Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ახალი მიმართვა ძველი აქცენტებით


სევასტოპოლის ქუჩაში დიდი ეკრანი, სადაც პუტინის გამოსვლას აჩვენებენ. ყირიმი, 2023 წლის 21 თებერვალი
სევასტოპოლის ქუჩაში დიდი ეკრანი, სადაც პუტინის გამოსვლას აჩვენებენ. ყირიმი, 2023 წლის 21 თებერვალი

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის 2 საათის განმავლობაში კითხულობდა ყოველწლიურ მიმართვას, რომელიც წინა გამოსვლების მსგავსად სავსე იყო მილიტარისტული რიტორიკით და უხვი ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული აქცენტებით.

ნატო, აშშ და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება პუტინმა დაადანაშაულა თავისი უშუალო ბრძანებით, ერთი წლის წინ სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ დამანგრეველ ომში.

„მე მინდა ეს გავიმეორო - ეს მათ გააჩაღეს ომი, ჩვენ კი გამოვიყენეთ და ვიყენებთ ძალას იმისთვის, რომ ეს [ომი] შევაჩეროთ“, - თქვა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც დასავლეთის არაერთი ქვეყნის ლიდერის მოწოდების მიუხედავად, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარი სუვერენული უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აგრესიას აგრძელებს.

რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია?

ვლადიმირ პუტინის მიერ 21 თებერვალს გაკეთებული მიმართვის დასაწყისშივე ცხადი გახდა, რომ რუსეთის ლიდერი არც კი განიხილავს უახლოეს პერსპექტივაში უკრაინაში გაჩაღებული იმ ომის შეწყვეტას, რომელსაც სუვერენულ უკრაინაში დიდი ნგრევა და მსხვერპლი ახლავს. სამხედრო აგრესიის ერთი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ასაიდუმლოებს დანაკარგების შესახებ სტატისტიკას და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს უკრაინაში სპეცოპერაცია გეგმის თანახმად მიმდინარეობდეს.

„ერთი წლის წინ ჩვენს ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, - მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად გადავწყვეტთ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს“, - განაცხადა ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვაში პუტინმა, რომელმაც „დასავლური ელიტა“ და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე გამანადგურებელ ომში.

24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, რომელსაც რუსეთი სპეცოპერაციას უწოდებს.

რუსეთის არმია, რომელიც თავდაპირველად ელვისებური იერიშით კიევამდე თითქმის უბრძოლველად მივიდა, უკრაინის ორგანიზებული წინააღმდეგობის შემდეგ უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი და დიდი ძალების კონცენტრაციის მიუხედავად ვერ ახერხებს უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას და დონეცკის ოლქის პატარა ქალაქს ბახმუტზე კონტროლის დამყარებას.

„მოკლედ დავწერ, იმ დიდი ძალებით, რითაც უტევენ რუსები უკრაინულ პოზიციებს, ამ მომენტისთვის არსად არა აქვთ სერიოზული გარღვევა და წინსვლა. სადაც წაიწიეს, იქაც მხოლოდ კუს ნაბიჯებით, რამდენიმე ასეული მეტრით. რაც შეეხება ბახმუტს - იგი დგას მყარად! მე თვითონ გაკვირვებული ვარ, ერთი კვირის უკან იდგა საკითხი გასვლაზე, მაგრამ მოხდა პირიქით“, - წერს თავის ფეისბუკის გვერდზე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

გარდა ამისა, რუსეთის ჯარის შეტევები ჯერჯერობით წარმატებას ვერ აღწევს ვერც ლიმანის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.

ომის განმავლობაში აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას და ახლა უკვე ტანკებსაც.

პუტინის მიმართვამდე ერთი დღით ადრე, უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას და უკრაინელ ხალხს საჯაროდ დაჰპირდა 500 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საარტილერიო ჭურვები და სხვა შეიარაღება შევა.

დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში უკვე განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა, ნატოს გახლეჩდა და დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ შეცდა. უკრაინა ისევ თავისუფალი და დამოუკიდებელია, ნატო ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, რუსეთი კი - მსოფლიოსგან განდევნილად იქცა“, - განაცხადა 14 თებერვალს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ.

მაგრამ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი 21 თებერვალს გაკეთებულ თავის ყოველწლიურ მიმართვაში, კვლავ შეეცადა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ უკრაინაში ყველაფერი გეგმის თანახმად მიდის, ხოლო ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება შეუძლებელია.

მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ამ სიტყვებისა, სულ მცირე, არ სჯერა იმ ორ ათეულ მობილიზებულ რუს სამხედროს, რომლებმაც სულ ახლახან საჯარო მიმართვა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე ყოფნას, ციხეში ჩასხდომას ამჯობინებენ.

ლოიალური აუდიტორიისთვის განკუთვნილი მესიჯები

მოსკოვის „სტუმართა სასახლეში“ ვლადიმირ პუტინის მიმართვას ესწრებოდნენ რუსეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის დეპუტატები, ცენტრალური და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები, კრემლის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოსაწვევები არ მიუღიათ „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხილი მედიის წარმომადგენლებს.

ლოიალურად განწყობილი აუდიტორია მხურვალე ოვაციით შეხვდა პუტინის სიტყვებს ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე, რისთვისაც არც დასავლეთის სანქციები აღმოჩნდა ხელისშემშლელი.

„დასავლეთმა ჩვენ წინააღმდეგ გახსნა არა მხოლოდ საომარი და საინფორმაციო, არამედ ასევე ეკონომიკური ფრონტი, მაგრამ ვერსად ვერაფერს მიაღწია და ვერც მიაღწევს. მეტიც, სანქციების ინიციატორები თავის თავს სჯიან თავიანთ ქვეყანაში ფასების ზრდის, სამუშაო ადგილების დაკარგვის, საწარმოების დახურვისა და ენერგოკრიზისის პროვოცირებით და თავიანთ მოქალაქეებს ეუბნებიან, ამ ყველაფერს ვისმენთ, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე რუსები არიან“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.

დასავლეთის სანქციები, პუტინის თქმით, მხოლოდ საშუალებაა, მიზანი კი „ჩვენი მოქალაქეების დატანჯვაა - ასეთი ჰუმანურები არიან“.

პუტინის სიტყვებით, რუსეთის მოქალაქეების დატანჯვით დასავლეთს რუსეთში შიდა დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს, მაგრამ მათი გათვლები არ გამართლდა. „ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა და მართვის სისტემა გაცილებით მყარი აღმოჩნდა, ვიდრე ამას დასავლეთში მოელოდნენ“, - განაცხადა პუტინმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა გასული წლის თებერვალში, დასავლეთის ქვეყნებმა და იაპონიამ სანქციები დაუწესეს რუსეთის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს და ბანკებს.

2022 წელს კომპანიებმა და ადამიანებმა რუსეთის ბანკების ანგარიშებიდან სარეკორდო მოცულობის 251 მილიარდი დოლარი გაიტანეს.

სანქციების კიდევ ერთი გავლენა ისაა, რომ რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა, იტყობინება RBC. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში.

„უკრაინა არასოდეს გახდება რუსეთის მსხვერპლი“

ომის დაწყების წლისთავზე ვლადიმირ პუტინმა, რომელსაც ომის დამნაშავედ სულ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი მოიხსენიებს, აშშ-სა და ნატოს რუსეთის წინააღმდეგ მორიგ შეთქმულებაში დასდო ბრალი.

„მათ სურთ ჩვენი სტრატეგიული დამარცხება და თან ჩვენს ბირთვულ ობიექტებზე დაძვრებიან. ამიტომ დღეს იძულებული ვარ, განვაცხადო, რომ რუსეთი წყვეტს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ (ე.წ. ახალი START-ი) ხელშეკრულებაში მონაწილეობას“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავისი ყოველწლიური მიმართვის დროს. მაგრამ პუტინის გამოსვლიდან არ არის ნათელი, რა იგულისხმა და რით განსხვავდება ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება მისი დატოვებისგან.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქმე არ ეხება ხელშეკრულებიდან გასვლას, მაგრამ დაბრუნების პირობად დაასახელა მასში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მონაწილეობაც, რასაც ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებს.

რუსეთის ლიდერის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელმაც პუტინის გადაწყვეტილებას „დასანანი და უპასუხისმგებლო“ ნაბიჯი უწოდა. რუსეთის ლიდერს არსებული შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინის გადაწყვეტილება „შეიარაღების კონტროლის მთელი არქიტექტურის ლიკვიდაციას“ გამოიწვევს.

პუტინის განცხადება დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც. მისი სიტყვებით, რუსეთი შეგნებულად ანგრევს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მოსკოვი ახდენს ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილი უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს. მსგავსი ბრალდებები წაუყენა დასავლეთს პუტინმა თავის დღევანდელ მიმართვაში ფედერალური კრებისადმი.

ახალი START-ის შეთანხმება 2010 წელს იქნა მიღწეული. მისი მოქმედების ვადა 2026 წლის თებერვლამდეა. ის ითვალისწინებს საბრძოლო ქობინებისა და მათი მატარებლების რაოდენობის შეზღუდვას როგორც აშშ-ში, ისე რუსეთში, ასევე ერთმანეთის შემოწმებას და კონსულტაციებს.

ვლადიმირ პუტინის დღევანდელ მიმართვაზე კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა. მან „აბსურდული“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოს დასავლეთი აგრესიას ეწევა რუსეთის წინააღმდეგ. „რუსეთს არავინ ესხმის თავს“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა. მისი სიტყვებით, პუტინმა თავად აირჩია ომი, რომელიც შეიძლება შეწყდეს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს მის შეწყვეტას და ჯარების გაყვანას. ჯეიკ სალივანმა ეს განცხადება გააკეთა პოლონეთში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „სოლიდარობის და დემოკრატიის“ სიტყვა წარმოთქვა.

„უკრაინის ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენ კი, როგორც ადრე, კვლავაც ვიდგებით დემოკრატიის სადარაჯოზე. უკრაინა არასოდეს გახდება რუსეთის მსხვერპლი. ხოლო დიქტატორი, რომელიც თავის იმპერიის გარდაქმნას ცდილობს, ვერასოდეს მიაღწევს წარმარებას“, - განაცხადა ვარშავაში მყოფმა ჯო ბაიდენმა.

ვარშავამდე აშშ-ის პრეზიდენტი მატარებლით ჩავიდა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა და ახალ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.

„მე ვაცხადებ, რომ გაგრძელდება კრიტიკულად საჭირო იარაღის, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის გამანადგურებელი სისტემებისა და რადიოსალოკაციო საშუალებების მიწოდება, რაც უკრაინელებს საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმარება. ასევე ამ კვირის ბოლოს ჩვენ გამოვაცხადებთ დამატებით სანქციებს რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ სანქციებს ან დაეხმარონ რუსეთის სამხედრო მანქანას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა კიევში.

თებერვლის დასაწყისში აშშ-მა მოიწონა უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი, 2,2-მილიარდიანი პაკეტი. კიევი პირველად მიიღებს მაღალი სიზუსტის რაკეტებს GLSDB-ებს, რომელთა ფრენის რადიუსი 150 კილომეტრია. პაკეტი მოიცავს ასევე HIMARS-ის სისტემების ამუნიციას, ჯავშანტექნიკას, Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, Puma-ს უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Javelin-ებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG