Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

60 ონკოლოგის გამოწერილი “საეჭვო” მედიკამენტები - რას ნიშნავს ჯანდაცვის ექსმინისტრის განცხადება


ონკოპაციენტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - 12 თებერვალი, 2024 წელი.
ონკოპაციენტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - 12 თებერვალი, 2024 წელი.

ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან წავიდა და ონკოპაციენტებს, ძველ პრობლემებთან ერთად, დამატებითი საფიქრალიც დაუტოვა. განმარტებების გარეშე ითქვა, რომ - 60 ონკოლოგი პაციენტებს არარეგისტრირებულ, საეჭვო პრეპარატებს უნიშნავდა.

„დათვლას ვცდილობდი და 30 ონკოლოგზე მეტი ვერ გავიხსენე. ვინ 60 ონკოლოგზე ლაპარაკობს?! როგორ შეიძლება ყველა ექიმს უფუჭებდე ასე სახელს?!“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი, ვატო სურგულაძე.

დეტალები რადიო თავისუფლებას არც პროკურატურაში გაუმხილეს და არც ჯანდაცვის სამინისტროში. იმეორებენ თითქმის იმავეს - მაგრამ ექიმების გვარების, კლინიკებისა და „საეჭვო“ მედიკამენტების დაუსახელებლად.

რა თქვა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა?

„გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა“, - წერს ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ის „ქართული ოცნებიდან“ მხარდაჭერისთვის მადლობას მხოლოდ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უხდის.

ტესტში ასევე ნათქვამია, რომ:

  • სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში;
  • ამ ონკოლოგების მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში;
  • ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.

ვინ არიან ეს ონკოლოგები? რა მედიკამენტებზეა ლაპარაკი? - ჯანდაცვის ექსმინისტრი თავის განცხადებაში არ აკონკრეტებს. არც ის არის მითითებული - დააზიანა თუ არა ამ „საეჭვო“ მედიკამენტებმა ონკოპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ამ შეკითხვებზე არც ჯანდაცვის სამინისტროში გვპასუხობენ.

გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რომ შესწავლა კვლავ მიმდინარეობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოში და შესაძლო ზიანსაც შეისწავლიან.

მანამდე, 17 თებერვალს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ - საბჭომ განიხილა „38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის“ მიერ „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის“.

ნათქვამია ასევე, რომ:

  • ეს მედიკამენტები არ არის აღიარებული „არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ“;
  • რეგულირების სააგენტომ აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციაზე კომპანიას უარი უთხრა - „რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი შეუსაბამობებისა და საეჭვო წარმომავლობის გამო“.

კონკრეტულად ეს ინფორმაცია არ არის ასახული ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროკურატურაში არ დაგვიზუსტეს, როდის დაიწყო გამოძიება.

უწყება აცხადებს, რომ „გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე“ (180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

პროკურატურა განმარტავს, რომ ლაპარაკია „საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტზე“, რაც შემდეგ პაციენტებმა ან საკუთარი ფულით იყიდეს, ან „სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში“.

პროკურატურა არ აღნიშნავს, რომ ეს პრეპარატები უვარგისი იყო.

არარეგისტრირებული პრეპარატების საჭიროება

„კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელს, გვანცა აფხაიძეს - რომელიც წარსულში თავადაც ონკოპაციენტი იყო და ამჟამადაც ბევრ პაციენტთან აქვს კავშირი - არასოდეს სმენია, რომ საქართველოში რომელიმე ექიმს საეჭვო წარმოშობის არალიცენზირებული წამალი გამოეწეროს; თუმცა, მისი თქმით, არის არარეგისტრირებული მედიკამენტების გამოწერის პრაქტიკა და „ამას ექიმი ონკოლოგები პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად აკეთებენ“.

რადგან დეტალები გასაიდუმლოებულია, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ექსმინისტრის მიერ გახმაურებული ფაქტი სწორედ არარეგისტრირებული პრეპარატების გამოწერას უკავშირდება.

„რეგისტრირებული რომ არ არის ჩვენს ქვეყანაში, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვარგა. ჩვენი ჯანდაცვა ქვის ხანაშია დარჩენილი - საქართველოში მხოლოდ მე-2 თაობის მცირე რაოდენობის ონკოპრეპარატებია რეგისტრირებული და, რა თქმა უნდა, ქიმიოთერაპევტებმა პაციენტებს არარეგისტრირებული პრეპარატებიც უნდა გამოუწერონ - აბა, მკურნალობის გარეშე ხომ ვერ დატოვებენ?! არცერთი ექიმი არ წერს არალიცენზირებულ წამალს“, - გვანცა აფხაიძე ასევე გვეუბნება, რომ „ბევრი ეფექტიანი მედიკამენტი, რომლებითაც ევროკავშირში მკურნალობენ, საქართველოში არ არის რეგისტრირებული“.

პრობლემები და პანიკა

გვანცა აფხაიძე ლაპარაკობს კიდევ ერთ ვარაუდზე, რომ „60 ონკოლოგის“ საქმე რეალური პრობლემების გადაფარვას ემსახურება.

„ჯანდაცვის მინისტრი ისე წავიდა, რომ არათუ სხვა წამლები არ დაგვიმატა, ახლა იმ წამლების დეფიციტია, რომლებსაც დაგვპირდა, რომ [სახელმწიფოს მიერ] პირდაპირი შესყიდვით უფასოდ გვექნებოდა. ევროპაში არსად არ ხდება, რომ ონკოპაციენტი ერთი და ორი თვე ელოდებოდეს წამალს და დაფინანსებას - რადგან ზოგჯერ დღეებია გადამწყვეტი“, - გვანცა აფხაიძე გვეუბნება, რომ წამლების ძებნა პაციენტებს შავ ბაზარზე უწევთ, ხოლო შეუძლებელია მკურნალობა 25-ათასლარიან ლიმიტში ჩაეტიოს, რაც სახელმწიფოს აქვს დაწესებული.

ჯანდაცვის ექსმინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაფინანსების ლიმიტთან დაკავშირებულ საკითხს, თავის განცხადებაში, მათ შორის - სწორედ „60 ონკოლოგის“ საქმეს უკავშირებს.

„სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა, რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება“, - აღნიშნავს ის.
წამლების დეფიციტსა და პაციენტების სიცოცხლის რისკზე არაფერს ამბობს, თუმცა მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმით 400 მილიონი ლარის დაზოგვას უსვამს ხაზს.

უკვე ერთი თვეა, ონკოპაციენტები აქციების გზით ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების ლიმიტის მოხსნას და დროული, უწყვეტი მკურნალობის უზრუნველყოფას.

აქციები გაიმართა საქართველოს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან. 12 თებერვალს, ონკოპაციენტებმა დახმარებისთვის ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართეს, ხოლო 26 თებერვალს მასთან შეხვედრა წერილობით მოითხოვეს. შეხვედრას ამ დრომდე ელოდებიან.

ექსმინისტრ აზარაშვილის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, როგორც გვეუბნება, არაერთი ონკოპაციენტი დაუკავშირდა ვატო სურგულაძეს - „ლელოს“ წარმომადგენელს, რომელსაც წარსულში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება აქვს.

„ყველა პაციენტი პანიკაში ჩააგდეს, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება?! დაასახელე მაშინ, რა მედიკამენტებზე ლაპარაკობ... ვიცი პაციენტები, რომლებსაც ახლა სჭირდებათ ქიმიოთერაპია და დაფიქრდნენ - იქნებ სულ არ გვინდაო, რას გაგვიკეთებენ, რა ვიცითო... რომც ასე იყოს [თაღლითობა, წინასწარ, ვიდრე არ არის გამოძიება დასრულებული, როგორ შეიძლება ყველა ონკოლოგს ჩირქი მოსცხო?!“, – ამბობს ვატო სურგულაძე.

სურგულაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ექიმები, რომლებსაც ახლა თაღლითებს უწოდებენ, სწორედ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

„სახელმწიფოს ონკოპაციენტებისთვის შემოაქვს, ვთქვათ - A, B და D პრეპარატები, მაგრამ არ შემოაქვს E, არადა ექიმი თვლის, რომ ამ კონკრეტულ პაციენტს სჭირდება სწორედ - E, ყველა ინდივიდუალურია, ერთს რაც უხდება, შეიძლება არ მოუხდეს მეორეს... ჰოდა, ექიმი ცდილობს პაციენტს დაუნიშნოს - რაც უფრო კარგი იქნება მისთვის, მოუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს არ შემოაქვს“, - გვეუბნება სურგულაძე და პრობლემად მიიჩნევს მედიკამენტებზე შექმნილ დეფიციტს.

აქ თავს იჩენს კიდევ რამდენიმე პრობლემა:

  • სახელმწიფოს ყველა მედიკამენტი არ შემოაქვს;
  • წინასწარ განსაზღვრული სიიდან ყველაფერი დროულად ვერ შემოაქვს;
  • დეფიციტია ამ სიის მიღმა არსებულ სხვა პრეპარატებზეც.

სპეციალისტების განმარტებით, რადგანაც ონკომედიკამენტების შესყიდვა სახელმწიფომ თავის პრეროგატივად გამოაცხადა, კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს აღარ შემოაქვთ ონკოლოგიური პრეპარატების უმეტესობა.

ექსპერტები წუხან იმის შესახებაც, რომ საქართველოს ხელისუფლების „უსაფუძვლო სიამაყემ“ - რომ საქართველოში ონკოპაციენტების მკურნალობისთვის ყველა პირობაა შექმნილი - პრობლემები შეუქმნა ევროპის ქვეყნებში სამკურნალოდ წასულ საქართველოს მოქალაქეებს.

გვანცა აფხაიძე ამბობს, რომ თებერვლიდან დღემდე - მუდმივად ხდება ისეთი პაციენტების დეპორტაცია, რომლებსაც მკურნალობა არ დაუსრულებიათ, მაგრამ ისინი საქართველოში იმავე ეფექტიანი პრეპარატებით მკურნალობას ვეღარ აგრძელებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG