Accessibility links

ნატა ლომოური: ბოიკოტის რეჟიმი მოიხსნება 


განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი 6 აგვისტოს გამოვიდა კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის ინიციატივით, რომლის ხელმძღვანელადაც ირმა რატიანი დაინიშნა, ლიტერატურის ეროვნული ფონდი კი, რომელიც წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის გაუქმების შემდეგ შეიქმნა, ორთვიანი მუშაობის შემდეგ უქმდება და იქმნება ახალი ორგანიზაცია, რომელსაც "მწერალთა სახლი" ერქმევა და მას ნატა ლომოური, მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი უხელმძღვანელებს.

ახალი ორგანიზაციების შექმნის და გაუქმების შესახებ ჯერ ოფიციალური განკარგულება გამოცემული არ არის, არ არსებობს წესდებები, სადაც მათი ფუნქციები, საშტატო საკითხები და პოლიტიკა იქნება გაწერილი - შესაბამისად, ორგანიზაციების ამოცანების შესახებ მათთან დაკავშირებული პირების განცხადებებით არის მსჯელობა შესაძლებელი.

ნატა ლომოური ამბობს, რომ სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლობების მხრიდან ბოიკოტის რეჟიმი მოიხსნება, მისი მთავარი ამოცანა კი ორივე გაუქმებული ორგანიზაციის თანამშრომლების დაბრუნება იქნება ახალ ორგანიზაციაში. გათავისუფლებულ თანამშრომელ შორის, რომელთა სამსახურში აყვანასაც ნატაშა ლომოური გეგმავს, არ შედის დეა მეტრეველი, წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წესდება არ არსებობს, ნატა ლომოურის თქმით ახალ “მწერალთა სახლს” ორივე გაუქმებული ორგანიზაციის ფუნქციების შეთავსება მოუწევს. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ბედი ელით იმ თანამშრომლებს, რომლებიც ირმა რატიანმა მიიღო 20 ივლისს შექმნილ ლიტერატურის ფონდში.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, არის თუ არა “მწერალთა სახლის” სახელის და ნატა ლომოურის დაბრუნება ამ სფეროში კულტურის სამინისტროს მხრიდან სპეციალურად გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ არ გაჩნდეს პროტესტი კულტურის ეროვნული ფონდის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, - ნატა ლომოური ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე არ აქვს, ამას დრო გვიჩვენებს, როცა ორივე ორგანიზაცია ოფიციალურად შეიქმნება და ფუნქციონირებას დაიწყებს.

კულტურის ეროვნული ფონდი კი ლიტერატურის ეროვნულ ფონდზე უფრო მასშტაბური ორგანიზაცია იქნება. მისი ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით განისაზღვრება და ფუნქციონირებას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს. მანამდე კი როგორც მინისტრმა თქვა 6 აგვისტოს, მოსამზადებელი სამუშაოები იწარმოებს.

“ფონდის დანიშნულება არის ქართული კულტურისა და კულტურის ეკონომიკის განვითარების, კულტურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ფონდი განახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს კულტურის სფეროში, ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებსა და კულტურის პრიორიტეტებში დაგეგმილ სხვა საკონკურსო პროგრამებს, უზრუნველყოფს კულტურის სფეროშო მოღვაწეთათვის გრანტების გაცემის ორგანიზებასა და მონიტორინგს. სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების დაფინანსება გაგრძელდება არსებული სქემით, თუმცა ფონდთან თანამშრომლობით მოხდება უფრო პრიორიტეტული და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება,“ - განაცხადა ბატიაშვილმა 6 აგვისტოს.

კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა იყო ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც კულტურის პოლიტიკის ცვლილებებისთვის ევროკავშირის ექსპერტმა, ტერი სანდელმა შეიმუშავა და რომლითაც ხსნიდნენ ლიტერატურის ეროვნული ფონდის შექმნას კულტურის სამინისტროში.

2017 წელს შედგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, კულტურის ეროვნული ფონდის შესაქმნელად, საჭიროა რომ “არსებობს ორი მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პირველი - ესაა მისი კეთილსინდისიერი მმართველობა. მეორე კი, ფონდის „ეროვნულობა“, ანუ მისი პოტენციური ღიაობა ყველასთვის.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ “კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ამჟამინდელი სისტემის ფარგლებში, მისი ხელმძღვანელი პირები სრულიად არასაჭიროდ არიან ჩართულნი არა-სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამის გამო, ისინი ხშირად უადგილოდ აღმოჩნდებიან ხოლმე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე. პრაქტიკული ოპერაციული საკითხები უნდა წყდებოდეს კვალიფიციური პროფესიონალების მიერ, დეცენტრალიზებულად, ავტონომიურ დონეზე.”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG