დედამიწის ყველა მონაცემთა ცენტრი ცალკე სახელმწიფოდ რომ შეგვეკრიბა, ის ელექტროენერგიის მოხმარებით მსოფლიოში მე-11 ადგილზე იქნებოდა - საფრანგეთსა და საუდის არაბეთს შორის.
ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას სულ უფრო მეტი მიწა, ელექტროენერგია და წყალი სჭირდება. მონაცემთა დამუშავების მსხვილი ცენტრები ყველგან შენდება: აშშ-ში, ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და უკრაინაში.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“ გიამბობთ, თუ რას წარმოადგენს მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მუშაობას უზრუნველყოფენ, და მართლა უქმნის თუ არა მათი მშენებლობა საფრთხეს დედამიწას?
როგორ არის მოწყობილი მონაცემთა ცენტრები
კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი უძველესი კომპანია, IBM, მონაცემთა დამუშავების ცენტრს ასე განმარტავს: „ფიზიკური სივრცე, შენობა ან ობიექტი, სადაც განთავსებულია IT-ინფრასტრუქტურა აპლიკაციებისა და სერვისების შესაქმნელად, გასაშვებად და მომხმარებლებისთვის მისაწოდებლად“.
ანალიტიკური პლატფორმა Statista-სა და სერვის Cloudscene-ის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 12 000 მონაცემთა ცენტრია.
აი, როგორ აღწერს მონაცემთა ცენტრს რუსეთის „ინტერნეტის დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი, IT-სპეციალისტი მიხაილ კლიმარევი:
„მონაცემთა ცენტრის სპეციალური შენობაა ჭერამდეა სავსე სხვადასხვა საინტერესო მოწყობილობით. ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და ყველაზე რთული ნაგებობებია პლანეტაზე, მეტალურგიულ ქარხანაზე უფრო რთული. მას აქვს მანქანათა დარბაზები, სადაც მთელი ეს მოწყობილობაა დამონტაჟებული. ასევე სპეციალური, საკომუნიკაციო დარბაზები, ქსელური მოწყობილობით. მონაცემთა ცენტრი ხომ ვაკუუმში არ არსებობს; მას სხვა ობიექტებთან და, ასე ვთქვათ, მომხმარებლებთან დაკავშირება სჭირდება, რომ ინტერნეტში მონაცემები გადასცეს. არსებობს ენერგიით მომარაგების სისტემაც. ესეც საკმაოდ რთული სქემაა. არის სპეციალური სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც ყველა ეს მონაცემთა ცენტრი ენერგიით მარაგდება. ისინი საიმედოობის მიხედვით იყოფა: Tier I, II და ასე შემდეგ“.
TIER მონაცემთა ცენტრების „საიმედოობის“ საერთაშორისო სტანდარტია. სულ ოთხი დონე არსებობს. მაგალითად, Tier I-ის დონის მონაცემთა ცენტრს შეიძლება ჰქონდეს სათადარიგო გენერატორი, თუმცა არ ჰქონდეს ელექტრომომარაგების სრულფასოვანი სარეზერვო მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვისას სისტემების მუშაობას უზრუნველყოფდა. საიმედოობის ყველაზე მაღალი დონის — Tier IV-ის — მონაცემთა ცენტრებში თითოეული სერვერისთვის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ელექტრომომარაგებისა და გაგრილების ორი სისტემა არსებობს, ამიტომ ერთი ავარია მის მუშაობას არ შეაფერხებს.
სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის „მოთხოვნილებებისთვის“ აშენებული მონაცემთა ცენტრები ჩვეულებრივი მონაცემთა დამუშავების ცენტრებისგან იმით განსხვავდება, რომ ისინი მნიშვნელოვნად მეტ ენერგიას მოიხმარენ და გაცილებით მძლავრ გაგრილების სისტემებს საჭიროებენ.
მიხაილ კლიმარევი განმარტავს, რომ ხელოვნური ინტელექტი „ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი გამოთვლაა“.
„მარტივად რომ ვთქვათ, რიცხვების ერთი სვეტი მეორეზე მრავლდება - და ეს კეთდება ძალიან, ძალიან ბევრჯერ“, - ამბობს ექსპერტი.
სპეციალიზებული პროცესორები - გრაფიკული ამაჩქარებლები, ანუ GPU-ები - რომლებიც ჰიპერმასშტაბურ მონაცემთა ცენტრების მოწყობილობებში გამოიყენება, ჩვეულებრივ სერვერულ პროცესორებზე ბევრად უფრო მძლავრია, რადგან მონაცემებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება უფრო სწრაფად შეუძლიათ.
IT-სფეროზე სპეციალიზებული ამერიკული კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია Gartner-ის პროგნოზით, 2027 წლისთვის ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი მოწყობილობები უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ყველა ტრადიციული, უნივერსალური სერვერი ერთად აღებული.
მონაცემთა ცენტრების სამი ეკოლოგიური „კვალი“
გაეროს უნივერსიტეტის წყლის, გარემოსა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის გარემოზე გავლენის შესახებ მოხსენებაში წერენ, რომ 2025 წელს მსოფლიოს მონაცემთა ცენტრებმა 448 ტერავატსაათი ელექტროენერგია მოიხმარეს, 2030 წლისთვის კი დაახლოებით 945 ტერავატსაათს - დახარჯავენ. შედარებისთვის, მთელ რუსეთში 2025 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ დაახლოებით 1200 ტერავატსაათი შეადგინა.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2024 წლის მონაცემებით, მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგებისთვის ქვანახშირი, გაზი და ბირთვული ენერგია გაცილებით ხშირად გამოიყენება, ვიდრე განახლებადი წყაროები - მაგალითად, მზის პანელები ან ქარის ელექტროსადგურები.
ამასთან, „სუფთა“ ენერგიაზე გადასვლაც კი ვერ გადაჭრის იმ ეკოლოგიურ პრობლემას, რომლის მონაცემთა ცენტრებს მოაქვთ. გაეროს უნივერსიტეტის წყლის რესურსების, გარემოსა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის სპეციალისტები ამბობენ, რომ ადრე გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად ყურადღებას ძირითადად ნახშირორჟანგის (CO₂) ემისიებზე ამახვილებდნენ. ახლა კი მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს მიდგომა არასწორია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რა რაოდენობის წყალი გამოიყენება ცენტრების მუშაობისას და რა ფართობს იკავებს მათი ინფრასტრუქტურა, მაგალითად, რამდენიმე მსხვილი ხელოვნური ინტელექტის დატა-ცენტრის ენერგომომარაგებისთვის საჭიროა 400 ჰექტარი მიწა მზის პანელებით დაიფაროს.
თუმცა მთავარი რესურსი, მაინც წყალია. ეს განახლებადი რესურსია, მაგრამ პლანეტაზე მისი დაბინძურების დონეც იზრდება და მოხმარებისაც.
მონაცემთა ცენტრებში დამონტაჟებული აღჭურვილობა სიმძლავრით მილიონჯერ აღემატება ჩვეულებრივ კომპიუტერს და მოითხოვს არა მხოლოდ უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგიას, არამედ გარკვეული ტემპერატურის შენარჩუნებასაც, რათა არ გადახურდეს. გასაგრილებლად შეიძლება გამოიყენონ ჰაერი, ფრეონი ან წყალი. რაც უფრო მძლავრია მონაცემთა ცენტრი, მით მეტი ენერგია იხარჯება ტემპერატურის შესამცირებლად. წყლით გაგრილების სისტემა ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ დღეს მსხვილი მონაცემთა ცენტრები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მუშაობისთვის განკუთვნილი, ხშირად სწორედ მას იყენებენ.
უნივერსიტეტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ GPT-5-ის მოდელის გაწვრთნასთან (პროცესი, როცა ხელოვნური ინტელექტის მოდელს დიდი რაოდენობით მონაცემებზე ავარჯიშებენ, რათა მან ისწავლოს ტექსტის, ენისა და სხვადასხვა ამოცანის დამუშავება რ.თ.) დაკავშირებული წყლის მთლიანი ხარჯი 1 მილიარდი ლიტრია. საყოფაცხოვრებო წყლის ეს რაოდენობა სუბსაჰარულ აფრიკაში 135 000-ზე მეტ ადამიანს მთელი წელი ეყოფოდა.
ეკოლოგი ვლადიმირ სლივაკი აღნიშნავს: „პლანეტაზე მტკნარი წყლის მარაგები მცირდება. რაც უფრო მეტ წყალს გამოვიყენებთ მანქანების გასაგრილებლად, მით უფრო დაზარალდებიან ადამიანები. წყალს უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ კომპიუტერების სხვა გზით გაგრილება“.
მონაცემთა ცენტრები და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია რუსეთში, უკრაინასა და აშშ-ში
იმის გამო, რომ არ არსებობს ერთიანი ბაზა და ინფორმაციის გადამოწმების ერთიანი კრიტერიუმები, მონაცემთა ცენტრების დათვლა რთულია. მაგალითად, პლატფორმა Cloudscene-ის მონაცემებით, 2026 წლის ივნისისთვის რუსეთში 251 მონაცემთა ცენტრია, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი პორტალი Datacentermap და პლატფორმა Statista - დაახლოებით 190 ცენტრს ითვლიან.
ცენტრების ენერგომომარაგებისთვის რუსეთი ძირითადად ქვანახშირსა და გაზს იყენებს.
უკრაინაში, Cloudscene-ის შეფასებით, 58 მონაცემთა ცენტრი ფუნქციონირებს, Statista-ის შეფასებით - 36.
ყველაზე მეტი მონაცემთა ცენტრი, მათ შორის ისინიც, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ემსახურება, კვლავ აშშ-შია - 4 000-ზე მეტი.
The Guardian-ის შეფასებით, უახლოეს წლებში აშშ ლიდერი იქნება მონაცემთა ცენტრების მუშაობისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების კუთხით. ქვეყანაში ცენტრების ენერგომომარაგების ერთ-ერთი მთავარი წყარო ბუნებრივი აირია. კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაცია Global Energy Monitor-ის ანგარიშის თანახმად, თუ ბოლო წლებში დაგეგმილი გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობის ყველა პროექტი განხორციელდა, მათი დღევანდელი სიმძლავრე თითქმის 50%-ით გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გაზრდის CO₂-ის ემისიებს. დაგეგმილი სიმძლავრის მესამედზე მეტი მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგებისთვის უნდა გამოიყენონ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ბევრი წიაღისეული რესურსი აქვს, კომპანიები ასევე ინვესტიციას დებენ ისეთ ენერგიებში, რომლებშიც ნახშირბადის ემისია ნულოვანია. მაგალითად, კორპორაცია Meta-მ ოჰაიოში მდებარე თავისი AI- მონაცემთა ცენტრისთვის ბირთვული ენერგიის მიმწოდებელ კომპანიებთან გააფორმა შეთანხმება. Google-მა ტეხასის ცენტრებისთვის მზის ენერგიის მიწოდებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. Microsoft-მა ხელშეკრულება დადო, რომ 2030 წლისთვის აშენდება დიდი სიმძლავრის „სუფთა“ ენერგიის ინფრასტრუქტურა. ის აშშ-სა და ევროპაში მდებარე მონაცემთა ცენტრებს CO₂-ის ემისიების შემცირებაში დაეხმარება.
მონაცემთა ცენტრების მიერ ენერგიის მოხმარების მიხედვით, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე ჩინეთია.
როგორ მოქმედებენ მონაცემთა ცენტრები იმ რეგიონებზე, სადაც ისინი შენდება
აშშ-ში, ფორდჰემის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორი მარკ კონტე მიიჩნევს, მონაცემთა ცენტრებს ხშირად ისეთ ადგილებში აშენებენ, სადაც ხარჯი დაბალია, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის რისკები - მაღალი.
„კომპანიებს საკუთარი ხარჯების მინიმიზაცია ძალიან კარგად გამოსდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა ფარგლებში შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას - თუნდაც დროებით. ცდილობენ ისეთ ადგილებში განთავსდნენ, სადაც ნაკლები ხარჯი ექნებათ. მაგრამ ბევრგან, სადაც მუშახელი და ელექტროენერგია იაფია, ბუნებრივი კატასტროფების რისკიცაა. ამასთან, ისინი სამხრეთში მდებარეობს, სადაც ისედაც ცხელა და, შესაბამისად, გაგრილებისთვის მეტი ენერგიაა საჭირო“.
Microsoft აქტიურად დებს ინვესტიციებს სამხრეთ აფრიკის მონაცემთა ცენტრებში - იქ მშენებლობის ხარჯები ამერიკასა და ევროპასთან შედარებით დაბალია და ელექტროენერგიაც - იაფი, თუმცა დეფიციტია წყალი. ინდუსტრიის სხვა ლიდერები, მათ შორის Amazon და Google, დებენ ინვესტიციებს ევროპაში, აშშ-სა და ავსტრალიის მშრალ რეგიონებში. მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს: მაგალითად, უფრო მარტივია ელექტროგადამცემ ქსელებთან დაკავშირება, დაბალია მიწის ფასი, ან მშენებლობის ნებართვის აღება არ ჭირს.
მარკ კონტეს ვარაუდით, მონაცემთა ცენტრების მშენებლობის ადგილებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება იყოს: „ზოგიერთი მათგანის უფრო ცივ რეგიონებში განთავსება, სადაც გამოყოფილ სითბოს უფრო გონივრულად გამოვიყენებდით“.
ეკოლოგი ვლადიმირ სლივაკი განმარტავს, რომ მონაცემთა ცენტრებისგან გამოყოფილი სითბო კლიმატზე უარყოფითად იმოქმედებს, მიუხედავად მათი მდებარეობისა:
„მონაცემთა ცენტრები უზარმაზარ რაოდენობის ენერგიას „ყლაპავენ“. ეს ენერგია ძირითადად წიაღისეულის დაწვით გამომუშავდება. რაც მეტი ცენტრი იქნება, მით მეტი ქვანახშირი, ნავთობი და გაზი დაიწვება. ეს, რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებას დააჩქარებს. იქმნება ადგილობრივი პრობლემებიც, მონაცემთა ცენტრები მათ გარშემო, შესაძლოა ათეულობით კილომეტრის რადიუსშიც კი, ჰაერის ტემპერატურას ზრდიან“.
მიხაილ კლიმარევის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი ინვესტიციებისა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მალე ვეღარ შეძლებს მძლავრი ცენტრების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
„ძალიან დიდი, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნაა. ახლა კი სწორედ ჭერს მივადექით, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ელექტროსადგურის აშენება მიკროჩიპების წარმოების ქარხნის აშენებაზე რთულია. რატომ? ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა, მეტ დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. ერთი გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავებას შესაბამისი რაოდენობის გაზი და ნავთობი სჭირდება, ან ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც ორ დღეში ვერ ააშენებ. ამიტომ ამერიკაში ისევ გაიხსენეს ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ძველი პროექტები. ელექტროენერგია სადღაც უნდა მოიპოვო - ის თავისით არ გაჩნდება“.
მსხვილი ამერიკული კომპანიები, მათ შორის Google და Amazon, აცხადებენ, რომ ნაწილობრივ ბირთვულ ენერგიაზე გადასვლას გეგმავენ. ეს გეგმები მოიცავს უკვე დახურული ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამოქმედებას და მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების (SMR) გამოყენებას. მათი სიმძლავრე ჩვეულებრივ ატომურ ელექტროსადგურებთან შედარებით დაახლოებით ორი მესამედით ნაკლებია. მათი განთავსება შესაძლებელია ისეთ ადგილებში, რომლებიც სრულმასშტაბიანი ატომური ელექტროსადგურებისთვის არ გამოდგება.
ეკოლოგი ვლადიმირ სლივაკი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ინდუსტრია მთლიანად „მწვანე“ ენერგიაზე ვერ გადაერთვება და ატომურ ენერგიაზე გადასვლა მონაცემთა ცენტრების კლიმატზე გავლენის პრობლემას ვერ გადაჭრის:
„ყველაფერი წიაღისეულ საწვავზე დარჩება, ასე სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია. მსოფლიოში უბრალოდ ძალიან ბევრი წიაღისეული საწვავი გამოიყენება. რაც შეეხება ატომურ ელექტროსადგურებს, აქ უნდა გვესმოდეს, რომ მათი ენერგია მწვანე არ არის. წარმოიქმნება ნარჩენები, რომლებიც ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის მომაკვდინებელია. რაც შეეხება განახლებად ენერგეტიკას, დღეს ის ელექტროენერგიის წარმოების ყველაზე ეკოლოგიური გზაა. პირველ რიგში, ქარისა და მზის ენერგიები. ეს, რა თქმა უნდა, ვერ გადაჭრის ცენტრების მიერ გამოწვეული მნიშვნელოვანი თერმული დაბინძურების პრობლემას, მაგრამ, შეუძლია სათბურის აირების ემისიების საკითხი გადაწყვიტოს“.
ოკეანეში და ორბიტაზე - როგორ ცდილობენ კომპანიები პრობლემის გადაჭრას
2018 წელს Microsoft-მა წამოიწყო პროექტი Natick, რომლის ფარგლებშიც ჰერმეტულ კონტეინერში მოთავსებული მონაცემთა ცენტრი შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ორკნის კუნძულების სანაპიროსთან, დაახლოებით 36 მეტრის სიღრმეზე განთავსდა. წყალქვეშა ცენტრის ენერგიის დიდი ნაწილი მზის პანელებსა და ქარის ტურბინებზე მოდიოდა.
ეს წარმატებული პროექტი იყო: ორ წელიწადში 850-ზე მეტი სერვერიდან მხოლოდ რვა გამოვიდა მწყობრიდან. Natick-ის ხელმძღვანელი ბენ კატლერი BBC-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ წყალში სისტემის მწყობრიდან გამოსვლის მაჩვენებელი ხმელეთთან შედარებით რვაჯერ დაბალია. 2024 წელს Microsoft-მა პროექტი დახურა, თუმცა აღნიშნა, რომ მის შედეგებს ახალ ინიციატივებში გამოიყენებს.
Natick-ის მსგავსი პროექტები ჩინეთშიც ხორციელდება - აქ პირველი წყალქვეშა სერვერი 2021 წელს წარადგინეს.
Amazon-ს, Google-სა და SpaceX-ს უნდათ მონაცემთა ცენტრები კოსმოსში განათავსონ. თუმცა კოსმოსური რადიაციის პრობლემა, რომელიც ელექტრონიკას სწრაფად აზიანებს, ასევე გაგრილებისა და თანამგზავრებთან მუდმივი კავშირის პრობლემები, ჯერჯერობით გადაუჭრელია.
ორბიტული დატა-ცენტრების მშენებლობას ჩინეთიც გეგმავს.
2026 წლის ივლისში ეკოლოგიურმა და სამეცნიერო ორგანიზაციებმა, აშშ-ის ფედერალურ კომუნიკაციების კომისიაში პეტიცია შეიტანეს, მოთხოვნით არ განეხილათ განცხადება ორბიტული მონაცემთა ცენტრების შექმნაზე. მათი თქმით, ცენტრების შესაქმნელად საჭირო თანამგზავრების რაოდენობა კოსმოსური ნაგვის პრობლემას გაამწვავებს და შესაძლოა დედამიწის ოზონის შრეც დააზიანოს.
გაეროს ანგარიშში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას ეხება, ავტორები გვთავაზობენ იმ პრინციპების ჩამონათვალს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და განვითარებისთვის არის საჭირო: გამჭვირვალობა და მონაცემთა ცენტრების ნახშირბადული, წყლისა და მიწის კვალის შესახებ ანგარიშგების გამოქვეყნება - ამჟამად კომპანიები ამ მონაცემებს ხშირად მალავენ.
გარემოსდაცვითი მაჩვენებლები მონაცემთა ცენტრების დაპროექტების ეტაპზევე უნდა იყოს გათვალისწინებული. ასევე ისიც, რომ მონაცემთა ცენტრების მშენებლობით ერთი რეგიონი შეიძლება სარგებლობდეს, მეორე კი, მაგალითად, ის, სადაც გვალვაა, პირიქით.
კომპანიებმა და სახელმწიფოებმა ინდუსტრიის გარემოზე გავლენა მიკროჩიპების წარმოებისთვის გამოყენებული მასალების მოპოვების დროსაც უნდა გაითვალისწინონ. აუცილებელია ნარჩენების უტილიზაციაზე კონტროლის დაწესებაც.
გაეროში ასევე გვთავაზობენ შეიქმნას მონაცემთა ცენტრების ეკოლოგიური კვალის გამოთვლის ერთიანი სტანდარტები, ხოლო ორგანიზაციებისა და მომხმარებლებისთვის დაინერგოს „შესაბამისი ინსტრუმენტის“ პრინციპი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ენერგია საჭიროზე მეტი არ დაიხარჯოს.
ფორუმი