Accessibility links

ნარიმან ჯელიალი: ყირიმში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება


ყირიმელი თათრების წარმომადგენლობითი ორგანო, მეჯლისი, რომელიც იმთავითვე მკაცრად აკრიტიკებდა ყირიმის ანექსიას, რუსეთმა 2016 წელს „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ლიდერების ნაწილი დააპატიმრა, ნაწილი კი აიძულა ნახევარკუნძული დაეტოვებინა.

რა ვითარებაა ანექსიის მეხუთე წლისთავზე ყირიმში? როგორ ცხოვრობენ და რა საქმიანობას ეწევიან ყირიმელ თათართა დევნილი მეჯლისის ადგილზე დარჩენილი წევრები? ჩვენს შეკითხვებს ყირიმიდან უპასუხებს ნარიმან ჯელიალი, მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ნარიმან ჯელიალი: მეჯლისი ამჟამად ტერიტორიულად გაყოფილია. მეჯლისის წევრთა ნაწილი იმყოფება კონტინენტურ უკრაინაში, მაგრამ დიდი ნაწილი აქ ცხოვრობს, ყირიმში. გასაგებია, რომ როგორც მეჯლისის წევრებს, არ გვაქვს საჯარო მოღვაწეობის უფლება, რადგან ეს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებად ითვლება. ამიტომ, მეჯლისის ყველა ფორმალური, ოფიციალური, ღია და საჯარო საქმიანობა დღეს კიევში ხორციელდება, ჩვენ კი აქ საკუთარ თავს წარმოვადგენთ, როგორც ყირიმელ თათართა ეროვნული მოძრაობის აქტივისტები, მაგრამ ფორმალურად ვინარჩუნებთ მეჯლისის წევრის სტატუსს.

კობა ლიკლიკაძე: არის ცნობები, რომ რუსეთიდან ყირიმში ასახლებენ ადამიანებს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ნარიმან ჯელიალი: ყოველ შემთხვევაში, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ამ ადამიანებს სულ ხედავ, ისევე როგორც მათთვის მშენებარე სახლებსა და უძრავ ქონებას. სხვა საქმეა, რომ რადგან არ მიგვიწვდება ხელი ოფიციალური მონაცემების ბაზაზე, არ გვაქვს შესაძლებლობა რეალურად შევაფასოთ მთელი მასშტაბი. ყოველ შემთხვევაში, სახელდება რიცხვი - 200 ათასიდან ერთ მილიონამდე კაცი. ესენი არიან როგორც შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, ისე უზარმაზარი სამუშაო ძალა, რომელიც ჩაბმულია თავრიდის ტრასისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში. არის ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ ყირიმში მოქმედებს საცხოვრებლისა და ფინანსური დახმარების მიღების გარკვეული შეღავათიანი პროგრამები იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც რუსეთიდან ყირიმში გადმოსვლა სურთ.

კობა ლიკლიკაძე: შეიძლება ითქვას, რომ არის მცდელობა დემოგრაფიული სურათის შეცვლისა? თქვენ ახსენეთ ციფრი ერთი მილიონი, რაც ძალიან დიდია ყირმის ნახევარკუნძულისათვის.

ნარიმან ჯელიალი: დიახ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად ნახევარკუნძულის მოსახლეობა 2014 წლამდე 2 მილიონი იყო, თუნდაც ნახევარი მილიონი ადამიანის დამატება უკვე ნიშნავს ძალიან სერიოზულ ცვლილებას დემოგრაფიაში, ცვლილებას პოლიტიკურ და ელექტორულ ლანდშაფტში, მათ შორის მოსალოდნელი და სავარაუდო განმეორებითი რეფერენდუმის შემთხვევაში. ეს ნიშნავს ყირიმელი თათრების წილის შემცირებას ყირიმის მოსახლეობაში და ბევრ სხვა შედეგს, რაც ამას მოჰყვება. არადა, საერთაშორისო დოკუმენტებით, მათ შორის ჟენევის კონვენციით, მოსახლეობის შემადგენლობის შეცვლა ასევე საერთაშორისო-სამართლის დარღვევაა. მაგრამ რუსეთი, როგორც ყველას გვესმის, არაფრად აგდებს ასეთ შენიშვნებს.

კობა ლიკლიკაძე: რუსეთის ოფიციოზი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რასაც მოსკოვი თვითგამორკვევას უწოდებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნახევარკუნძულის მოსახლეობის ცხოვრების დონე. სინამდვილეში, ანექსიიდან მეხუთე წლისთავზე როგორია ყირიმში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება? იქმნება თუ არა ახალი სამუშაო ადგილები? მართლაც იმატა თუ არა მოსახლეობის კეთილდღეობამ?

ნარიმან ჯელიალი: იცით, თუ საწყის ეტაპზე შეიმჩნეოდა კეთილდღეობაზე გარკვეული ზრუნვის ნიშნები, თუნდაც პროპაგანდისტული მიზნით, დღეს უკვე საუბარი გვიწევს დიდ პრობლემებზე. ამაში ძალიან იოლად დარწმუნდებით: შედით ყირიმის სანაპიროზე ნებისმიერ კაფესა თუ სასტუმროში, გამოელაპარაკეთ მათ მეპატრონეებს და მაშინვე მოისმენთ, რომ ადამიანებმა დაკარგეს მყიდველობისუნარიანობა. ეს კი ერთ-ერთი მძლავრი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად აქვთ ადამიანებს კეთილდღეობის განცდა. ჯერ კიდევ საბჭოთა და უფრო ადრეული ტრადიციით, ყირიმში მართლაც ხორციელდება მეგაპროექტები გარკვეული კეთილდღეობის დემონსტრირების მიზნით, მაგრამ საშუალო და დაბალ დონეზე მოისმენთ უამრავ საჩივარს ბიზნესის კეთების, განათლების დონის, სამედიცინო და სხვა მომსახურების თაობაზე. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისებიც და ცალკეული ადამიანები ამბობენ, რომ, პირიქით, პირადად მათთვის, მათი ოჯახებისა და მათი ბიზნესისათვის საუკეთესო დრო დადგა, მაგრამ, მთლიანობაში, ვითარება, ჩემი აზრით, არასახარბიელოა და ამაზე ლაპარაკობენ ისინიც, ვინც რუსეთს ემხრობოდა და 2014 წელს რეფერენდუმის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებდა. საკმარისია გავაანალიზოთ ადგილობრივი პრესა და სოციალური ქსელები და მივალთ დასკვნამდე, რომ ყველაფერი არ არის ისე კარგად, როგორც ოფიციალური პროპაგანდა ცდილობს, რომ წარმოგვიდგინოს.

კობა ლიკლიკაძე: ბატონო ჯელიალ, თქვენ ახსენეთ რეპრესიები ანექსიის მოწინააღმდეგეების მიმართ. ამბობენ, რომ არის მათი გაუჩინარების, დაპატიმრების შემთხვევებიც. თქვენთვის ცნობილია ასეთი ფაქტები?

ნარიმან ჯელიალი: რა თქმა უნდა! ახლა გამიჭირდება ზუსტი ციფრების დასახელება, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია ადამიანების მკვლელობისა და გატაცების უკვე 15-20 შემთხვევა. მათი უმრავლესობა დღემდე არ არის ნაპოვნი, მათი ბედი უცნობია. არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. ზუსტად დღეს ველაპარაკე ამ ხალხის ნათესავებს. რუსეთის ციხეებში იმყოფება, დაახლოებით, 70 პოლიტპატიმარი. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანები, მაგალითად, რეჟისორი ოლეგ სენცოვი და აქტივისტი ვლადიმირ ბალუხი და ბევრი ნაკლებად ცნობილი ადამიანია ბრალდებული ტერორიზმისა და ექსტრემიზმის მუხლებით. უამრავ ადამიანს დევნიან - აპატიმრებენ და აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მათმა რაოდენობამ უკვე 100-ს გადააჭარბა. ვფიქრობ, რუსეთში 2019 წლის შემოდგომისათვის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომელიც, ცხადია, ყირიმშიც გაიმართება, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ადამიანები თავიანთ პოზიციას ამ საკითხის მიმართაც გამოხატავენ.

კობა ლიკლიკაძე: ბატონო ჯელიალ, თქვენ მთ შორის ხართ, ვისაც არ ეშინია ღიად და საჯაროდ აკრიტიკოს პრომოსკოვური ხელისუფლება, იქნება ეს ჩვენი რადიოთი თუ დასავლეთის სხვა საინფორმაციო საშუალებებით. თუმცა თქვენ გაქვთ გარკვეული სტატუსი, როგორც დევნილობაში მყოფი მეჯლისის წარმომადგენელს. მაგრამ რამდენად საშიშია უბრალო მოქალაქისათვის, ჩვეულებრივი ყირიმელი თათრისათვის საკუთარი აზრის გამოხატვა?

ნარიმან ჯელიალი: საშიშროება მართლაც არსებობს და აზრის თავისუფლად გამოხატვისათვის არა მხოლოდ ყირიმელი თათრები, არამედ, უბრალოდ, ყირიმის მცხოვრებლებიც ხდებიან დევნისა და რეპრესიის ობიექტები, ისინი, ვინც ადრე უჭერდა მხარს რუსეთის ხელისუფლებას, დღეს კი აკრიტიკებს მას. ყირიმში სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარება ზუსტად ისეთივე მძიმეა, როგორც რუსეთში და შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო უარესიც, რადგან, როგორც ყირიმის ამჟამინდელი ხელისუფლება იმეორებს ხოლმე, ყირიმი ლამის ფრონტისპირა ზონაა უკრაინასთან დივერსიისა და სხვა თვალსაზრისით, ძალიან საშიში რეგიონი, სადაც ასეთი რამეები ძირშივე აღიკვეთება. დამოუკიდებელი და ობიექტური პრესა ყირიმში ძალიან ცოტაა. გარკვეული პოლიტიკური თემები, უბრალოდ, არ შუქდება არც ადგილობრივ და არც რუსეთის პრესაში და ამ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა შეიძლება მხოლოდ ისეთი საინფორმაციო საშუალებებით, როგორიც თქვენი რადიოა. მაგალითად, ჩვენ თქვენი რადიოს რამდენიმე სამსახურსა და პროექტთან ვთანამშრომლობთ. კარგია, რომ არსებობს რამდენიმე რუსული საინფორმაციო საშუალება - „ნოვაია გაზეტა“, „ეხო მოსკვი“, „დოჟდი“ და სხვა, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი აზრების გახმოვანებაში. ჩემთვის მე უკვე გავაკეთე დასკვნა, რომ საკუთარი პოზიციის ღიად და საჯაროდ დემონსტრირება გარკვეული დამცავი მექნიზმია. მაგრამ არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ რუსეთსა და ყირიმში არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და სამართალში არ მისცემენ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ საზოგადოების ლიდერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG