Accessibility links

ნატალია სედლეცკა: ზეწოლის გამო ბევრმა „წყარომ“ შეწყვიტა ჩვენთან კონტაქტი


200 ჟურნალისტური გამოძიება სავარაუდო ელიტურ კორუფციაზე და არაერთი პრესტიჟული პრიზი, ასეთია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროგრამის, „სქემების“, 4-წლიანი მუშაობის შედეგი. მაგრამ რა როლს თამაშობს საგამოძიებო ჟურნალისტიკა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში -სჯის, თუ მფარველობს უკრაინის ხელისუფლება კორუმპირებულ მოხელეებს? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროგრამის, „სქემების“, წამყვანი.

ნატალია სედლეცკა: იყო შემთხვევები, როცა ჩინოვნიკებმა თანამდებობა დაკარგეს. იყო ბევრი შემთხვევა, როცა ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება და როცა გამოძიება ჩაატარეს ახლად შექმნილმა ანტიკორუფციულმა ორგანოებმა. იყო სასამართლო მოსმენები. ასე რომ, შედეგები სხვადასხვანაირია. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საგრძნობი შედეგი ჩვენი გამოძიებებისა არის ხელისუფლებაში მყოფი პირების უკმაყოფილება საკუთრივ იმ ფაქტით, რომ არსებობს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საგამოძიებო პროექტი, რომელზეც გავლენას ვერ მოახდენ.

და ამის გამო, არცთუ იშვიათად, საკუთარ თავზე გამოგვიცდია სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი ამბის მოყოლა შემიძლია. იყო ფიზიკური თავდასხმებიც, თვალთვალიც - ჩვენი ჟურნალისტების თვალთვალი არაერთხელ დავაფიქსირეთ. რეგულარულად გვიტეხენ სოციალური მედიის ანგარიშებს, ტელეფონებს. იყო ერთი ძალიან გახმაურებული შემთხვევაც, როცა გენერალურმა პროკურატურამ მოისურვა ძალიან დიდი მოცულობის მონაცემების მოპოვება ჩემი მობილური ტელეფონიდან, რაც - მოპოვების შემთხვევაში - გენერალური პროკურატურის გამომძიებლებს მისცემდა ინფორმაციას ჩემი წყაროების შესახებ.

კობ ლიკლიკაძე: თქვენ თქვით და ეს ასეა, რომ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე ინფორმაციას საკუთარი წყაროებისგან ღებულობთ. რამდენად არის ეს ხალხი კანონით დაცული? ხომ არ დაეკარგათ მათ თანამშრომლობის სურვილი მას შემდეგ, რაც უკრაინის გენერალური პროკურატურა ყველანაირად ცდილობდა მიეღო ინფორმაცია თქვენი სმარტფონიდან, რაზეც ხელი აიღო მხოლოდ საერთაშორისო სკანდალის შემდეგ?

ნატალია სედლეცკა: იცით, სწორედ ამის გვეშინოდა, რომ ასეთი პრეცედენტი საზოგადოებაში გამოიწვევდა ე.წ. შიშის ეფექტს - ინგლისურად ამას „ჩილინგ ეფექტს“ უწოდებენ. ასე ხდება, როცა ე.წ. უისლბლოუერები - ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას ამხელენ - დაშინდებიან ხოლმე. და, მართლაც, ასე მოხდა: ჩემი წყაროებიდან ზოგმა შემატყობინა შუამავლების მეშვეობით, რომ ეშინია ვინაობის გამჟღავნების და მთხოვა წავშალო ყველაფერი, რაც შეიძლება ჩვენს კონტაქტებს მოწმობდეს. და მე, რასაკვირველია, მესმის მათი, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავდა ამ ხალხს, მამხილებლებს, ვისაც ინფორმაცია გარეთ გამოაქვს. შესაბამისად, ჟურნალისტებს გვაბარია ეს ფუნქცია, დავიცვათ ჩვენი წყაროები. ამიტომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც კი მივმართეთ და, ვფიქრობ, შევასრულეთ ჩვენი ამოცანა - დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია საკუთარი უფლებებისა და საკუთარი წყაროების დაცვა.

კობა ლიკლიკაძე: თქვენ, პროექტი „სქემები“, თქვენი კოლეგები, იძიებთ სავარაუდო კორუფციის ფაქტებს როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციის გავლენიან ლიდერებს შორის. მაგრამ არსებობენ კიდევ სხვადასხვა გავლენიანი პოლიტიკური ძალის უკან მდგომი ოლიგარქები, რომლებსაც გაყოფილი აქვთ უკრაინული ტელემედიასივრცე. როგორ ფიქრობთ, ასეთ ვითარებაში ხომ არ ადგება ჩრდილი საგამომძიებლო ჟურნალისტიკის სანდოობას?

ნატალია სედლეცკა: იცით, უკრაინაში დიდი ფუფუნებაა, გქონდეს მხოლოდ სიმართლის თქმის საშუალება და ამას აკეთებდე დაბალანსებულად, გავლენიანი პირებისაგან დამოუკიდებლად. ჩვენთან ეს შესაძლებელია! პროგრამა „სქემების“ რედაქცია დიდ ყურადღებას უთმობს ბალანსის დაცვას. როცა ვაჩვენებთ, დავუშვათ, რა შედეგები მოჰყვა პოროშენკოს შესახებ ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებას, ვიღაცები აუცილებლად მოგვწერენ: იულია ტიმოშენკოზე არაფერს ჰყვებითო. ჩვენ კი გვაქვს შესაძლებლობა, მაშინვე ჩავუგდოთ მათ უფრო ადრე გამოსული ტიმოშენკოს შესახებ გამოძიების ბმული. ზუსტად ასევე, როცა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა თავისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ, რასაკვირველია, ჩვენი მისია, ჩვენი ამოცანა იყო დაგვედგინა, შეესაბამება თუ არა მისი განცხადებები რეალურ ვითარებას. ამ შემთხვევაშიც გამოვიდა გახმაურებული გამოძიება ზელენსკის შესახებ. ამდენად, ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს აკრძალული თემები და არ არსებობდნენ ხელშეუხებელი პოლიტიკოსები.

კობა ლიკლიკაძე: და როგორი წარმატებითაც უნდა ააშკარავებდეს მედია კორუფციის ფაქტებს, ამ სენის დაძლევა შეიძლება მხოლოდ ეფექტიანი ანტიკორუფციული სტრუქტურების მეშვეობითა და პოლიტიკური ნებით. ამ მხრივ რა ვითარებაა უკრაინაში? ვგულისხმობ ანტიკორუფციულ ინფრასტრუქტურას.

ნატალია სედლეცკა: ჩემი აზრით, გვაკლია ორი რამ. ტექნიკურად, ამ ანტიკორუფციული მანქანის ჯაჭვს აკლია ბოლო რგოლი: სასამართლო, ანუ ანტიკორუფციული სასამართლო, რომლის მოსამართლეებიც, როგორც ძველად, პირდაპირ პრეზიდენტზე, პირდაპირ ხელისუფლებაზე კი არ იქნებიან დამოკიდებული, არამედ მხოლოდ კანონის სულისკვეთებით იხელმძღვანელებენ. აი, ასეთი პატიოსანი, ანტიკორუფციული სასამართლოა ის, რაც დიდხანს აკლდა ანტიკორუფციული რეფორმის სისტემას. მოცემულ მომენტში დასასრულს უახლოვდება მისი შექმნის პროცესი. არჩევნებამდე ეს არ გაკეთდა. სასამართლოს არ დაუწყია მუშაობა, ჯერ კიდევ გრძელდება მოსამართლეების შერჩევა. ეს იყო, ტექნიკურად, პირველი საკითხი. ხოლო მეორე მთავარი მომენტია ის, რომ მრავალი წელი ქვეყნის ხელმძღვანელობაში არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ ამ სისტემას, მართლაც, მაქსიმალურად ნაყოფიერად ემუშავა.

კობა ლიკლიკაძე: ხუთი წლის წინ, ღირსების რევოლუციის შემდეგ, რამდენიმე თქვენი კოლეგა პოლიტიკაში წავიდა, ვერხოვნა რადას წევრი გახდა, რათა საკანონმდებლო დონეზე ეცადა ქვეყანაში ვითარების შეცვლა. თქვენ 200-ზე მეტი ჟურნალისტური გამოძიების ავტორი ხართ. როგორ უყურებთ იმას, რომ მომავალში თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი დაგროვილი გამოცდილების, ამ კაპიტალის პოლიტიკაში დაბანდებისა?

ნატალია სედლეცკა: იცით, მე ჟურნალისტიკაში დარჩენას ვისურვებდი. უდავოდ. რადგან ვხედავთ, რომ ჩვენს შრომას შედეგი აქვს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსები და ადამიანები, ვისაც ძალაუფლება აქვს, ხედავენ, რომ მათ აკონტროლებენ - თან, აკონტროლებენ მკაცრად, ყოველგვარი შეღავათების გარეშე - და არიან ჟურნალისტები, რომლებიც თვალს ადევნებენ მათი დაპირებების შესრულებას. ამდენად, ჯერჯერობით ვხედავ ძალიან კარგ შედეგებს ჟურნალისტიკაში და არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG