Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც ირმა რატიანი უხელმძღვანელებს


კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, შეიქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელსაც ირმა რატიანი უხელმძღვანელებს. ირმა რატიანი 20 ივნისს დაინიშნა წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმების საფუძველზე შექმნილი ლიტერატურის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელად, რომელსაც ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებდნენ.

კულტურის ეროვნული ფონდი ლიტერატურის ეროვნულ ფონდზე უფრო მასშტაბური ორგანიზაცია იქნება, მისი ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით განისაზღვრება და ფუნქციონირებას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს. მანამდე კი როგორც მინისტრმა თქვა 6 აგვისტოს, მოსამზადებელი სამუშაოები იწარმოებს.

“ფონდის დანიშნულება არის ქართული კულტურისა და კულტურის ეკონომიკის განვითარების, კულტურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ფონდი განახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს კულტურის სფეროში, ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებსა და კულტურის პრიორიტეტებში დაგეგმილ სხვა საკონკურსო პროგრამებს, უზრუნველყოფს კულტურის სფეროშო მოღვაწეთათვის გრანტების გაცემის ორგანიზებასა და მონიტორინგს. სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების დაფინანსება გაგრძელდება არსებული სქემით, თუმცა ფონდთან თანამშრომლობით მოხდება უფრო პრიორიტეტული და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება,“ - განაცხადა ბატიაშვილმა 6 აგვისტოს.

კულტურის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს შორის არის ასევე გადაწყვეტილება წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმების შედეგად შექმნილი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ნატაშა ლომოურის დანიშვნის შესახებ. ნატაშა ლომოური მწერალთა სახლის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ცვლილებების შემდეგ გათავისუფლდა თანამდებობიდან. ირმა რატიანი, რომელიც ორი ორგანიზაციის გაუქმების შემდეგ შექმნილი ლიტერატურის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელი იყო, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ამბობდა, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები ნატაშა ლომოურთან ახალ ორგანიზაციაში დასაქმებასთან დაკავშირებით, თავად ნატაშა ლომოური კი ამბობდა, რომ მას ფონდში მუშაობაზე უარი უთხრეს ზეკვალიფიციურობის გამო.

  • ირმა რატიანი, წიგნის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნამდე 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა ლიტერატურის ინსტიტუტს. ლიტერატურის ინსტიტუტის წესდების თანახმადდირექტორი 4 წლის ვადით ირჩევა და ერთი და იმავე პირის არჩევა მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.
  • 2006-2010 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, იყრიდა კენჭს თსუ-ს რექტორის თანამდებობაზეც.
  • 1997 წლიდან 2002 წლამდე სამჯერ მოიპოვა იაპონური უნივერსტეტის სტიპენდია ოსაკის უნივერსტეტში ენებისა და კულტურის ფაკულტეტზე სასწავლებლად. იაპონიის უნივერსტეტში სწავლობდა მისი მეუღლე, მათემატიკოსი კახაბერ კორძაიაც, რომელიც 2005-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი კენჭს იყრიდა ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად პატრიოტთა ალიანსის სახელით.



XS
SM
MD
LG