Accessibility links

ნაწილობრივ გახსნილი ე.წ. საზღვარი - ახალგორელებისთვის ჯერ არაფერი შეცვლილა


ახალგორის გზა

ახალგორში ახალგაზრდა კაცი ცხენიდან ჩამოვარდა და თავის არეში ტრავმები მიიღო, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად თბილისისკენ გზა არ გახსნილა და სასწრაფო დახმარების მანქანა ცხინვალიდან გამოიძახეს. არადა, დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ე.წ. საზღვარზე გადასვლის აკრძალვას ხსნიდა ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. 3 დეკემბერს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ დაბაში ჯერ არაფერი შეცვლილა.

ახალგორის რაიონთან ე. წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრივ მცხოვრებთ, მესამე თვეა, შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასწავლებლებში განათლების მიღებაზე.

თამარ მეარაყიშვილის აზრით, ახლა სიების შედგენა დაიწყება და ეს პროცესს კიდევ გააჭიანურებს.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი ნაწილობრივ გაიხსნას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. ციხელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მთლიანად უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლება. მისი აზრით, გადასასვლელის ნაწილობრივი გახსნა პრობლემას სრულად ვერ აგვარებს.

გადაადგილება შეზღუდულები რჩებიან სტუდენტები, რომლებიც დაბაში არიან დარჩენილი, ასევე ქრონიკული ავადმყოფები, ვისაც თბილისის კლინიკებში გეგმიურ შემოწმებაზე სიარული უწევდათ, და ადამიანები, ვინც პროდუქტების ბიზნესით იყო დაკავებული. ახალგორსა და წეროვანში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის გაწყვეტილია ნათესაური კავშირები.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს დაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

ოქტომბრის ბოლოს საოკუპაციო ძალებმა ე. წ. საზღვარზე არ გაატარეს ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ინსულტის გამო სჭირდებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ოჯახს პაციენტის გადაყვანა სურდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მარგო მარტიაშვილი 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო და, ოჯახის თხოვნის მიუხედავად, ე.წ. საზღვარზე არც გიგაური გაატარეს.

ახალგორის რაიონთან ე. წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრივ მცხოვრებთ, მესამე თვეა, შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიასა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასწავლებლებში განათლების მიღებაზე.

ახალგორში შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელებენ ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG