Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუ პირს აჯარიმებ აკრძალული ქმედების გამო, აკრძალული წესებითა და კონსტიტუციის დარღვევით, სახელმწიფო კანონდამრღვევზე უკეთესი არაფრით გამოდის"


ნიკა სიმონიშვილი, საია-ს საპარლამენტო მდივანი
ნიკა სიმონიშვილი, საია-ს საპარლამენტო მდივანი

საგანგებო მდგომარეობისას საქართველოში ამოქმედდა არაერთი ახალი საკანონმდებლო ნორმა და შეზღუდვა, რომელთა დარღვევაც პირველ ჯერზე 3000 ლარის ჯარიმით, დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი საკანონმდებლო სიახლე იქცა განსჯის საგნად, რომელიც მათ შორის საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის გარკვეული ფაქტორების ერთობლიობის შემთხვევაში 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯასაც გულისხმობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) გამოეხმაურა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, იმდენად სწრაფად მიიღო პარლამენტმა, საია-მ მხოლოდ პოსტფაქტუმ შეძლო შეფასების მომზადება:

„ყველაფერი დაიწყო 21 მარტს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, რომლითაც შეიზღუდა გარკვეული კონსტიტუციური უფლებები, მაგალითად: გადაადგილების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება, საკუთრების უფლება და ა.შ. ამ დეკრეტითვე განისაზღვრა პასუხისმგებლობა დეკრეტით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის - პირველ ჯერზე 3000-ლარიანი ჯარიმა და გამეორების შემთხვევაში, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

დეკრეტში ჩაიწერა ისიც, რომ კონკრეტულ შეზღუდვებს დაადგენდა მთავრობა, რაც ასეც მოხდა და 23 მარტს მთავრობამ მიიღო დადგენილება, მაგალითად, კომენდანტის საათთან დაკავშირებული შეზღუდვა, სამ პირზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვა.

რაც შეეხება ბოლო ცვლილებებს, 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი მათში. როგორ გაჩნდა ეს ჩანაწერი, ეს საინტერესო საკითხია და უფრო მეტად საინტერესოა ის, რომ პარლამენტში ეს კანონპროექტი დაინიცირდა 17 მარტს, ანუ საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე. დაახლოებით ერთი თვე ეს დოკუმენტი არ იყო საჯარო. მხოლოდ 13 აპრილს, ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოგვეცა დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა. საკმარისი დრო არ იყო მის გასაცნობად - დაახლოებით ერთ კვირაში კი პარლამენტმა ეს ცვლილებები მიიღო.

პარლამენტმა რეგლამენტი გვერდზე გაწია და სავალდებულო კომიტეტების ჩართვის გარეშე განიხილა ამ პერიოდში რაც კი კანონპროექტი იყო განხილული.

მეორე მოსმენის ჩათვლით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არ ეწერა. დანაშაული გადაიქცა მძიმე კატეგორიისად, სასჯელი გაიზარდა 6 წლამდე. მესამე მოსმენაზე ამის გაკეთება არც შეიძლებოდა, მხოლოდ ტექნიკური და რედაქციული ხასიათის შესწორებები შეიძლებოდა.

საინტერესოა, რომ ჩვენ სასჯელის ნაწილში ვხვდებით ასეთ ჩანაწერს, რომ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დარღვევა ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ ამ პერიოდთან დაკავშირებით არის. ზოგადად მაინც 6 წლამდე იქნება.

დავიწყოთ იმით, რომ არაპროპორციული სასჯელია. რაც შეეხება იმას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რამდენად სწორად დგება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. პირველ დარღვევაზე არის უბრალოდ სამართალდარღვევა და მეორე დარღვევაზე ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული. რა ლოგიკაა, ესეც გაუგებარია.

თავი დავანებოთ იმას, 3 წელია თუ 6, აქ საინტერესოა, როგორ მოხდება პირისთვის მსჯავრის დადება - როგორ გასამართლდება ის და როგორ მიეცემა პასუხისგებაში“.

საია თვლის, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ არა შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს ორგანოები, არამედ სასამართლო და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა როგორც კონსტიტუცია, აგრეთვე საერთაშორისო ნორმები:

„თუ პირს აჯარიმებ აკრძალული ქმედების გამო, აკრძალული წესებით, პროცედურებისა და კონსტიტუციური წესების დარღვევით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კანონდამრღვევზე უკეთესი არაფრით გამოდის.

მაგალითად, პოლიციელი დაინახავს, რომ დავარღვიე წესი და შემიფარდებს 3000 ლარის ჯარიმას. მეორე დღეს იგივე წესი რომ დავარღვიო, უკვე შეიძლება დადგეს ჩემი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გამოდის, რომ ერთი კონკრეტული პირის ჩვენების და მითითების საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთა შემეფარდოს, რაც არ არის შესაბამისობაში მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპთან. არავინ შეიძლება მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ისე, თუ არ დავადასტურებთ უტყუარი მტკიცებულებებით, რომ პირმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. აქ აუცილებლად შემოსატანი იყო სასამართლო კონტროლი“.

ნიკა სიმონიშვილი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე ჯარიმისა თუ თავისუფლების აღკვეთის გასაჩივრების უფლების განხორციელების პრობლემაზე საგანგებო მდგომარეობის დროს:

„თუ დღეს დამაჯარიმეს 3000 ლარით, ვერ ვიყენებ გასაჩივრების უფლებას, რადგან შეჩერებულია საგანგებო მდგომარეობის გამო. შეიძლება მეორე ოქმი შემიდგინონ, მიმცენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, მხოლოდ ამის შემდეგ იყოს განხილული ადმინისტრაციული წესით ჩემი საჩივარი და სასამართლომ თქვას, რომ არასწორად იყო შედგენილი ჩემი ოქმი. ძაან ბევრი კითხვაა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ 6-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია“.

ნიკა სიმონიშვილი საგანგებო მდგომარეობის რეგულაციების დარღვევის გამო 6 წლამდე პატიმრობის შესახებ საკანონმდებლო ნორმას, ცვლილებების ინიციატორებისა და მიმღებების არაერთი განმარტების მიუხედავად, თვლის აქტუალურად ახლო პერსპექტივაშიც, რადგან თუ პრეზიდენტის დეკრეტი დროის მიმდინარე მონაკვეთში მოქმედებს, კანონის ეს ნორმა რჩება და მისი ამოქმედება პრეზიდენტის სხვა დეკრეტით იქნება შესაძლებელი.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG