თბილისო“ ინგლისურადაც არის და სულ სხვა ავტორი ჰყავს. მაშინ ჯერი სკოტი ცოცხალი აღარ იყო და მერე ჩაასწორეს, რომ ამ სიმღერაში გამოყენებულია ლაღიძის მუსიკა“.

რევაზ ლაღიძის დაწერილია „ჰიმნი ქუთაისს“, „ბალადა ვაზზე“, „სიმღერა სამშობლოზე“, „მოხეური ბალადა“, „მუხამბაზი თბილისზე“; მუსიკალური კომედიები „მეგობრები“, „კომბლე“. ასევე, როდესაც სამოცდაათიან წლებში ახალგაზრდობა ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოვიდა, ლაღიძემ „ჰიმნი დედაენას“ დაწერა. დაწერილი აქვს ოპერაც, რომელიც პირველად 1973 წელს დაიდგა.

რევაზ ლაღიძე მეუღლესთან ერთად
რევაზ ლაღიძე მეუღლესთან ერთად

მარინა ქავთარაძე: „ოპერა „ლელა“ ქუთაისის თეატრს ბოლო დრომდე ჰქონდა რეპერტუარში. საერთოდ ქართული ოპერების მიმართ ინდეფერენტული დამოკიდებულება ალბათ უახლოეს მომავალში გამოსწორდება. ეს ოპერა უდავოდ იმსახურებს დიდ ყურადღებას, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ოპერაა“.

რევაზ ლაღიძემ კომუნისტურ ეპოქაში იცხოვრა და ეს მის შემოქმედებაზეც აისახა. რომ ზოგადად ამ თაობამ კარგად იცოდა, რომ პერიოდულად რეჟიმის მიმართ ხარკი უნდა გაეღო.

მარინა ქავთარაძე: „მხედველობაში მაქვს საგუნდო სიმღერები, რომელიც ყრილობებისთვის ან დღესასწაულების იწერებოდა. მაგალითად „დიდება პარტიას“. სიტყვები რომ შეუცვალოთ არაჩვეულებრივი სიმღერაა. თავიდან ასეც იყო ჩაფიქრებული, უნდა ყოფილიყო „დიდება სამშობლოს“, მერე „პარტია“ მიაწერა. ასეთ სიმღერებზე გარკვეული ტაბუ მოქმედებს, თუმცა მუსიკა იმდენად კარგია, რომ მათი დაკარგვა არ შეიძლება“.

გალაკტიონისდაიძინე

1981 წლის შემოდგომის საღამოს კომპოზიტორმა ცოლს გალაკტიონის „დაიძინე“ წაუკითხა. მეორე დილას მეუღლემ ის გარდაცვლილი იპოვა. ამ დროს რევაზ ლაღიძე 60 წლის იყო. ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

დაიძინე, არემარევ, დაიძინე, შემოხედვავ!

დაიძინე, ცის კამარავ, შენც, ყვავილის ცელქო მუმლო!..

დაივიწყეთ ხევხუვებში მიმალული საიდუმლო...

დაიძინე, დაიძინე, ფიქრთა შორის, შავო მთაო!

ნანას გეტყვის ნელი სიო და მდუმარე სასაფლაო...“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG