Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგნოზები 2020 წლის არჩევნებისთვის


რა აჩვენა შუალედურმა არჩევნებმა? ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით საარჩევნო პროცესი ისევ ორპოლუსიანია, თუმცა მე-3 და მომდევნო ადგილებზე გასული პარტიებისგან 2020 წელს შესაძლებელია საპარლამენტო კოალიციები ჩამოყალიბდეს.

წინასწარი მონაცემებით, ხუთივე ქალაქში მერის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, მთაწმინდის დეპუტატის ასარჩევად კი, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება.

ირაკლი მელაშვილი
ირაკლი მელაშვილი

„ზუგდიდში ამომრჩეველმა სილა გააწნა სააკაშვილს და მთაწმინდაზე მინიმუმ „ყვითელი“ ამოუღო ივანიშვილს. სამწუხაროდ, ივანიშვილმა შავგულიძე პირად მტრად გამოაცხადა, როცა დაჯდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ გირგვლიანის საქმეზე თურმე მურუსიძე ყოფილა მართალი და შავგულიძე მტყუანი“, - ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები თითქოს დამაჯერებელია, ხელისუფლების გადარჩენის მთავარ ფაქტორად მაინც მიხეილ სააკაშვილი რჩება.

„სააკაშვილს საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი აქვს ანტირეიტინგი. სამწუხაროდ, ის ამას ვერ ხვდება და თავისი განცხადებებით ამ ანტირეიტინგს კიდევ უფრო ზრდის. ეს განცხადებები და კიდევ რამდენიმე შეცდომა გახდა რულოვსის დამარცხების მიზეზი“, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი კოსტანტინე კანდელაკი ფიქრობს, რომ თუ რამე რადიკალურად არ შეიცვალა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევა ისევ ორ ძალას შორის მოგვიწევს.

კოსტანტინე კანდელაკი
კოსტანტინე კანდელაკი

„მთაწმიდნდაზე მეორე ტური გახდა საჭირო. აქაც „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთობლივი კანდიდატები გავიდნენ. ფაქტობრივად, შავგულიძეს „ნაციონალური მოძრაობაც“ უჭერდა მხარს, ანუ თითქმის იგივე სურათია, მაგრამ მე-3 და მე-4 ადგილას გასულმა კანდიდატებმა ცუდი შედეგი არ აჩვენეს. თუ ამ ძალების კონსოლიდაცია მოხდა, შესაძლოა მესამე კონკურენტუნარიანი ძალა გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას, მაგრამ შეუძლიათ ბლოკში გაერთიანდნენ“, - ამბობსკოსტანტინე კანდელაკი.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ამომრჩეველთა რაოდენობამ მთაწმინდის უბანზე, აჩვენა, რომ მთაწმინდა, ფაქტობრივად, არ წავიდა არჩევნებზე, რითაც გამოხატა თავისი დამოკიდებულება პოლიტიკური ელიტის მიმართ.

გია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი

„ვინც წავიდა, ან ხათრით, ან სხვა რამის გამო. შუის გაკრეფა აქ, ზუგდიდისგან განსხვავებთ, ვერ მოხერხდა. 35-პროცენტიანი აქტივობის პირობებში ხმების 80 პროცენტი აიღეს.ეს ნიშნავს, რომ მათი ჯამური ლეგიტიმაცია არის, დაახლოებით, 25 პროცენტი. წესით, მეტ-ნაკლებად ნორმალური არჩევნები რომ ჩატარდეს, ხმების 60 პროცენტამდე სხვა პარტიებზე უნდა გადანაწილდეს. შესაბამისად, საარჩევნო კოალიციების ფორმირება გარდაუვალი გახდება“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ სამომავლოდ მცირე პარტიებმა უნდა იზრუნონ თავიანთი ამომრჩევლები მაქსიმალურად მოიყვანონ საარჩევნო ყუთებთან, რათა სამპროცენტიანი ბარიერის გადალახვა შეძლონ. ისინი ვარაუდობენ, რომ მომავალ პარლამენტში ბევრი პატარა პარტია მოხვდება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG