Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდებით სავსე ქალაქი


თავისუფლების მოედანი, თბილისი 
თავისუფლების მოედანი, თბილისი 

კახა კალაძეს შეიძლება არც უფიქრია, მაგრამ, როცა საქმე ომისა და მშვიდობის შეპირისპირებასა თუ ომში გახვეულ სამყაროში მშვიდობით თავის მოწონებაზე მიდგება, ძნელია არ გავიხსენოთ ამ საკითხზე დაწერილი ყველაზე დიდი წიგნის ავტორი, რომელიც პიერ ბეზუხოვის პირით ქადაგებს სამყაროში ომის მოსპობისა და მარადიული მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე, მაგრამ, ვფიქრობთ, უხერხული იქნება თბილისის მერისთვის ტოლსტოის ფიზიკურადაც ყველაზე დიდი წიგნის ჩადება, თუმცა შედარებით პატარა (ცხადია, მოცულობით) ტექსტის შეპარება, ალბათ, მაინც შესაძლებელია.

კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების ნიშნისმოგებით საუბარი მშვიდობაზე მაშინ, როცა რუსეთის უტიფარი აგრესიის მსხვერპლი უკრაინა ცეცხლშია გახვეული, ძალიან ჰგავს ლევ ტოლსტოის მოთხრობის, „ივან ილიჩის სიკვდილის“ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების მოუთოკავ სიხარულს, რომელსაც იწვევს იმის გააზრება, რომ უბედურება დაემართა სხვას და არა შენ.

„როგორია, მოკვდა ის, მე კი, აი, ცოცხალი ვარ! - იგრძნო ან გაიფიქრა თითოეულმაო“, - წერს ტოლსტოი.

ზუსტად ასეთი, სულმოკლეობით დამუხტული იმპულსები იგზავნება ყოველ ჯერზე, როცა „ქართული ოცნების“ ლიდერები საქართველოსა და თბილისში შენარჩუნებულ მშვიდობაზე, თავიდანვერაცილებულ ომსა და დასჯისთვის განწირულ უკრაინაზე ლაპარაკობენ, თუმცა ტოლსტოისთან ივან ეგორიჩებს, ფეოდორ ვასილიჩებსა და პეტრე ივანიჩებს, უფრო მეტად ქვეცნობიერი მართავთ, ვიდრე ცნობიერი, განსხვავებით ჩვენი გიორგევიჩების, კარლოევიჩებისა და ტარიელოვიჩებისგან, რომლებიც, „სხვისი უბედურებით“ თავიანთი გადაწყვეტილებების გამართლებას ცდილობენ. აკი, პირდაპირ თქვა კახა კალაძემ, „კონკრეტულ ჯგუფს“ ძალაუფლება რომ დაებრუნებინა, მშვიდობა არ გვექნებოდაო.

„თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი", - თქვა თბილისის მერმა მას შემდეგ, რაც დედაქალაქის „მთავარ“ ნაძვის ხეზე გაკეთებულმა წარწერამ - „თბილისი - მშვიდობის ქალაქი“ ბევრი მოქალაქის გულისწყრომა გამოიწვია.

თბილისის მსგავსად, დღეს ბომბები არ აცვივა ევროპის არცერთ ქალაქს, მაგრამ არც პრაღაში, არც ვარშავაში და არცერთ სხვა რომელიმე დედაქალაქში აზრად არავის მოსვლია, თავი მოეწონებინა მშვიდობით, რომელიც, იმის გამო, რომ მეგობარ, მეზობელ ქვეყანაში ომია გაჩაღებული, ბოლომდე არც არის მშვიდობა. ალბათ, ბევრს გახსოვთ, როგორ გვიშლიდნენ ბავშვობაში მაგნიტოფონისა და ტელევიზორის ჩართვას, როცა მეზობლის ან ნათესავის ოჯახში „ცუდი ამბავი“ მოხდებოდა, რას იფიქრებენ, სირცხვილიო.

ახლა რა ხდება, უკრაინა აღარ არის მეგობარი და მეზობელი თუ სირცხვილის გრძნობა ატროფირდა?

რუსეთი უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში რეგულარულად ესხმოდა თავს საქართველოს, რეგულარულად ზღუდავდა მის სუვერენიტეტს და ამაში დამნაშავე, როგორც ქართველების, ასევე მთელი საეთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული აზრით, მხოლოდ აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ ახლა „გაირკვევა“, რომ საქართველოში მშვიდობა, თურმე, თვითონ ქართველების ნაწილს არ უხარია („არ სურს“) და, შესაბამისად, თვითონ ქართველები არიან დამნაშავე. ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, არ მჯერა, რომ რუსეთის სტრატეგია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაციააო. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ეგზისტენციური საფრთხე მომდინარეობს არა რუსეთიდან (რომელსაც კვლავინდებურად დაპყრობილი აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და ახლა უკრაინის ტერიტორიებსაა მიმდგარი), არამედ ქართული საზოგადოების ე.წ. ოპოზიციური ნაწილიდან, სამოქალაქო სექტორიდან და „მათ უკან მდგომი ქვეყნებიდან“, რომლებიც ოფიციალურად დღემდე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან.

განა, სიმპტომური არ არის, რომ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა მთელ თავის PR-ტალანტებსა და ტროლ-ბოტთა ლაშქარს სტატუს-კვოს შენარჩუნების გამართლებას ახმარს?

ცხადია, ყველა ომი მეტ-ნაკლები სიმყიფის მშვიდობით მთავრდება. უმრავლეს შემთხვევებში, ომი არც არის აგრესორის თვითმიზანი. ყველას, ვინც ომობს, როგორც წესი, მისთვის მისაღები და ხელსაყრელი მშვიდობის დამყარება სწადია.

Миру — мир! („მშვიდობა მსოფლიოს!) - ასე ჟღერდა საბჭოთა კავშირის, კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეულად პირსისხლიანი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დევიზი, რომლის განხორციელებას (ე.ი. ბოლშევიკებისთვის სასურველ მშვიდობას) ათასობით და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

განა, ასევე მშვიდობაზე არ იყო საუბარი 2008 წელსაც, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ამ უტიფარ სამხედრო ინტერვენციას „მშვიდობის იძულების ოპერაცია“ („принуждение к миру“) უწოდა?

მშვიდობა, რომლითაც თავი მოაქვთ დღევანდელ საქართველოში, სწორედაც რომ ე.წ. რუსული მშვიდობაა და ამიტომაც არის იგი ასეთი სტაბილური და მდგრადი. საქართველო ამ მშვიდობის პასიური სუბიექტია და უზრუნველყოფს მას არა რამე სახის განსაკუთრებული ძალისხმევით, არამედ მორჩილებით. ეს არის ზურგზე გაკრული მოჭიდავის მორჩილება, რომელიც სიამაყის არანაირ საფუძველს არ იძლევა. თუ თავმოყვარეობა დაგანებებს, ასეთ მდგომარეობაში იოლად შეიძლება დარჩე რაგინდარა დიდხანს. ცხადია, თბილისის მართლა სიცოცხლით სავსე ქალაქად ქცევა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე იმ მშვიდობით თავის მოწონება, რომლითაც შენზე მეტად, შენი მტერია დაინტერესებული. ალბათ, ამიტომაც იოლად შეელია თბილისის მერი ძველ დევიზს, რომელიც ნამეტანი ცინიკურად ჟღერდა ვაკის შადრევანში მომხდარი დრამატული ამბის შემდეგ.

ცხადია, თუ არჩევანი არსებობს, მშვიდობა სჯობია ომსა და სისხლისღვრას, მაგრამ ნებისმიერი მშვიდობა არ იძლევა სიამაყისა და ნიშნის მოგებით საუბრის უფლებას. მშვიდობა საბოლოო მიზნის მიღწევის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. მშვიდობა შეიძლება იყოს სრულად დაპყრობილ, დამორჩილებულ ქვეყანაშიც, მშვიდობა ხომ ყველა დროისა და ყველა ჯურის კოლაბორაციონისტების საყვარული არგუმენტია?!

ზემოთ საბჭოთა კავშირი ვახსენეთ, ქვეყანა, სადაც სიტყვებსა და ცნებებს ან სრულად ჰქონდათ გამოცლილი აზრი, ან დიამეტრულად საწინააღმდეგო შინაარსებით იყვნენ დატვირთულნი. ამ თვალსაზრისით, დღევანდელი საქართველო ღირსეულად აგრძელებს საბჭოთა კავშირის ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, „იმედი“ რწმენით სავსე მოლოდინი კი არა, მდარე პროპაგანდის ნიაღვარია, ხოლო „ოცნება“ სანატრელ რამეზე ფიქრის ნაცვლად - ვიწროპარტიული შეზღუდულობა და ცრუდაპირებები; „ქველმოქმედება“ - უანგარო დახმარება კი არა, შორსმიმავალი პოლიტიკური ინვესტიციაა, „მშვიდობა“ კი - ომის იმგვარი არარსებობა, როგორიც მხოლოდ რუსეთს აწყობს და, შესაბამისად, მხოლოდ რუსეთისაა.

ცხადია, რუსეთის რომ არ იყოს, საქართველოს ხელისუფლება ასე უდიერად არ მოექცეოდა არც თავის და არც უკრაინის მშვიდობას და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის არ გამოიყენებდა მათ, აუცილებლად მიბაძავდა ბალტიელებს, პოლონელებს, ჩეხებს და სხვა ერებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ უკრაინული (და არა რუსული) მშვიდობისათვის და ამით, პირდაპირ თუ ირიბად, თავიანთ მშვიდობასაც იცავენ.

წესით, ხალხს, რომელსაც გერბზე დევიზად უწერია, ძალა ერთობაშიაო, ამის ახსნა თუ შეხსენება არც უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ აკი ვთქვით, სიტყვებისა და მცნებებისთვის აზრის გამოცლის პროცესი ახალ ეტაპზეა გადასული და სტახანოვური ტემპით მიმდინარეობსო?!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG