Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობის შეუძლებლობა


10 პოლიტიკურ პარტიას, რომელთა ლიდერებსაც სჯერათ, რომ ძალა ერთობაშია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთი, საერთო კანდიდატი ეყოლება.

„ძალა ერთობაშია“ - ასეც ჰქვია ათი პარტიისაგან შემდგარ სამოქალაქო მოძრაობას, თუმცა ძნელი არაა იმის განსაზღვრა, რომ მოძრაობის რეალური ძალა არა ერთობაში, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, რომლის რეიტინგი და უკანასკნელ არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობა ბევრად აღემატება დანარჩენი ცხრა პარტიის ხმებსა და ჯამურ რეიტინგს.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ გაერთიანებაში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა გამართლება, თუკი საერთო კანდიდატიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იქნებოდა დაკავშირებული. და მართლაც, სულ მალე, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს წევრმა პარტიებმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოძრაობა აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე კითხულობს დეკლარაციას
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ თავი შეიკავა პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ვინაობის დასახელებისგან, თუმცა შენიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება არა რომელიმე პარტიის ან გაერთიანების, არამედ მთელი ქვეყნის პრეზიდენტი.

ნიკა მელია: ჩვენი კანდიდატი იქნება ყველას პრეზიდენტი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:01 0:00

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ში შესვლით და საერთო კანდიდატის დასახელებით „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს ჰკარგავს: საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანება არ არის დაკავშირებული მანდატების განაწილების მტკივნეულ პროცესთან, შესაბამისად, „ნაციონალებს“ არც არაფრის დათმობა არ მოუწევთ, ამასთან „საერთო კანდიდატიც“ რეალურად მისი პარტიის კანდიდატი იქნება, რაც შენიშნა კიდეც მმართველის პარტიის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც გრიგოლ ვაშაძეს მოსკოვში მიღებული განათლება და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის წლები წამოაძახა.

ლევან გოგიჩაიშვილი გრიგოლ ვაშაძის "რუსულ წარსულზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:01:21 0:00

„ნაციონალური მოძრაობისათვის“ ასევე მნიშვნელოვანია, დარჩეს ყველაზე რეიტინგიან ოპოზიციურ ძალად. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ყოფილი მმართველი პარტიისთვის ამ გარემოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სხვა შემთხვევაში, ის ეცდებოდა, სხვა პარტიებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის გარშემო გაერთიანებას, რაც ერთი-ორად გაზრდიდა კონკურენციის ხარისხს, თუმცა წარმატების შემთხვევაში, ბევრს ვერაფერს მიიღებდა.

გადმოწერა

გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიები ვერ (არ) შემოიკრიბა, შესაბამისად, ვერც დიდი გაერთიანება შედგა. მოქმედმა პრეზიდენტმა რომ გამოთქვას არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ის მაინც ვეღარ იქნება საერთო-ოპოზიციური კანდიდატი (გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტს „ნამღერი სიმღერა“ უწოდა), მაგრამ საქმეც ისაა, რომ მას ჯერ არაფერი უთქვამს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

გიორგი ვაშაძე: მარგველაშვილი ნამღერი სიმღერაა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:03 0:00

გიორგი მარგველაშვილის მსგავსად არ ჩქარობს მმართველი პარტიაც.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ ჩქარობს იმის გამო, რომ არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად არ სჭირდება ხანგრძლივი და მასშტაბური PR კამპანია. „მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს რამდენიმე მიზეზის გამო: 1. ოპოზიცია დაქსაქსული და სუსტია. 2. ორგანიზაციული და ფინანსური მხარეც „ქართულ ოცნებას“ ყველაზე უკეთესად აქვს მოგვარებული“, - უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ ძაბირაძე საპრეზიდენტო არჩევნებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00
გადმოწერა

„ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებას შეიძლება არ ჩქარობდნენ კიდევ ერთი მიზეზის გამო - პრეზიდენტის ინსტიტუტის უმნიშვნელობის ხაზგასასმელად, რასაც აკეთებენ კიდეც ბოლო ხუთი წელია: უზღუდავენ უფლებამოსილებას პრეზიდენტს და ცდილობენ სასახლიდან მის გასახლებას. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, გადამწყვეტი ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა: თუკი არ მოსწონს პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ მოსწონს პრეზიდენტის სასახლის ადგილმდებარეობა, რა გასაკვირია, რომ მისი მოსაწონი კანდიდატის შერჩევაც გაჭირდეს? თანაც, ახალმა პრეზიდენტმა ხომ შეუძლებელი უნდა შეძლოს - თან იყოს და თან - არა!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG