Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი მკვდარი მეშახტე. დახურული შახტები. „საქნახშირი“ სახელმწიფოს?


მაღაროელები მინდელის სახელობის შახტში
მაღაროელები მინდელის სახელობის შახტში

ტყიბულში დროშები დაუშვეს. ოთხი მაღაროელი დაიღუპა და ექვსი დაშავდა 16 ივლისს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ავარიისას. შს სამინისტროს განცხადებით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მაღაროში დაშავებული ოთხი მეშახტე თბილისში, დამწვრობის ცენტრში, გადის მკურნალობას. მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მინდელის შახტი დაიხურა

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინდელის შახტი დროებით დაიხურა. შახტში მუშაობა იმ დრომდე არ განახლდება, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლისსამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა:

„სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

„საქნახშირი“ - სახელმწიფოს

შახტის მმართველი კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ინფორმაციით, მინდელის შახტში 1400-მდე სხვადასხვა რანგისა და უფლებამოსილების პირი მუშაობს. მათი ხელფასი 400-დან 1300 ლარამდე მერყეობს. გადაუხდის თუ არა კომპანია დასაქმებულებს ხელფასს შახტების გაჩერების შემთხვევაში, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს კომპანიაში, მათ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და შახტში დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ.

ამის პარალელურად, კომპანია ავრცელებს განცხადებას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ შვილობილი კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს:

„მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია, კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულიად უსაფრთხოს გახდიდა. აქედან გამომდინარე, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინდელის მეშახტეები
მინდელის მეშახტეები

შახტის დახურვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს:

„ეს არის სერიოზული პრობლემა და ასაწყობია მთელი სისტემა, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს. რაც შეეხება შახტის დახურვას, ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება. შეეკითხნენ იმ ადამიანებს, სად დაასაქმებენ მათ? არის ალტერნატიული სამუშაო ადგილები? დახურვა ნიშნავს საკითხის გაჭიანურებას და ხელისუფლების პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას“.

სიკვდილი შახტში

მხოლოდ 2018 წლის პირველ შვიდ თვეში მინდელის შახტმა 10 მაღაროელის სიცოცხლე იმსხვერპლა. 5 აპრილს შახტში 6 მაღაროელი დაიღუპა. გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ე. წ. სამთო დარტყმა იყო.

21 ივნისს „საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა“, უცხოელ ექსპერტებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, “ტყიბულში 5 აპრილს მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება”. უცხოელმა ექსპერტებმა ტყიბულში აპრილში იმუშავეს და დაადგინეს, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში“. გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა შახტის მმართველ კომპანია „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ დააკისრა. კომპანია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, როგორც 16 ივლისს მინდელის შახტში მორიგი ტრაგედიის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ ამირანაშვილმა, 5 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს: „საქმე ძალიან რთული და მოცულობითია. გამოძიებას უწევს ექსპერტიზიდან ექსპერტიზაზე გადასვლა“.

ოთხი მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება მოკლას მეშახტე

4 მიზეზი - რამ შეიძლება მოკლას მეშახტე?
please wait

No media source currently available

0:00 0:03:04 0:00

უსაფრთხოების სისტემა, რომელმაც მაღაროელებს ვერ უშველა

29 ივნისს მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: მავნე და ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის კონტროლი, პერსონალის გადაადგილების დეტექცია-მონიტორინგი, შახტში მიმდინარე პროცესების მართვის დისპეტჩერიზაცია. როგორც სისტემის მონტაჟისას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, „პროექტის ფარგლებში შახტში ყველა უბანზე დამონტაჟდა ნახშირჟანგის, მეთანისა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარის სპეციალური სენსორები. თითოეული მეშახტე სამუშაოდ გასვლის წინ აღიჭურვება ეკიპირებით, რომელსაც თავისი ნომრიანი ინდივიდუალური ჩიპი აქვს. მათი მონაცემები ავტომატურად გადაეცემა უბანზე დამონტაჟებულ სენსორებს და საოპერატორო სამსახურს, რომელიც ზუსტად აფიქსირებს, თუ რომელ უბანზე იმყოფება კონკრეტულად მეშახტე. ასევე, შახტის დისპეტჩერი ოპერატორთან ერთად ზემოდან ხედავს ყველა იქ მომუშავე პერსონალს, იცის მათი სახელი და გვარი, სად არიან ისინი კონკრეტულად, გამოყვანილია თუ არა ამ უბნიდან და მხოლოდ ამ შემთხვევაში აძლევს დისპეტჩერი აფეთქების ნებართვას: „აირების კონტროლის, პერსონალის მონიტორინგისა და დისპეტჩერიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა მინიმუმამდე დაიყვანს მეთანის აფეთქებას და მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის რისკს“, - აცხადებდნენ კომპანიაში.

უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟებამ ტრაგედიის გამეორება თავიდან ვერ ააცილა მაღაროელებს. ამ სისტემის ამოქმედებიდან 18 დღეში, 16 ივლისს, მინდელის შახტში ისევ დაიღუპნენ და დაშავდნენ მაღაროელები.

ტყიბულელი მეშახტეები ამბობენ, რომ შახტის დახურვა მათთვის ულუკმაპუროდ დარჩენის ტოლფასია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შახტში დღეს არსებული პირობებით მუშაობა სახიფათოა. მათ შორისაა მეშახტე ირაკლი კირკიტაძე, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ახლად ამოქმედებული უსაფრთხოების სისტემა მხოლოდ მეშახტეთა გასაკონტროლებლად დამონტაჟდა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არაეფექტურია:

ირაკლი კირკიტაძე: ტყიბულში შახტის მეტი არაფერი მუშაობს
please wait

No media source currently available

0:00 0:00:35 0:00

მინდელის მაღაროს სიკვდილის ქრონიკა (2010-2018)

  • 2010 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მინდელის შახტში 27 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2010 წლის 4 მარტს ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად 4 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2010 წლის 27 აგვისტოს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.
  • 2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 მაღაროელი დაიღუპა.
  • 2011 წლის 22 იანვარს მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.
  • 2013 წლის 13 ოქტომბერს მინდელის შახტში მიკროსამთო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
  • 2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.
  • 2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.
  • 2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.
  • 2018 წლის 5 აპრილს მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.
  • 2018 წლის 16 ივლისს მინდელის მაღაროში დაიღუპა 4 და დაშავდა 6 მეშახტე.

გამოძიებები მინდელის შახტში

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ 2010 წლიდან დღემდე მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევების გამოძიება აჩვენებს, რომ მომხდარ ფაქტებზე პასუხისმგებლობა ძირითადად ეკისრებათ დაბალი რანგის მენეჯერებს, რომლებსაც, საბოლოო ანგარიშით, ან მცირე ხნით აპატიმრებენ, ან სამსახურიდან ათავისუფლებენ, ან აქვეითებენ. როგორც თამაზ დოლაბერიძე განმარტავს, ზუსტ ინფორმაციას, თუ რამდენ საქმეზე დასრულდა გამოძიება და რა შედეგით, პროფკავშირები არ ფლობს, რადგან მათ არა აქვთ გამოძიების მასალებზე წვდომა და ამ მასალების გამოთხოვის უფლება აქვთ მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებს. მისი სიტყვებით, გამოძიება, რომელსაც შახტებში მომხდარ ფაქტებზე შსს აწარმოებს, ფასადურია.

მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია თბილისში. 2018 წლის 23 თებერვალი
მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია თბილისში. 2018 წლის 23 თებერვალი

​რადიო თავისუფლება შს სამინისტროს დაუკავშირდა მინდელის შახტში მომხდარი ავარიების გამოძიებული საქმეების გასაცნობად, თუმცა შს სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

2018 წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულთა სტატისტიკა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში დაღუპულია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. კარიერებზე გარდაიცვალა 3, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG