Accessibility links

პოლიციელი ამბობს, რომ ლევან იზორიას ძმის დაკავების გამო მისი დევნა დაიწყო


ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს ვიდეოს, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული და სადაც ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის მანქანიდანვე ათავისუფლებენ.

ვიდეოში ჩანს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ვახო იზორიას, მაიორი გიორგი დვალიშვილი ადმინისტრაციული წესით აკავებს. დაკავებული უცენზურო სიტყვებს იყენებს და პოლიციელს ემუქრება: "იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?", - ეუბნება დაკავებული პოლიციელს.

„არ მაინტერესებს, ვინც გინდა ის იყავი“, - პასუხობს მას გიორგი დვალიშვილი და დაკავებულს ბორკილს ადებს.

ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ იზორიას ძმის დაკავებიდან რამდენიმე წუთში, საქმეში სხვა პოლიციელები ერევიან, რომლებიც ტელეფონით იღებენ ინსტრუქციას და მალევე, ვახო იზორიას ბორკილებს ბოდიშის მოხდით ხსნიან: „ფრთხილად, ხელი არ გეტკინოთ“, - ეუბნებიან მას.

გიორგი დვალიშვილი ტელეკომპანია „მთავარს“ უყვება, რომ მას შემდეგ, რაც ვახო იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, დაიწყო მისი დევნა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს, გიორგი დვალიშვილს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა კახა ბუხრაძემ ვახო იზორიას დაკავების ჩანაწერის მობილურში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც სამართალდამცველმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ამ კადრებს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემდა.

როგორც „მთავარი არხი“ გიორგი დვალიშვილზე დაყრდნობით იუწყება, ამ ფაქტის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, მას სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს, მოგვიანებით კი რეორგანიზაციის საბაბით, კადრების განყოფილებას გადასცეს.

გიორგი დვალიშვილი ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში იმედს გამოთქვამს, რომ სისტემა არ ჩაერთვება მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ის ბრძოლისთვის მზად არის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გუშინ, 23 იანვარს, საღამოს, ის პირადად შეხვდა გიორგი დვალიშვილსა და მის მეუღლეს, რომელიც ასევე შსს-ოს თანამშრომელია. დეკანოიძის თქმითვე, მას შემდეგ, რაც მან გიორგი დვალიშვილის საცხოვრებელი ბინა დატოვა, მას სადარბაზოსთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი დახვდა, რომელიც ტელეფონით იღებდა გიორგი დვალიშვილთან მისულ ყველა ადამიანს:

„მათ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მე მათ გვერდში დგომა აღვუთქვი. ამ დანაშაულის დაფარვაში ჩართული იყო ყველა. მინისტრი, მინისტრის ორი მოადგილე, ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური, რომელიც ახლა თავად არის შს მინისტრი. ამ დანაშაულის შესახებ იცის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ამ დანაშაულის დაფარვაში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები“.

გიორგი დვალიშვილმა თითქმის ექვსი წლის წინანდელი ფაქტის შესახებ პროკურატურას ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ მიაწოდა, რაც მას თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე დაუკავშირდა და კადრების გადაგზავნა მოსთხოვა. როგორც გიორგი დვალიშვილი ამბობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კახა ბუხრაძის წინააღმდეგ სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ფაქტზე. თუმცა, მისივე თქმით, საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული.

ყოფილმა პოლიციელმა 2019 წლის ოქტომბერში მიმართა სახალხო დამცველსაც. როგორც სახალხო დამცველის ოფისში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, სახალხო დამცველმა ფაქტზე მოკვლევა დაიწყო შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტზე და მოკვლევა კვლავ გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG