Accessibility links

„COVID-19-თან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ეს ერთი კვირის, თუნდაც ერთი თვის საკითხი არ არის. ეს არის პროცესი. ...დავამარცხებთ ეპიდემიას "


ნინო მირზიკაშვილი, ილიას უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ილიაუნის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ნინო მირზიკაშვილი თვლის, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მატების ტემპი არ არის საგანგაშო და მთავარია ასე შენარჩუნდეს, რაც დიდწილად გაპირობებული იქნება დაწესებული შეზღუდვების შესრულების ხარისხით.

„ციფრები იმატებს და აღარ არის ერთეულები, რაც მოსალოდნელი იყო პროგნოზების თანახმად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ათეულობით მატება შევინარჩუნოთ და არ იყოს ასეულობით ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ამ ტემპს გავურბივართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოხდეს დიდი დატვირთვა ჰოსპიტალურ ქსელზე, რაც დაემართა ევროპის ბევრ ქვეყანას და რაც ხდება დღეს ნიუ იორკში - დიდი მიდინება პაციენტების ჰოსპიტალურ ქსელში და პირველადი ჯანდაცვის ქსელში, რასაც ისინი ვეღარ უმკლავდებიან“.

მოსახლეობას ხშირად ესმის, რომ გარკვეული ხნის შემდეგ, აპრილ-მაისში დადგება პიკის პერიოდი, რისი მოლოდინიც დაკავშირებულია ერთგვარ შფოთთან:

„ზოგი აპრილის დასაწყისს ვარაუდობდა, ზოგი შუა რიცხვებს, ზოგი ბოლოს, ზოგი მაისის პირველ ორ კვირას. მინდა განვმარტო, რომ ეს პიკი მოსახლეობას არ დაუდგება ერთ დღეს. მახსენდება როცა ბატონმა ამირან გამყრელიძემ და ქალბატონმა მინისტრმა პირველი შემთხვევის შესახებ გამოაცხადეს, იმავე საღამოს მოსახლეობა გაიქცა და დიდ სუპერმარკეტებში აღარ იყო პროდუქტი. ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის მერე ვრცელდებოდა ფოტოები, როგორ დაცარიელდა სუპერმარკეტები.

პიკთან დაკავშირებით ასეთი მოლოდინი, რომ უცებ გათენდება და დაგვიდგება ძალიან ბევრი შემთხვევა, ასე, რა თქმა უნდა, არ იქნება. იქნება ზრდა, მაგრამ ჩვენი მოლოდინი და სისტემის მზაობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ დრამატული ავარდნა არ მოხდეს და მაქსიმალურად გაბრტყელდეს ეს მრუდი და შევინარჩუნოთ ის მატება, როგორიც დღეს არის.

პიკი აუცილებლად დადგება, მაგრამ დადგება გარკვეული კვირების განმავლობაში, რაც ასატანი იქნება მოსახლეობისთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის. მერე ეს გადაივლის და აუცილებლად განიცდის დაღმასვლას.

მოლოდინი იმის, რომ გათენდება ერთი დღე და ბატონი ამირანი გამოაცხადებს - დღეს პიკი გვაქვს! - ასეთი არ უნდა გვქონდეს. და კიდევ, არ უნდა მოველოდეთ, რომ დღეს პიკი იყო და ხვალიდან გარეთ უნდა გამოვიდეთ, გადავკოცნოთ ერთმანეთი, ხელი ჩამოვართვათ და დავარღვიოთ ის ნორმები, რასაც დღემდე ვიცავთ. ასე არ იქნება. ნელ-ნელა მოხდება ჩვენი [სტატისტიკის] დაშვებაც, ქუჩაში გამოსვლაც, თუმცა ის ზომები და სიფრთხილე, რაც მნიშვნელოვანია, უნდა შევინარჩუნოთ თვეების და წლების განმავლობაშიც“.

ნინო მირზიკაშვილი ემხრობა მიდგომას, რომ ჯანმრთელობა ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა:

„უნდა გავითავისოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ეს არის სოციალური დისტანცირება“.

ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეუძლია ცალკეულ ადამიანს, ვიდრე არ გავა საკმარისი დრო იმისთვის, რომ განხორციელდეს სისტემური კვლევები, შეგროვდეს მყარი მტკიცებულებები, შეიქმნას უნიფიცირებული მედიკამენტი ამ კონკრეტული დაავადებისთვის და წარმოების ეტაპამდე მივიდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

„დილის საუბრების“ სტუმარი იხსენებს ე.წ. ღორის გრიპის ბოლო წლების სტატისტიკას, რომელიც სულაც არ არის სახარბიელო და საქართველოს შემთხვევაში ბევრად დრამატულად გამოიყურება, ვიდრე ახალი კორონავირუსის შედეგებია, თუმცა, ნინო მირზიკაშვილს აქვს ახსნა რატომ იწვევს COVID-19-ის შედეგების შესახებ ინფორმაცია მეტ შფოთს, ვიდრე იმავე გრიპის ვირუსის შედეგებზე არსებული სტატისტიკა: გრიპის ვირუსი შესწავლილია, არსებობს წამალი და არსებობს ვაქცინა, რომელიც ყოველწლიურად ახლდება:

„ვაქცინისა და უნიფიცირებული მედიკამენტის არქონა არის სწორედ ის შემაშინებელი ფაქტორი, რაც გვაშფოთებს. უნდა ვიყოთ ფრთხილად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, დავიბანოთ ხელი და დავიცვათ ჰიგიენა“.

ნინო მირზიკაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში არაერთხელ განმარტავს, რომ COVID-19-თან გამკლავება პროცესია და ამას უნდა შევეგუოთ:

„COVID-19-თან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ეს დაავადება ერთ დღეში არ გაქრება. ხშირად მეკითხებიან: 26 მაისს გამოვალთ გარეთ? ეს ერთი დღის და ერთი კვირის, თუნდაც ერთი თვის საკითხი არ არის. ეს არის პროცესი, რაც ეპიდემიას ახასიათებს და ეს არის პროცესი, რომლიდან გამოსვლაც ასევე ეტაპობრივად მოხდება და ასეც იქნება, გამოვალთ ამ პრობლემიდან და დავამარცხებთ ეპიდემიას.

როგორც არსებული გამოცდილება ადასტურებს, ინფიცირებულთა 80% ამ დაავადებას გადაიტანს უმტკივნეულოდ და სახლში, რადგან მიმდინარეობს მსუბუქ ფორმებში. იმის ფუფუნება, რომ 37 გრადუს სიცხეზე ადამიანი კლინიკაში იყოს, არ იქნება.

...თუ დავიცავთ წესებს, არ გვექნება სამკუთხედის ფორმის მკვეთრი მატება და მოვერევით“.

საუბრის დასასრულს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი შეეხო მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხსაც:

„მე როგორც რიგით ქრისტიან ადამიანს, რომელიც დავდივარ ეკლესიაში და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს და სპეციალისტს (25 წელია ჯანდაცვაში ვმუშაობ), მინდა ცალსახად ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია შევასრულოთ ის მოთხოვნები, რასაც დღეს გვიყენებს, ვიტყოდი - ეს ვირუსი! მესმის ჩვენი რწმენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მესმის ის რეკომენდაციაც, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში. ანუ, ვინ წავა ეკლესიაში და ვინ დარჩება სახლში, ამით რწმენა არ გაიზომება და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ. შეიძლება ვიყოთ სახლში და უფრო მორწმუნეები ვიყოთ, ვიდრე მივიდეთ ეკლესიაში და დავარღვიოთ გარკვეული წესები. მე ვიტყოდი ცალსახად, რომ მნიშვნელოვანია დავრჩეთ სახლში, მათ შორის სააღდგომო დღესასწაულების დროსაც.

იმისთვის, რომ ავიცილოთ საფრთხე, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, რომ უფრო კარგად გამოვიდეთ და ნაკლები დანაკარგით ამ ეპიდემიიდან, უნდა დავრჩეთ სახლში. მე დავრჩები სახლში, ავანთებ სანთელს და ვფიქრობ, ამით მეტ საქმეს გავაკეთებ, ვიდრე აღდგომის ღამეს ეკლესიაში წასვლით. ეს ჩემი - რიგითი მოქალაქის მოკრძალებული პოზიციაა“.


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG