Accessibility links

"ეს კრიზისები შეიძლება შესაძლებლობადაც იქცეს, მთავარია რამდენად შევძლებთ სხარტი პოლიტიკის გატარებას და ამ კრიზისის შესაძლებლობად ქცევას"


ნინო ევგენიძე, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" (EPRC) მოამზადა ევროპის იმ განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვა, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ბრძოლას COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ და პარალელურად შეუდგნენ ეკონომიკური აქტივობის შეძლებისდაგვარად გახსნას.

EPRC-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ის, რომ თავიდან საქართველოს ხელისუფლება, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, დაადგა კარანტინის, ჩაკეტვის და შეზღუდვის პოლიტიკის გზას, ამაში გასაკვირი არაფერია და მართლაც დროულად მოხდა მკაცრი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო პანდემიის მასშტაბური საფრთხე, მაგრამ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კვლევების და გამოცდილების გაზიარება, ჩვენს კონტექსტზე მორგება.

ჩვენ შევეცადეთ პანდემიასთან ბრძოლაში მოწინავე ქვეყნების გამოცდილება გაგვეანალიზებინა და შევარჩიეთ: ავსტრია, შვეიცარია, გერმანია, ლიეტუვა, დანია და ჩეხეთი, რომლებმაც ეკონომიკის გახსნისკენ გადადგმული ნაბიჯები გადადგეს. თითოეული მათგანის მიდგომამ აჩვენა, რომ შესაძლებელია ამგვარი ღონისძიებების გატარება, რადგან ჯანდაცვისა თუ ეკონომიკის მიმართულებით მომზადებული არაერთი კვლევა ადასტურებს, იქნება ეს ოქსფორდის თუ სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევები და ამ შეზღუდვების პოლიტიკის მთავარი შემოქმედი ნილ ფერგიუსონიც ამბობს, რომ პანდემიის ბოლომდე სადღაც 18-12 თვე ითვალისწინებს კარჩაკეტილ ცხოვრებას, მაგრამ თვითონვე აღნიშნავს, რომ ასე გაგრძელება წარმოუდგენელი იქნება, რადგან ეს დაკავშირებული იქნება ჰუმანიტარულ კატასტროფასთან და ისეთ დრამატულ ეკონომიკურ ცვლილებებთან, რომლებიც კიდევ უფრო მეტი ადამიანის შიმშილით სიკვდილს გამოიწვევს.

მთელი მსოფლიო ამგვარ კვლევებს ყურს უგდებს და ცდილობს ნაკლები დანაკლისით გამოვიდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მწყობრი, გააზრებული, ერთობლივი გადაწყვეტილებების შედეგი უნდა იყოს და ამიტომ ჩვენი ორგანიზაცია და სხვებიც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ წარმოადგინონ ამგვარი ხედვები.

ჩვენც და სხვებმაც წარვუდგინეთ ჩვენი შეხედულებები. არ ვიცი, რამდენად იქნება ასახული მათ მიერ წარმოდგენილ გეგმაში, მაგრამ იმ გამოცდილებით და თუ მივდევთ მსოფლიოს საერთო ტენდენციებს, მაშინ ჩვენც უნდა დავიწყოთ გახსნა. არ მესმის რა საჭიროა მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა?. რატომ უნდა იყოს ონლაინ შესყიდვები შეზღუდული? ამის უკან ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ. რატომ უნდა იყოს შეზღუდული რეესტრისა და ნოტარიუსების მუშაობა, რომ ბიზნესებს გაუადვილდეთ მუშაობა. ამის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ. რატომ უნდა იყოს გაჩერებული სახელმწიფოს ის სერვისები, რაშიც მეწინავე ვიყავით? მათი მუშაობა შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვით.

სახელმწიფომ კონტროლი უნდა გაუწიოს და იმის მიხედვით მიიღოს ეპიდემიასთან ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილებები, ცალკეული აფეთქების მასშტაბის შესაბამისად.

ჩვენი რეკომენდაციების დათქმაშიც ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და რისკებს.

ვერ ვხედავ წინაღობას, რატომ არ შეიძლება გაიხსნას ღია კაფეები და რესტორნები 8 მაისიდან.

ჩემმა კოლეგებმაც თქვეს, რომ დღეს არ დგას ადამიანის სიცოცხლე ეკონომიკის წინააღმდეგ, აქ დგას ადამიანების სიცოცხლე ადამიანების სიცოცხლის საპირწონედ.

ეს კრიზისები შეიძლება შესაძლებლობადაც იქცეს, მთავარია ჩვენი ქვეყანა რამდენად შეძლებს სხარტი პოლიტიკის გატარებას და ამ კრიზისის შესაძლებლობად ქცევას".


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG