Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი მილი: რუსეთმა განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი


ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი

რუსეთმა უკრაინაში განიცადა სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მარცხი. ამის შესახებ 14 თებერვალს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ.

24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

გენერალ მილის შეფასებით, პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინას სწრაფად დაამარცხებდა, ნატოს გახლეჩდა და დაუსჯელი დარჩებოდა, მაგრამ შეცდა. მარკ მილის განცხადებით, უკრაინა ისევ თავისუფალი და დამოუკიდებელია, ნატო ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, რუსეთი კი - მსოფლიოსგან განდევნილად იქცა. ამერიკელი გენერლის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.

გენერალი მარკ მილი თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფება ბრიუსელში, სადაც 14 თებერვალს დაიწყო ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების 2-დღიანი შეხვედრა. მისი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.

14 თებერვალს ბრიუსელში გაიმართა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მეცხრე შეხვედრაც. ჯგუფს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, აშშ ხელმძღვანელობს. ეს ფორმატი რამშტაინის სახელითაა ცნობილი, რადგან გასულ წელს, პირველი შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე ჩატარდა.

ბრიუსელში, პირველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საკონტაქტო ჯგუფის ყველა წევრ ქვეყანას და ნატოს. რეზნიკოვის ინფორმაციით, დატვირთული იქნება შეხვედრის მეორე დღეც და მეტ დროს დაუთმობენ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG