Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომში ანგარების მიზნით - როგორ ყიდულობს რუსეთის ბიზნესი ომში წასვლის მსურველებს


უკრაინაში საომრად მოქალაქეების დაქირავებით რუსული კომპანიები ინარჩუნებენ ფასეულ კადრებს და ხელისუფლების მიმართ ლოიალობის დემონსტრირებას ახდენენ.
უკრაინაში საომრად მოქალაქეების დაქირავებით რუსული კომპანიები ინარჩუნებენ ფასეულ კადრებს და ხელისუფლების მიმართ ლოიალობის დემონსტრირებას ახდენენ.

მიუხედავად ახალწვეულებით დაკომპლექტების მხრივ რუსეთის არმიის წინაშე მდგარი გადაუდებელი საჭიროებისა, კრემლს ჯერ არ მიუღია მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ გადაწყვეტილება. ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებას დახმარების ხელი გაუწოდეს ადგილობრივმა მსხვილმა მეწარმეებმა.

ისინი ფიქციურ თანამშრომლებად აფორმებენ იმ რუსებსა და უცხოელებს, რომლებიც ისე, რომ ერთი დღეც არ უმუშავიათ, პირდაპირ ფრონტზე იგზავნებიან, რისთვისაც „დამსაქმებლისგან“ უხვ საგზაო ფულს, დაახლოებით 405 ათას რუსულ რუბლს (4422 დოლარს) იღებენ.

ეს სქემა მრავალმხრივ წააგავს ე.წ. ქსელურ მარკეტინგს, ხოლო ფიქციური თანამშრომლების მოძიებით დაკავებული არიან „დამოუკიდებელი რეკრუტერები", რომლებიც ზოგჯერ ორიგინალურ სარეკლამო ხრიკებს მიმართავენ. როგორც საგამოძიებო პროექტი „სისტემა“ აღნიშნავს, მსგავსი რამ მე-17 საუკუნეშიც ხდებოდა რუსეთში, სადაც ომში წასვლის მსურველ მოლაშქრეებს საგზაო ფულს კონკრეტული თემები უხდიდნენ.

"რუსეთის რკინიგზა-პიტერი-თავდაცვის სამინისტრო"!

გაზაფხულის ერთ-ერთ ჩვეულებრივ საღამოს პროექტ „სისტემის“ კორესპონდენტმა ვათსაფის მესინჯერზე მიიღო შეტყობინება, რომელიც ასე იწყებოდა: „გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის (ასე უწოდებს კრემლი უკრაინაში მიმდინარე მასშტაბურ ომს - რედ.) მსურველთა მიღება რუსეთის რკინიგზის+პეტერბურგის+თავდაცვის სამინისტროს მიერ! ანაზღაურება შეადგენს ერთ მილიონ რუსულ რუბლს!“

ამ მესიჯის გამომგზავნი უცნობი პირი უკრაინაში ომში წასვლის მსურველ წვევამდელებს სანაცვლოდ სთავაზობდა გაუმჯობესებულ პირობებს, რაც შედგება ერთი მილიონი რუბლის ერთჯერადი ჯამური ანაზღაურებისგან: რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან 195 ათასი რუსი რუბლი, პეტერბურგის რეგიონის გუბერნატორისგან 500 ათასი რუბლი და რუსეთის რკინიგზის კომპანიისგან 300 ათასი რუბლი.

ასეთი სქემა, რომელიც საწარმოში ნომინალურად მოწყობისა და ერთჯერადი საგზაო ფულის, ერთდროული თუ ყოველთვიური ფულადი ბონუსების სანაცვლოდ პირდაპირ ფრონტზე გამგზავრებას ითვალისწინებს, რუსეთში თანდათანობით 2023 წლის ივნისიდან გავრცელდა.

2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთში მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ, რამაც ქვეყანაში სოციალური აფეთქება გამოიწვია, რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ე.წ. კონტრაქტორების ანუ კონტრაქტის საფუძველზე დაქირავებული მოქალაქეების ჩართულობას დაყრდნობოდა. უმეტესწილად, „რეკრუტების რეკრუტირება“ რეგიონულ ხელისუფლებას დაევალა. ანუ რუსეთის კონკრეტულ რეგიონს გარკვეული რაოდენობის ჯარისკაცების რეკრუტირების გეგმა მიეცა.

კონტრაქტორების გადაბირების გეგმის შესასრულებლად, რეგიონები განაგრძობენ ერთმანეთთან კონკურენციას და ომში გასაგზავნად თავიანთი რეგიონებიდან რუსებისა და უცხოელების მოზიდვას ცდილობენ. რეკრუტების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი "კოზირი" არის საგზაო ფულის გადახდა, რომელიც ემატება რეგიონისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგან გამოყოფილ ანაზღაურებას.

არსებობს ორი სქემა, რომლებითაც ახალწვეულებს ფულადი ბონუსის მიღების მოთხოვნა შეუძლიათ:

  • რეკრუტი ფიქტიურად ეწყობა რომელიმე კომპანიის შტატზე და მისგან იღებს ჯამაგირს ან ერთჯერად ანაზღაურებას, რომელიც ემატება თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ანაზღაურებას.
  • ზოგიერთი რეგიონი რეკრუტს სთავაზობს ერთჯერად ანაზღაურებას სპეციალური ფონდიდან, რომელსაც ოლქი ფედერალურ თუ ადგილობრივ საწარმოებთან ერთად აფინანსებს. ასეთ შემთხვევაში საკმარისია, რომ რეკრუტმა კონტრაქტი სამხედრო სამსახურში მიმღებ ადგილობრივ პუნქტზე გააფორმოს.

გადაბირების ამ მეთოდის პიონერის წოდება ეკუთვნის მოსკოვს, რომელმაც პირველად, სოციალური ქსელების მეშვეობით განათავსა საკონტრაქტო სამსახურის შესახებ რეკლამა, რომელშიც მსურველებს კონკრეტული საწარმოებისგან საგზაო თანხის მიღებას სთავაზობდნენ.


შემდეგ კი, 2023 წლის აპრილში, "ფარული მობილიზაციის“ ყველაზე საწყის ეტაპზე საქმეში უკვე კერძო კომპანიებიც ჩაებნენ. მოგვიანებით სოციალური ქსელების საშუალებით სამხედრო სამსახურში გაწვევა რუსეთის სხვა მსხვილმა რეგიონებმა: სანქტ-პეტერბურგმა, მოსკოვის ოლქმა, თათრეთმა, სამარამ, ვოლგოგრადმა, იაროსლავლმა და ვოლოგდის ოლქებმაც დაიწყეს.

ყუბანის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ფულადი თანხის გარდა, უკრაინაში ომში მონაწილე სამხედროების ოჯახების სოციალური დაცვის მიზნით, რეგიონში მოქმედებს მხარდაჭერის სულ ცოტა 30 ზომა.
ყუბანის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ფულადი თანხის გარდა, უკრაინაში ომში მონაწილე სამხედროების ოჯახების სოციალური დაცვის მიზნით, რეგიონში მოქმედებს მხარდაჭერის სულ ცოტა 30 ზომა.

2023 წელს სოციალურ ქსელში „ვ კონტაკტე“ საკონტრაქტო სამსახურის შესახებ განთავსებულმა რეკლამებმა 35 ათასს გადააჭარბა. როგორც „სისტემამ“ დაადგინა, 2024 წელს უკრაინის ფრონტზე გამგზავრების შესახებ მოწოდებების შემცველი განცხადებების რაოდენობით მოსკოვს გაასწრო სანქტ-პეტერბურგმა. გასული წლის ბოლოს მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ვადაზე ადრე შესრულებულად გამოაცხადა კონტრაქტის საფუძველზე რეკრუტების გადაბირების გეგმა.

პეტერბურგის გუბერნატორი ალექსანდრ ბეგლოვი ჯერჯერობით ასეთი მიღწევით თავს ვერ იწონებს, მაგრამ რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის ხელმძღვანელობა საქმეს სერიოზულად მიუდგა.

ომში წასვლის მსურველთათვის დამატებითი ანაზღაურება უკვე ნახევარ მილიონ რუბლს გაუთანაბრდა, ხოლო ქალაქის ქუჩები და საიტები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ რეკლამებით არის აჭრელებული.

ისინი ერთი თვალით ხედავდნენ, მეორით - ვერა. მაგრამ ნორმალურად არიან. უკვე მსახურობენ.
ალა პრონინა

ასე მაგალითად ქალაქის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული საწარმოს, სამხრეთ-დასავლეთის თბოელექტროსადგურის საიტი მნახველებს ხვდება დიდი ბანერით, რომელიც მსურველს ორგანიზაციის საშტატო თანამდებობის დაკავებას და შემდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში წასვლას სთავაზობს. მსურველს ენერგეტიკული კომპანია საგზაო ფულის სახით დამატებით 405 ათასი რუსული რუბლის (4422 აშშ-ის დოლარის) გადახდას ჰპირდება.

იმის დასადგენად, თუ როგორ ხდება ფრონტზე გამგზავრების მსურველი რეკრუტების გადაბირება, „სისტემის“ კორესპონდენტი დაუკავშირდა სხვადასხვა ქალაქში მყოფ გადამბირებლებს (რეკრუტერებს), რომლებსაც უმტკიცებდა, რომ სურს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება და შესაბამისი ბონუსის მიღება.

ამ საუბრების შემდეგ კორესპონდენტის ნომერი, როგორც ჩანს, იმ ადამიანების სატელეფონო ბაზაში აღმოჩნდა, რომლებიც პოტენციურად მზად არიან ომში წასასვლელად. და მალე მის ტელეფონზე მოვიდა შეტყობინება უცნობი ნომრიდან, რომელიც მას უკრაინის ომში წასვლას „რუსეთის რკინიგზა+პიტერის“ სქემით სთავაზობდა.

ამ შეთავაზების გამგზავნელი კი აღმოჩნდა 55 წლის ალა პეტროვნა პრონინა, რომელიც წარსულში მოსკოვის ერთ-ერთ დაცვის კერძო ფირმაში მუშაობდა, ამჟამად კი, მისი სიტყვებით, დამოუკიდებელი რეკრუტერია. მან კორესპონდენტს აუხსნა, რომ სამხედრო სამსახურში მიღების შემთხვევაში აუნაზღაურებდა პეტერბურგამდე ჩასასვლელი ბილეთის ფულს, ადგილზე განათავსებდა საერთო საცხოვრებელში, უზრუნველყოფდა კვებით და იოლად გაატარებდა სამხედრო-სამედიცინო კომისიას.

როგორც ალა პრონინამ განაცხადა, თავის პრაქტიკაში ისეთი შემთხვევაც ახსოვს, როდესაც კომისია მხედველობის პრობლემის ახალგაზრდა მამაკაცებმაც კი გაიარეს.

„ისინი ერთი თვალით ხედავდნენ, მეორით - ვერა. მაგრამ ნორმალურად არიან. უკვე მსახურობენ“, - უთხრა „სისტემის“ კორესპონდენტს ალა პეტროვნამ.

კორესპონდენტისგან წინასწარი თანხმობის მიღების შემდეგ, ალა პეტროვნამ იგი გადაამისამართა სატრანსპორტო უსაფრთხოების ფირმა „ფაქტორთან“, სადაც ფიქტიურად უნდა მოეწყოს სამუშაოდ მომავალი „კონტრაქტნიკი“ რუსეთის რკინიგზისგან 300 ათასი რუბლის მისაღებად. როგორც გაირკვა, „ფაქტორი“ რუსეთის სატრანსპორტო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ერთ-ერთი უდიდესი ფირმა და რუსეთის რკინიგზის დამცველ ორგანიზაციათა ასოციაციის თანადამფუძნებელიცაა.

"ორდენი", "ორკესტრი" და "ვაგნერის" სიმბოლიკა

სატრანსპორტო უსაფრთხოებისა და დაცვის კერძო კომპანიების გარდა, რუსეთში მოქალაქეთა რეკრუტირებაში სამშენებლო კომპანიებიც მონაწილეობენ.

პეტერბურგის მაგალითზე ეს კომპანიები მსურველებს ბატალიონების „ორკესტრისა“ და „ორდენის“ გზით სთავაზობენ ომში წასვლას.

ინდოელი რეკრუტები "ორკესტრის" დროშის წინ პოზირებენ
ინდოელი რეკრუტები "ორკესტრის" დროშის წინ პოზირებენ

ორივე „ბატალიონი“ წარმოადგენს არა რუსეთის არმიის საბრძოლო დანაყოფს, არამედ ერთგვარ შუამავალს, „კონტრაქტნიკს“, სამხედრო ნაწილს, სამხედრო კომისარიატსა და იმ კომპანიას შორის, სადაც ახალწვეულს ფიქტიურ სამსახურში იღებენ. „ორდენისა“ და „ორკესტრის“ თანამშრომლები პასუხს აგებენ რეკრუტის განთავსებასა და კვებაზე, კომპანიასა და კომისარიატში მის გაფორმებაზე, საწყისი სამხედრო მომზადების ჩატარებაზე.

ერთმანეთისაგან ეს „ბატალიონები“ იმით განსხვავდებიან, რომ „ორდენი“ მობილიზებას უწევს რუსეთის მოქალაქეებს, ხოლო „ორკესტრი“ - უცხოელებს. მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს „ბატალიონები“ რეკრუტებს სამშენებლო ფირმებისგან მიღებული 400 ათასი რუბლის მოცულობის საგზაო ფულს უხდიან.

„ორდენი“, მისი სოციალური ქსელების თანახმად, 2023 წლის აგვისტოში წარმოიშვა და რეკრუტების მობილიზებას ახდენს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 44-ე საარმიო კორპუსის (ლენინგრადის ოლქი), 25-ე მოტომსროლელი ბრიგადისა (კურსკის ოლქი) და 47-ე სატანკო დივიზიისთვის (ნიჟეგოროდის ოლქი).

„ორკესტრი“ კი უფრო მოგვიანებით, 2024 წლის თებერვალში გამოჩნდა დღის სინათლეზე. ერთი თვის წინ კი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის არმიაში კონტრაქტის საფუძველზე საზღვარგარეთის მოქალაქეთა მიღების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

„ორკესტრის“ გზით მობილიზებული მიგრანტები სევასტოპოლში ბაზირებულ 810-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში იგზავნებიან. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დროს სწორედ ამ დანაყოფმა განიცადა უზარმაზარი დანაკარგი და უკვე 2023 წლის სექტემბრისთვის თითქმის მთლიანად განადგურდა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტისა“ და „კრიმ.რეალიის“ მიერ დადგენილი იქნა 510-ე ბრიგადიდან დაღუპული 277 მეომრის ვინაობა.

სოციალურ ქსელებში ეს „დანაყოფები“ არ უარყოფენ, რომ კონტრაქტებს აფორმებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ამის პარალელურად რეკრუტერები აქტიურად იყენებენ 2023 წლის ივნისის სამხედრო ამბოხის შემდეგ დაშლილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სიმბოლიკას. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ „ბატალიონს“ სახელად ეწოდება „ორკესტრი“, კომპანია „ვაგნერთან“ მიმსგავსებულია ასევე დანაყოფის ემბლემაც: გამოიყენება იგივე ფერთა პალიტრა და სლოგანი „ღირსება, სამშობლო, თავგანწირვა“ ("Честь, Родина, Отвага"). „ვაგნერის“ ორიგინალური ლოზუნგიდან მხოლოდ სიტყვა „სისხლი“ იქნა ამოღებული.



„ორდენის“ მიერ შერჩეული რეკრუტების კრიტერიუმი არ განსხვავდება სამხედრო კომისარიატის მიერ წვევამდელთათვის დადგენილი კრიტერიუმებისგან.

ხოლო „ორკესტრის“ მიერ უკრაინაში საომრად დაქირავებულ უცხოელებისთვის დამატებითი მოთხოვნები მოქმედებს. განცხადებაში მითითებულია, რომ „ორკესტრის“ მოთხოვნები აქტუალურია ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ „ბატალიონის“ ჩათში გადამბირებლები ამტკიცებენ, რომ მზად არიან მიიღონ სხვა ქვეყნების, მაგალითად, ინდოეთის, კონგოსა და უზბეკეთის მოქალაქეებიც.

„ორკესტრის“ ინსტრუქტორები მზად არიან რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიის მცხოვრებთა რეკრუტირებისთვისაც, ოღონდ იმ პირობით, თუ წვევამდელებმა უკვე მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა.

არსებობს რამდენიმე სხვა მოთხოვნა: რუსული ენის ცოდნა, გადასახადის გადამხდელის ინდივიდუალური ნომერი და რეგისტრაცია რუსეთის ფედერაციაში. მიუხედავად ამისა, „სისტემამ“ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „ორკესტრის“ შესახებ ერთ-ერთ ყოფით ვიდეოში, რეკრუტერი მიგრანტებთან თარჯიმნის საშუალებით ურთიერთობს. ხოლო ერთ-ერთი რეკრუტერის განცხადებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების დადება შესაძლებელია იმ პირებისთვისაც კი, რომლებიც "ნასამართლევი არიან თავიანთ სამშობლოში, დაარღვიეს მიგრაციის წესები და მიღებული აქვთ დეპორტაციის ბრძანება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG