Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მზად ვართ გავიქცეთ და ციხეში აღმოვჩნდეთ, ოღონდ გადავრჩეთ“ - რუსი მობილიზებულები შველას ითხოვენ


კალინინგრადიდან მობილიზებულები.
კალინინგრადიდან მობილიზებულები.

კალინინგრადის რეგიონიდან მობილიზებულმა თორმეტმა სამხედრომ ცოტა ხნის წინ  რეგიონულ ხელისუფლებას გაუგზავნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი თავიანთ მძიმე ყოფას აღწერენ და შველას ითხოვენ.

სამშობლოში სამხედრო სამსახურის შესახებ დაპირების მიუხედავად, ისინი, როგორც მოიერიშე რაზმი, სარდლობამ დონბასში გაგზავნა. მობილიზებულები უარს ამბობენ ბრძანების შესრულებაზე და აცხადებენ, რომ მზად არიან ციხეში ჩასხდნენ, ოღონდაც ცოცხლები დარჩნენ. რადიო თავისუფლების პროექტ „სევერ.რეალიის“ ჟურნალისტებმა შეძლეს კალინინგრადელი მობილიზებულების ნათესავებთან დაკავშირება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები მოტყუებით გაგზავნეს.

„პირდაპირ აზრით სასაკლაოზე გვიშვებენ“

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, კამუფლირებულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და ნიღბით სახედაფარული მამაკაცები ჰყვებიან, რომ ისინი სამხედრო სამსახურში 2022 წლის ოქტომბერში გაიწვიეს.

მათ იცოდნენ, რომ უნდა ემსახურათ „ტერიტორიული თავდაცვის“ შემადგენლობაში და კალინინგრადის ოლქის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები დაეცვათ. მაგრამ მობილიზაციის შემდეგ, არაერთხელ შეაცვლევინეს დისლოკაციის ადგილი, ვიდრე ბოლოს დონეცკის ოლქში არ აღმოჩნდნენ. როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, მათ სამხედრო ბილეთებში ამის თაობაზე არანაირი აღნიშვნა არ არის გაკეთებული.

„ჩვენს ბატალიონს ტერიტორიული თავდაცვის ნაცვლად ქვეითი ჯარის ნაწილი უწოდეს. ანუ მოიერიშეებად გვაქციეს. ჩვენ უარს არ ვამბობთ დასახული ამოცანის შესრულებაზე, მაგრამ იერიშისთვის მზად არ ვართ! ჩვენს ბატალიონს უკვე აქვს დანაკარგი. ჩვენი სარდლობა შორს იმყოფება, კავშირი არ გვაქვს და ჩვენ, პირდაპირ მნიშვნელობით, სასაკლაოზე გვიშვებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე გვერეკებიან. გუშინ იერიშზე უნდა გავეშვით, მაგრამ ყველამ კოლექტიურად ვთქვით უარი“, - ამბობს ვიდეომიმართვაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ერთ-ერთი მობილიზებული.

კადრი ვიდეომიმართვიდან
კადრი ვიდეომიმართვიდან

სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეს“ მომხმარებელი, ფსევდონიმით ევგენი მორგანი, იტყობინება, რომ ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ვიდეოში ჩანს: „ჩვენ ამ ვიდეოსთვის კინაღამ ციხეში ჩაგვსხეს. ჩვენმა ოცეულმა 24 საათი ჰაუპტვახტში გაატარა. ხალხო, ეს [ვიდეო] ფეიკი არ არის, ეს არის ძახილი, დაგვეხმარეთ“, - წერს მორგანი.

„ტანკის და ავტომატის გარდა არაფერი გვაბადია“

„ვიდეოზე ჩემი ძმა ნიკოლაია. ის შემოდგომაზე გაიწვიეს, ხუთ იანვარს კი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გადაისროლეს. მეორე თვეა იქ იმყოფება“, - უთხრა „სევერ. რეალიის“ კალინინგრადის ოლქის მკვიდრმა ოლგამ. „დღეს ჩემმა ძმამ დამირეკა, იქ საშინელი სიტუაციაა, ბიჭებმა არ იციან რა გააკეთონ. ისინი ამბობენ, რომ არსებობს ორი ვარიანტი: ან სიკვდილზე წასვლა, ან გაქცევა და ციხეში ჩაჯდომა“.

ოლგას თქმით, მისი 24 წლის ძმა კონტრაქტით სამსახურის შემდეგ, თადარიგში იმყოფებოდა. როდესაც რუსეთში მობილიზაცია დაიწყო, კომისარიატიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ თავისი ნივთებით გამოცხადებულიყო. სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ უთხრეს, რომ სამსახურს კალინინგრადის ოლქში „ტერობორონაში“ (ტერიტორიული თავდაცვის ძალებში) გააგრძელებდა.

„მესაზღვრეების რაიონში ვცხოვრობ, 80 გამოძახება მოვიდა მეზობელ სოფელში. თითქმის ყველა ბიჭი წაიყვანეს და რამდენი უკვე მოკლეს, - ამბობს ოლგა, - მან გვითხრა: - "არ ინერვიულოთ, არსად გაგვაგზავნიან, აქ ვრჩებით". მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დაგვირეკა და გვითხრა, კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს და როგორც მობილიზებული ისე გამიწვიესო“.

ამ ხნის განმავლობაში მობილიზებულები ერთი ადგილიდან მეორეზე რამდენჯერმე გადაისროლეს. ამ მოძრაობის შესახებ ნიკოლაი თავის ოჯახს არაფერს ეუბნებოდა. მხოლოდ 5 იანვარს გახდა ცნობილი, რომ მობილიზებულები ბალტიისკიდან წაიყვანეს. მალე დამ საკუთარი ძმა ამოიცნო ვიდეომიმართვაზე, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა.

„უცებ გადავურეკეთ ერთმანეთს. მან ყველაფერი დაადასტურა. მითხრა: აქ ყველანი უბრალოდ შოკში ვართ. ჩვენ ბრძოლაში გვგზავნიან, სროლა არ შეგვიძლია - ბრძანება არ გვაქვს. ერთი ტანკი გვაქვს და ავტომატები. გვინდოდა უკრაინული ტანკის აფეთქება, მაგრამ ისევ არ გვაქვს ბრძანება. რა ხდება, არ ვიცით“, - იხსენებს ძმის მონაყოლს ოლგა.

„ვეკითხები: „გამოდის, თქვენ იქ როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე გიყენებენ-მეთქი“.

„კიო“, - მიპასუხა.

„ჩვენი მთავრობა შემდეგ იტყვის, ისინი გმირულად დაიღუპნენო. მაგრამ ამით არაფერი შეუმსუბუქდებათ არც დედებს და არც ბავშვებს. ადამიანები მზად არიან გაიქცნენ, მზად არიან ციხეში ჩასხდნენ, ოღონდ კი გადარჩნენ“, - დასძენს ოლგა.

იგი ერთადერთი არ არის, ვინც ვიდეოზე თავისი ნაცნობი აღმოაჩინა.

„ვიდეოზე მარცხნივ მეორე ჩემი მეგობარია. ის და კიდევ რამდენიმე კაცი გვარდეისკისთან ახლოს სამხედრო ნაწილში ჰყავდათ გარკვეული ხნის განმავლობაში, იქ არაფერი არ უსწავლებიათ. ახალი წლის შემდეგ კი ჯერ როსტოვში გაგზავნეს, იქიდან - მაკეევკაში, სადაც მათ ჩასვლამდე ორი დღით ადრე დიდი ტრაგედია დატრიალდა“, - აღნიშნავს სამხედრო მოსამსახურეების ვიდეოს კომენტირებისას რომან სპრატო. „მე მივწერე ყველა ძალოვან სტრუქტურას და პროკურატურის ორგანოებს, ყველა წერილი გადასამოწმებელად ოლქში იგზავნებოდა, აქ კი ყველაფერი იკარგებოდა. თუ რაიმე არ ვიღონეთ, ეს ადამიანები ცოცხლები ვერ გადარჩებიან“.

კალინინგრადის რეგიონის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ მობილიზებულების ვიდეოს თაობაზე ხელისუფლებამ უკვე მიმართა შეკითხვით რუსეთის თავდაცვის თავდაცვის სამინისტროს.

მსგავსი ისტორიები რუსეთში იშვიათი უკვე აღარ არის.

თებერვლის დასაწყისში ერთ კვირის განმავლობაში ინტერნეტში გავრცელდა სამხედროების სამი ვიდეომიმართვა, რომელშიც მობილიზებულები ჩივიან დანაკარგებზე, სამსახურის ცუდ პირობებსა და ცემაზე. ერთ-ერთი მიმართვა ირკუტსკის რეგიონიდან, მეორე სარატოვიდან მობილიზებულებმა ჩაწერეს. მესამე მიმართვა შოიგუსა და პუტინის სახელზე ხუთ თებერვალს, სავარაუდოდ, ტუვის რესპუბლიკიდან მობილიზებულმა ჩაწერეს: მასში მამაკაცები იმ ცემისა და მუქარის შესახებ ჰყვებიან, რომელსაც ისინი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციისგან იღებენ.

  • უფრო ადრე, გასული წლის ოქტომბერში, რუსეთის ვოლოგდის ოლქიდან მობილიზებულ რეზერვისტთა ცოლებმა და დედებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა ოლქის გუბერნატორის, ოლეგ კუვშინიკოვის სახელზე - ისინი უკრაინის ფრონტის ხაზიდან თავიანთი ნათესავების დაბრუნებას ითხოვდნენ.
  • „შეიარაღებიდან მათ მხოლოდ ავტომატები ჰქონდათ. ბიჭები უკრაინის არმიის მხრიდან მძლავრ და გამანადგურებელ საარტილერიო დაბომბვაში აღმოჩნდნენ. მათ უტევდნენ დრონებიდან და თავზე აცვიოდათ მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ფოსფორიანი ბომბები. ბიჭები აღმოჩნდნენ მომწყვდეულნი ცეცხლის ალყაში, მათ ხოცავდა როგორც მოწინააღმდეგე, ისე ჩვენი, რუსეთის არმია“, - ნათქვამია გუბერნატორისადმი ვოლოგდელ მობილიზებულთა დედებისა და ცოლების ვიდეომიმართვაში.
  • ანალოგიური მიმართვა, გასული წლის შემოდგომაზე, ვორონეჟიდან მობილიზებულთა ნათესავებმაც გაავრცელეს. მიმართვის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ მობილიზებული მოქალაქეები სარდლობამ გადაისროლა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოსთან, სადაც უკრაინის არმიის ინტენსიური იერიშის შედეგად ასობით რუსი სამხედრო დაიღუპა.
  • 21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა უკრაინის ტერიტორიაზევე ომის გასაგრძელებლად. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გავრცელდება მოქალაქეებზე, რომლებიც არიან თადარიგში, პრიორიტეტი კი მიენიჭებათ მათ, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ფრონტზე გაგზავნამდე, მობილიზებულებმა შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები რეგულარულად იტყობინებიან ხელისუფლების მიერ გამოცხადებული წესების დარღვევისა და იმის შესახებ, რომ მრავალი მობილიზებული სამედიცინო შემოწმებასაც კი არ გადის. ოქტომბრის დამდეგიდან მედია თითქმის ყოველდღე იუწყება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მობილიზებულ მოქალაქეთა დაღუპვის ფაქტებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG