Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მშვენიერ, რთულ და ამბივალენტურ პერსონაჟზე, „ვეფხისტყაოსნის“ ნესტან-დარეჯანზე. მართლაც ძნელი მოსაძებნია პერსონაჟთა გალერეაში სახე, რომელიც ერთდროულად არის მორიდებული, მორცხვი, თავშეკავებული, გონიერი, „ბრძენი და მაღლით მხედი“ და, ამავე დროს, მოურიდებელი, თამამი, თავშეუკავებელი, პირგამეხებული და კოსმოსური ამბიციით შეპყრობილი, რომელსაც საკუთარ თავზე შეუძლია თქვას – „სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო“; ამ სიტყვების შემდეგ მართლაც სარწმუნოა სახელ „ნესტან-დარეჯანის“ სავარაუდო ეტიმოლოგია – „არ არის ამ ქვეყნად“ (სპარსულად, ალბათ იგულისხმება, რომ მისი მსგავსი არავინაა ამქვეყნად), ახლა ჩვენ ვიცით, რომ არც იმქვეყნად არის არავინ მისი დარი. „ნესტანი“ პირველი სახეა, რომელსაც მკითხველი ამ პოემაში ხვდება, რადგან ის არის სათაურის, „ვეფისტყაოსნის“ "ვეფხი". ტრადიციულად სატრფიალო ამბებს გმირების სახელებით გვაცნობს სათაური: „ტრისტანი და იზოლდა“, „რომეო და ჯულიეტა“, „პოლი და ვირჟინი“ ან „ლეილი და მეჯნუნი“. რუსთაველიც თავის პოემას ან მაღალი ან დაბალი შაირის გამოყენებით დაასათაურებდა: „ნესტანი და ტარიელი“ ან „ტარიელი და ნესტანი“, მაგრამ მან ეს ორი სახე გააერთიანა, "ვეფხისტყაოსანი" არის ტარიელი, რომელსაც ნესტანი მოსავს ვეფხის ტყავის სახით. რატომ უბიძგა ნესტანმა ტარიელს დანაშაულისკენ, რატომ დაისაჯა ათწლიანი სატანჯველით, სინამდვილეში რას ითხოვს ნესტანის გენიალური წერილი, ქაჯეთის ციხიდან მიჯნურისთვის მიწერილი, რატომაა ნესტანი მთვარის სახეც, მოეწონებოდა თუ არა თამარ მეფეს თავისი თავი ნესტანის სარკეში, მთავარია, იცნობდა თუ არა თავს,— ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG