Accessibility links

ჟურნალისტები და უფლებადამცველები - თავდასხმა პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო


14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებისას, ჰომოფობიურად განწყობილი კონტრაქციის მონაწილეების თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ ჟურნალისტები და უფლებადამცველები.

მათი ნაწილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 14 ივნისს, მათზე განხორციელებული თავდასხმებს და სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.

მათ შორისაა, „ლიბერალის“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი. კონტრაქციის მონაწილეები 14 ივნისს დაუპირისპირდნენ „ლიბერალის“ ჟურნალისტებს და მათ ტელეფონის დამტვრევით დაემუქრნენ. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებისგან მოითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან:

"დღეს ჟურნალისტებმა ვიმუშავეთ ძალიან მძიმე გარემოში - გვემუქრებოდნენ, ფიზიკურად იწევდნენ ჩვენსკენ. თუ ყველა იდენთიფიცირებული პირი არ დაისჯება ეს იქნება ძალიან სახიფათო გზავნილი ამ ადამიანებისთვის და ნიშნავს იმას, რომ მომავალ კვირა უარესი იქნება", - წერს ლიკა ზაკაშვილი სოციალურ ქსელში.

ჰომოფობიურად განწყობილი აქციის მონაწილეების თავდასხმის მსხვერპლი გახდა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი გიორგი დიასამიძეც. მას აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა, ძირს დააგდო და უყვირა: „დაგალეწო, გინდა ეგ ტელეფონი თავზე?“

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს TV პირველის კორესპონდენტს, სესილი ბოკერიას, რომელსაც აქციის მონაწილემ თმა მოქაჩა. ამ ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება TV პირველის ჟურნალისტი ინგა გრიგოლია:

კონტრაქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას, სამართალდამცველებმა კი მას დაცვის ნაცვლად ტერიტორიის დატოვება ურჩიეს: “ხომ ხედავთ, ყველაფერი აღიზიანებთ [იგულისხმება კონტრაქციის მონაწილეები]”.

მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ისმოდა კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მისამართით. გიორგი ბურჯანაძე მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ფსიქოლოგიურ წნეხსა და სამართალდამცავების გულგრილობაზე მიუთითებს ფეისბუქის პოსტში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე. ის ამბობს, რომ პოლიციამ კონტრდემონსტრანტებს ლგბტქი თემის წევრებისა და მათი მხარდამჭერების ოკუპირების საშუალება მისცა:

14 ივნისს, ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები,​ ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი; ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებს.

შსს-მ 14-15 ივნისის ღამეს კონტრაქციის 28 მონაწილე დააკავა. მათგან 7 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. 21-მა პირმა პოლიციის განყოფილება გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG