Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ჩრდ. კავკასიის ბიუროს ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს


რადიო თავისუფლების ჩრდილოეთი კავკასიის ბიუროს ჟურნალისტი ასლანბეკ დადაევი, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. დოკუმენტში, რომელიც მას საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე „დარიალი“ ჩაბარდა, მითითებულია, რომ „ის არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას ასლანბეკ დადაევი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ის არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში და პრობლემა არასდროს შეჰქმნია. მისივე სიტყვებით, ერთი თვის წინ ის პოლონელ ჟურნალისტებთან ერთად ჩავიდა პანკისის ხეობაში. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა შეამოწმეს მათი საბუთები. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ის თურქეთში წავიდა დასასვენებლად. ასლანბეკ დადაევის თქმით, პრობლემები თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო: „სტამბოლიდან ჩამოსვლის შემდეგ ქართველმა მესაზღვრეებმა დაიწყეს აქეთ-იქით რეკვა, ბჭობა. მე მათ ვუთხარი, რომ ორი დღით დავრჩები საქართველოში, შემდეგ წავალ ჩეჩნეთში და კვლავ დავბრუნდები თბილისში, რადგან აქ ვმუშაობ-მეთქი. თუმცა, ჩეჩნეთიდან ჩამოსული, საზღვრიდან უკან გამაბრუნეს. არც რადიო თავისუფლების მოწმობამ მიშველა და არც არაფერმა სხვამ. მითხრეს, მიმართეთ საელჩოსო“.

ამის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროდან გაიგზავნა წერილები. ათდღიანი მოლოდინის შემდეგ, ჟურნალისტმა კვლავ სცადა საქართველოში დაბრუნება, თუმცა, სასაზღვრო-გამტარი პუნქტიდან ის უკან, ჩეჩნეთში გააბრუნეს.

ჟურნალისტის აზრით, მისი საქართველოში არშემოშვების მიზეზი იმ ინტერვიუში იმალება, რომელიც მან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ჩაწერა.

„ეხო კავკაზა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მიზეზების გასარკვევად, რის გამოც ასლანბეკ დადაევმა ვერ მოახერხა საქართველოში დაბრუნება. თუმცა, დაპირებული პასუხი ვერ მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG