Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს თბილისს ეწვევა შვიდი პრეზიდენტი


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ეწვევიან ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სომხეთის, სლოვაკეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები. მაღალი რანგის სტუმრები თბილისში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით ჩამოდიან. პრეზიდენტების გარდა, თბილისს ეწვევა 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია.

საული ნიინისტო
საული ნიინისტო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფინეთის პრეზიდენტი საქართველოში 26-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩამოვა. გიორგი მარგველაშვილი და საული ნიინისტო საქართველოში ვიზიტის შესახებ შეთანხმდნენ 18 მაისს, სატელეფონო საუბრისას.

ანდრეი კისკა
ანდრეი კისკა

26 მაისს, თბილისს ეწვევა სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. ის სახელმწიფო ვიზიტით თბილისს პირველად ორი წლის წინ, მაისის მიწურულს ეწვია. მაშინ სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა და ორ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ანდჟეი დუდა
ანდჟეი დუდა

100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. გიორგი მარგველაშვილმა ანდჟეი დუდა პოლონეთში ვიზიტისას, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მოიწვია: „დამოუკიდებლობა საქართველომ და პოლონეთმა 100 წლის წინ ხელახლა აღიდგინეს. რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას, 2018 წელს ქართველები და პოლონელები იქნებიან გაერთიანებულნი ერთი ემოციით და მიხარია, რომ ჩვენ ამას მომავალ წელს ერთად კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შევძენთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გასული წლის 8 ნოემბერს, პოლონეთში ვიზიტისას. ანჟეი დუდა საქართველოს პირველად 2017 წლის 30 მაისს ეწვია.

დალია გრიბაუსკაიტე
დალია გრიბაუსკაიტე

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა 25 მაისს ლიტვის პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე. ის იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც გასულ წელს საქართველოს ქართულ ენაზე მიულოცა უვიზო რეჟიმის ამოქმედება. დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ლიტვამ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე თებერვალში აღნიშნა.

რაიმონდს ვეიონისი
რაიმონდს ვეიონისი

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ეწვევა ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი. საქართველოში ვიზიტი ქართველ კოლეგას მან სატელეფონო საუბრისას, 10 მაისს დაუდასტურა. პრეზიდენტებმა ტელეფონით ლაპარაკისას ნატოს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს და ისაუბრეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობდა გასული წლის გაზაფხულზეც. ის გიორგი მარგველაშვილთან ერთად ჩავიდა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან და გაეცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილ ვითარებას.

არმენ სარქისიანი
არმენ სარქისიანი

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე საქართველოს ეწვევა სომხეთის ახალარჩეული პრეზიდენტი არმენ სარქისიანი. სომხეთის პარლამენტმა არმენ სარქისიანი პრეზიდენტად 2018 წლის 2 მარტს აირჩია. არმენ სარქისიანსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონი საუბარი შედგა 3 მაისს. სატელეფონო საუბრის ინიციატორი იყო სომხეთის პრეზიდენტი. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობილებას.

ჟან-კლოდ იუნკერი
ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ბრიუსელში ვიზიტისას მოიწვია. მიმდინარე წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი წლის განმალობაში აღინიშნება და მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიის, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG