რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ახალი ცივი ომი კრემლთან. რუსეთის რიტორიკას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც გასულ საუკუნეში განსაკუთრებით დაზარალდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირებით. ჩვენი სტუმარია პაველ ფიშერი, ცნობილი ჩეხი დიპლომატი და ჩეხეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.
პაველ ფიშერი: ჩემი აზრით, სირიაში ვითარება უკიდურესად სახიფათო და რთულია. ყველა ყველას ებრძვის. ერთმანეთს უპირისპირდება მრავალი ქვეყანა. და, მართალია, საქმე არ ეხება მხოლოდ რუსეთს, მაგრამ რუსეთსაც ეხება. ეს განცხადება „ცივი ომის“ შესახებ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ყურადღების მისაპყრობად გაკეთებულიყო! როგორც უნდა იყოს, ვითარება სირიაში დიდ ძალისხმევას მოითხოვს - იქნება ეს დიპლომატია, პოლიტიკური ინიციატივა თუ ძალის გამოყენება, რადგან (სამხედრო) ძალის გარეშე ზოგჯერ, შესაძლოა, ვერ დაარწმუნო მაგიდასთან მჯდომი მეორე მხარე“.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ ის გარემოება, რომ სირიაში ერთმანეთს უპირისპირდება ბევრი ქვეყანა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სირიაში გადის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციის ახალი ხაზი. როგორ ფიქრობთ, ხომ არ შეიქმნება ვითარება, როცა ევროპის ქვეყნებს, შესაძლოა, მოუწიოთ არჩევანის გაკეთება ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ?
რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ გაჰყავს ჯარები სირიიდან, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ამის ნაცვლად, რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული შენაერთების გარდა, სირიაში იმყოფებიან არაოფიციალური შეიარაღებული ჯგუფებიც - დიახ, დაქირავებული მებრძოლები...პაველ ფიშერი
პაველ ფიშერი: თუ ერთმანეთს შევადარებთ ვითარებას ევროპის მეზობელ ქვეყნებში, დავინახავთ, რომ იქ ბევრი სუსტი სახელმწიფო არსებობს, არშემდგარი სახელმწიფოები. სირიის შემთხვევაში - როცა ქიმიურ იარაღს იყენებენ, შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება, დიდია მსხვერპლი და მილიონობით ადამიანი ლტოლვილად არის ქცეული - ვითარება ძალიან რთული და საგანგაშოა, ხოლო რუსეთი იქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ გაჰყავს ჯარები სირიიდან, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ამის ნაცვლად, რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული შენაერთების გარდა, სირიაში იმყოფებიან არაოფიციალური შეიარაღებული ჯგუფებიც - დიახ, დაქირავებული მებრძოლები. ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. ევროკავშირის ქვეყნებისათვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პოზიცია: როგორ უნდა იმოქმედო ამ რეგიონთან მიმართებით ისე, რომ კიდევ უფრო არ გაიზარდოს დაძაბულობა.
რადიო თავისუფლება: „ცივ ომს“ რაც შეეხება, საბჭოთა პერიოდში რუსეთი, საბჭოთა კავშირი იყო „ზესახელმწიფო“ თავისი მოკავშირეებით, „ვარშავის ხელშეკრულების“ წევრი ქვეყნებით, დიდი სამხედრო პოტენციალით. ამჟამად რუსეთს ასეთი მოკავშირეები არ ჰყავს, სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. თქვენი აზრით, შესწევს თუ არა რუსეთს ძალა, იბრძოლოს რაღაც ტიპის ფასეულობებისათვის ან დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც ებრძვიან ლიბერალებს, მსოფლიოში გავრცელებულ ლიბერალიზმს?
პაველ ფიშერი: ცივი ომის დროს ძირითადად არსებობდა ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბლოკი. დღეს კი მსოფლიო მრავალპოლუსიანია - ერთმანეთს კონკურენციას უწევს ბევრი ქვეყანა და მოთამაშეები, რომლებიც სახელმწიფოს არ წარმოადგენენ. ასეთი რამ წინათ არ არსებობდა. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ მოთამაშეებსაც კი, რომლებიც სახელმწიფოები არ არიან, შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან მშვიდობასა და სტაბილურობას არა მარტო ჰაკერული თავდასხმების ან სოციალური მედიის მეშვეობით, არამედ ასევე მოქალაქეებზე პირდაპირ თავდასხმით, უსაფრთხოებისათვის ძირის გამოთხრით. ამიტომ ვფიქრობ, დღეს უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში საჭიროა თანამშრომლობა, საერთაშორისო მმართველობის სულისკვეთება. ასეთი მმართველობა წარმატებული იქნება მხოლოდ მკაფიო დემოკრატიული კონტროლის შემთხვევაში, რუსეთი კი საამისოდ მზად არ არის, რადგან დემოკრატიული კონტროლი საკუთრივ რუსეთში ძალიან სუსტია მედიაზე, სხვადასხვა ორგანიზაციაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების შედეგად. ამიტომ, ჩემი აზრით, იმისათვის, რომ რუსეთმა მსოფლიო ასპარეზზე წარმატებას მიაღწიოს, მან უნდა შეცვალოს ეს ძველი, ცივი ომის პერიოდის სტრატეგიული აზროვნება. და, სხვათა შორის, ვლადიმირ პუტინის შემცვლელის მოძებნაც ძალიან რთული გამოწვევა იქნება“.
ეს არის კონფლიქტური ვითარება, რომელზედაც არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად ევროპის მომავალიც. ჩემი აზრით, ამიტომაცაა, რომ ამ კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნატოსა და ევროკავშირის დღის წესრიგში...პაველ ფიშერი
რადიო თავისუფლება: ბევრი შიშობს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გამო, შესაძლოა, გალღვეს ე.წ. გაყინული კონფლიქტები - მაგალითად, საქართველოში - ან, შესაძლოა, მეტი ჯარისკაცი გაგზავნონ აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა ყურადღება გადაიტანონ სირიიდან შორს, ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე. თქვენ როგორ ფიქრობთ?
პაველ ფიშერი: ჩემი აზრით, როცა საქმე ეხება კონფლიქტებს, რომელთაგან ზოგი „გაყინულია“, ზოგი კი არა,- მაგალითად, საქართველოში ვხედავთ ბორდერიზაციის პროცესს, უკრაინაში ვხედავთ ვითარებას, რომელიც ძალიან შორს არის მოგვარებიდან, - მოქმედება გვმართებს. ეს არის კონფლიქტური ვითარება, რომელზედაც არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად ევროპის მომავალიც. ჩემი აზრით, ამიტომაცაა, რომ ამ კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნატოსა და ევროკავშირის დღის წესრიგში. თუ მათ ზურგს შევაქცევთ, შესაძლოა, დავმარცხდეთ თავისუფლებისათვის, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.
დაწერეთ კომენტარი