Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახი რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველი მწყემსის გათავისუფლებას ელოდება


სოფელი ალმატი
სოფელი ალმატი

23 წლის დავით ვარდოშვილის მდგომარეობის შესახებ მისმა ოჯახმა არაფერი იცის. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები ახალგაზრდა მწყემსი რუსმა მესაზღვრეებმა 13 ივნისს დააკავეს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან.

არც ის ვიცით, კარგად ექცევიან თუ ცუდად“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ვარდოშვილის დამ, მარიამ ვარდოშვილმა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია: „სოფლის გამგებელს ველაპარაკე და მითხრა, რომ გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები მიდის და პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო უწყებებიო. თუ სიახლე იქნება, ან მე დამირეკავენ, ან თქვენო“.

მარიამ ვარდოშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მისი ძმა და მეზობელი, ლევან ბაწილაშვილი, საქონელს ყადორის მთაზე აძოვებდნენ, რა დროსაც დავითი საზღვართან ახლოს, რუსებმა დააკავეს. ლევან ბაწილაშვილმა გაქცევა მოასწრო და ამბავი სოფელში მიიტანა. თავად ლევან ბაწილაშვილი მედიასთან არ ურთიერთობს.

„გვითხრეს, 13-ში დააკავესო, 14-ში გავიგეთ ჩვენ ეს ყველაფერი. იძახიან, რომ, სავარაუდოდ, საზღვარი გადაკვეთა და ამიტომ დააკავეს. მე ლევან ველპარაკე. მას დაუნახავს რუსი მესაზღვრეები და გამოქცეულა. დათოს გამოქცევა ვერ მოუხერხებია. ვიცით, რომ ჩემი ძმა საქონელს ეძებდა და ძებნის დროს შესაძლებელია მართლა გადაკვეთა საზღვარი. ეგ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, - ამბობს მარიამ ვარდოშვილი.

სოფელი ალმატი
სოფელი ალმატი

სოფელ ალმატში მცხოვრები ბერდია ბაწილაშვილის ინფორმაციით კი, ტერიტორია, სადაც დავით ვარდოშვილი და ლევან ბაწილაშვილი იმყოფებოდნენ, საქართველოს შემადგენლობაშია და იქ ადგილობრივი მცხოვრებნი ხშირად მიდიან. ბაწილაშვილი ამბობს, რომ რუსების მხრიდან მუდმივი საფრთხეა და ხელისუფლებას ყურადღებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ვარდოშვილის დაკავება ოფიციალურად მხოლოდ 22 ივნისს დაადასტურა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა. შსს-მ მხოლოდ ის განაცხადა, რომ „მიმდინარე წლის 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი . ., სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის კვეთის ბრალდებით. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა მყისიერი რეაგირება, მათ შორის ინიციდენტის დეტალების დასადგენად. პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები მწყემისის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოხდება მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა“. შსს მომხდარის დეტალებს არ ასაჯაროებს. ამ თემაზე არ ლაპარაკობენ არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან რუსი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ. 2017 წელს, იმავე ტერიტორიიდან რუსი მესაზღვრეების ტყვეობაში აღმოჩნდა სოფელ შილდაში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც საქონელს მწემსავდა. ის მეოთხე დღეს გაათავისუფლეს. 2018 წელს, რუსებმა საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს 2 ქართველი მესაზღვრე და მესამე დღეს გაათავისუფლეს. დავით ვარდოშვილის დაკავებიდან უკვე 10 დღე გავიდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG