Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს ინიციატივა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ?


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ 15 იანვარს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პრინციპს ითვალისწინებს.

არამოსამართლე წევრების მიერ შეთავაზებული წინადადება ხუთ ძირითად პრინციპს ეფუძნება,რომლის მიხედვითაც უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის მოსამართლეები უნდა შეირჩეს. ესენია:

  • საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადება;
  • ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება;
  • გასაუბრების ღიად ჩატარება;
  • გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღება.

​ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს გაითვალისწინებს: „მე და ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლის მეორე ეტაპი დავიწყეთ. პარლამენტში შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ხუთ აუცილებელ პრინციპს მოიცავს და რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამ ხუთ პრინციპში მთავარი არის ის, რომ იუსტიცის საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთხმად. ანუ ყველა წევრმა და არა მხოლოდ მოსამართლე წევრებმა და პარლამენტის მიერ დანიშნულ მოსამართლეებთან ალიანსში მყოფმა წევრებმა მისცენ ხმა კანდიდატებს. ეს ყველაფერი როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, იმგვარად უნდა იყოს, გამჭვირვალედ. ეს პროცესი უნდა ნახოს ყველამ, ზუგდიდში თუ სიღნაღში და ყველა კვალიფიციურ იურისტს უნდა ჰქონდეს საშუალება ღია კონკურში მიიღოს მონაწილეობა".

ნაზი ჯანეზაშვილის სიტყვებით, მათ მიერ მომზადებული პროექტი არის საბაზისო და თუ ვინმეს უნდა ცვლილებების განხორციელება, უნდა დაუჭიროს მხარი მასში წარმოდგენილ ინიციატივებს: „ვთავაზობთ კონკურსის გამოცხადების შემოღებას, ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტის შემოღებას, ასევე საჯარო გასაუბრებას და ვთავაზობთ, რომ შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც შევლენ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია შეიქმნას დამატებითი რგოლი, რომელიც მოამზადებს დამოუკიდებელ დასკვნას და რომელიც იქნება საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით პროცესს, შესაძლებლობა ექნება ნახოს, თუ რა მოსაზრებებია ამ თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით“.

12 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოსამართლეების არჩევისთვის პარლამენტში შემუშავდება პროცედურა და კრიტერიუმები და ამის საფუძველზე გაგრძელდება მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. ამ გადაწყვეტილებას ნაზი ჯანეზაშვილმა 12 იანვარს „შუალედური გამარჯვება“ უწოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები, გაიწერება სამუშაო ჯგუფის და საპარლამენტო ფორმატებით.

„ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურაზე და კრიტერიუმებზე, რასაც ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, „სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა გასული წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG